ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

„უკრაინაში პოლიტიკამ გაიღვიძა: ზელენსკი ფრთხილად უნდა იყოს. იგი საკადრო ცვლილებებს კორუფციული სკანდალის ფონზე ახორციელებს, სამშვიდობო მოლაპარაკების გადამწყვეტ მომენტში“ - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - მეთიუ კონსტანი), რომელშიც განხილულია უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა.

პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობას ცვლიდა, მაგრამ საკვანძო სამინისტროების ხელმძღვანელთა ადგილები ვაკანტური რჩებოდა - მინისტრად მუშაობა არავის უნდოდა. მიზეზი ისაა, რომ თანამდებობის პირებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც შეიძლება მათი დაპატიმრებით დასრულდეს. არის კიდევ პოლიტიკური არასტაბილურობის მომენტიც: აშკარაა, რომ მინისტრთა კაბინეტი დიდხანს ვერ გაძლებს და მას ისევ განახლება დასჭირდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკება კრიტიკულ წერტილზეა გაჩერებული, უკრაინა ხელისუფლების ვაკუუმის წინაშე აღმოჩნდა - კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელმაც პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა.

ქვეყანა, პრაქტიკულად, პერმანენტულ კრიზისშია ჩაძირული: გამუდმებული დაბომბვების გამო არ ხდება ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება, შეფერხებულია მოსახლეობის მომარაგება წყლით, სურსათ-სანოვაგით, საწვავით... ახლა კიდევ ამ ყველაფერს სამთავრობო კრიზისიც დაემატა: უკრაინას არ ჰყავდა ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი... ბოლო მომენტამდე ვაკანტური რჩებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაც, სანამ გათავისუფლებული ანდრეი ერმაკის ნაცვლად მის ადგილზე ვინმე არ დაინიშნებოდა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამალებით ეძებდა კორუმპირებული მინისტრების შემცვლელებს და როგორც იქნა ვაკანსიების შევსება დაიწყო... ახალი დანიშვნები იმის სიმპტომია, რომ ქვეყნის მეთაური, რომელიც სარგებლობდა მოსახლეობის დარაზმულობით, თითქმის ოთხწლიანი ომის განმავლობაში, ახლა ვალდებულია, მოსახლეობასაც მოუსმინოს.

უკრაინის პოლიტიკამ, შეიძლება ითქვას, გამოცოცხლება დაიწყო. ბევრად არის დამოკიდებული უკრაინის მომავალი იმაზე, თუ როგორ გაუძღვება სკანდალების შედეგად შექმნილ სიტუაციაში საქმეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე უხდება - სისხლიანი ბრძოლის ველით დაწყებული, დიპლომატიურ-პოლიტიკური ბრძოლის ჩათვლით.

პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში გამეფებული გაურკვევლობისა და თანამდებობების რეპუტაცია-ავტორიტეტის შელახვის გამო, ბევრი მაღალჩინოსანი თავს არიდებს მინისტრის პოსტების დაკავებას. დეკემბერში დავით არახამიამ, მმართველი პარტიის - „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ვერხოვნა რადაში, ირონიულად შეაფასა სიტუაცია გასული წლის ბოლოს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე: „ჩვენ ვეძებთ მინისტრებს. ვინ არის მსურველი, ხელი აწიეთ“.

კაცმა რომ თქვას, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზი აქვს: რადგანაც სამშვიდობო პროცესი ბოლო ხანებში დაჩქარდა, ინტენსიური მოლაპარაკებებითა და შეხვედრებით, დღის წესრიგში დგება არჩევნების ჩატარების დაგეგმვა. ბუნებრივია, ცოტა თუ ვინმე არის მზად მხოლოდ რამდენიმე თვით იყოს მინისტრი. როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

„ამჟამად გარკვეული გარდამავალი პერიოდია ხელისუფლების სისტემაში", - თვლის ალექსანდრე მერეჟკო, მმართველი პარტიის წევრი, პარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, - " ადამიანები, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ელოდებიან, რომ დაინახონ, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ყოველი მიმართულებით“.

იმ პოლიტიკური მაქინაციების შუქზე, რომლებიც დღეს კიევში ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე სამხედრო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის - კირილ ბუდანოვის დანიშვნამ აიძულა ბევრი უკრაინელი, შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაში გარკვეულიყო.

კირილ ბუდანოვი უკრაინაში ძალზე პოპულარულ პიროვნებას წარმოადგენს. მისი სახელი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საიდუმლო [და საკმაოდ წარმატებულ] ოპერაციებს უკავშირდება. სხვათა შორის, იყო მომენტი, როცა კირილ ბუდანოვის კანდიდატურა ვოლოდიმირ ზელენსკის მეტოქედ განიხილებოდა, იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, უკრაინის გმირის, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვის დანიშვნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად მისთვის „ფრთების მოჭრად“ შეაფასა, ზოგიერთებმა კი ჩათვალეს, რომ ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, სამომავლო პოლიტიკური მემკვიდრის მომზადების მიზნით.

ამასთან, როგორც ამბობენ, უფრო უშუალო მიზნად კი შეიძლებოდა ის ყოფილიყო, რომ გენერლის დანიშვნით აშშ-ისთან მოლაპარაკების დროს კიევის პოზიცია უმჯობესდება: კირილ ბუდანოვმა სწავლება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) პროგრამით გაიარა და ამერიკელებთან მჭიდრო კონტაქტები აქვს.

შედარებით იოლად მოგვარდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის საკითხიც - ახალი მინისტრი მიხეილ ფედოროვი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის სანდო პიროვნებას წარმოადგენს, ისინი ერთად იყვნენ 2019 წლის საარჩევნო კამპანიის დროს.

ყველაზე ძნელი იყო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კანდიდატის შერჩევა. გამუდმებული დაბომბვებით ქვეყნის ენერგოსისტემა დანგრეულია, ენერგეტიკაზე კი თითქმის ყველაფერია დამოკიდებული, თანაც - შუა ზამთარში, როცა მოსახლეობას სინათლე და სითბო სჭირდება. საბოლოოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა ყოფილ პრემიერ-მინისტრს - დენის შმიგალს, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელობაზე დათანხმებულიყო.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო თვლის, რომ მიზეზი, რის გამოც ვოლოდიმირ ზელენსკი სირთულეების წინაშე დადგა, ენერგეტიკის მინისტრის კანდიდატურის ძიების დროს, გამოიხატება იმაში, რომ ამ თანამდებობის დაკავება ნამდვილად არავის სურდა: „ყველა პოტენციურმა კანდიდატმა კატეგორიული უარი განაცხადა“.

ექსპერტის თქმით, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა ძალიან საშიშია შემდგომი კარიერისათვის - იმიტომ, რომ მინისტრს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ სფეროში უამრავი პრობლემაა, საკმარისია ერთი უნებლიე შეცდომაც და რეპუტაცია და ბიოგრაფია უკვე „დალაქავებული გაქვს“.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დაკავება შესთავაზეს სერგეი კორეცკის, უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელს - ეს უწყება საკმაოდ კარგად მუშაობს, გაზის მწვავე დეფიციტის პირობებში, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა. ასევე, არ მოისურვა მინისტრის პოსტის დაკავება ანდრეი გერუსმა, ვერხოვნა რადას ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ალექსანდრე მერეჟკოს თქმით, ახლა ისეთი პერიოდია, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება მთავრობის უფლებამოსილება, ამიტომ წინასწარ ბევრი თავს არიდებს მაღალ, მაგრამ ერთობ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას.

ასევე დაგაინტერესებთ: შიში და გაურკვევლობა კარაკასში - რა ხდება ვენესუელაში, რომლის პრეზიდენტი 3 იანვარს "მოიპარეს"

10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?!

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

"რატომ აშენებს სომხეთი მსოფლიოში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალ ძეგლს?!" - Der Spiegel

უკრაინაში თითქმის 7 წელია, 2019 წლიდან არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა - არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი. სამხედრო მდგომარეობის გამო, რომელიც 2022 წელს იქნა შემოღებული, ქვეყანაში არჩევნების გამართვა აკრძალულია. თუ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, მოსალოდნელია სამხედრო მდგომარეობის გაუქმება და არჩევნების ოპერატიულად ჩატარება.

დავუბრუნდეთ ისევ მთავრობის დაკომპლექტების საკითხს.

მართალია, პრეზიდენტმა მოახერხა ვაკანსიების შევსება, მაგრამ მინისტრების დანიშვნა პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, რომელიც იანვრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ეს არცთუ იოლი საკითხია, თუმცა თავდაპირველად ასეთად ითვლებოდა. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში პარლამენტში მთავრობის დამტკიცება ფორმალურ საკითხად ითვლებოდა - პრეზიდენტის პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით სარგებლობდა და ყველა საკითხს უმტკივნეულოდ წყვეტდა. ბოლო დროს კი პრეზიდენტის პარტიის მონოლითს ბზარები შეეპარა - ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლებმა მექრთამეობის ფაქტები გამოავლინეს: თურმე, კენჭისყრის დროს ხმების მოსყიდვა ხდებოდა. გვარები არ დასახელებულა, მაგრამ უკრაინულ მასმედიაში გაჟღერდა, რომ ამ საქმეში „ხალხის მსახურებიც“ იყვნენ ჩაბმულნი. საბოლოოდ დეპუტატებმა აღიარეს, რომ მათ მართლაც დაუშვეს დარღვევები, თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს შეგნებულად და წინასწარ განზრახულად არ მომხდარა და არც ქრთამი არ აუღიათ. ასეა თუ ისე, ამ ფაქტმა პარტიაში განხეთქილება შეიტანა. ზოგიერთმა „ხალხის მსახურმა“ დეპუტატმა თავისივე პარტიის კრიტიკა დაიწყო და პრეზიდენტის ოფისიდან დისტანცირება მოახდინა. ანუ პარლამენტში ახალი მინისტრების დამტკიცების დროს შესაძლოა, დეპუტატებს შორის მოწინააღმდეგეები, ადრინდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტნი იყვნენ.

რასაკვირველია, ვერხოვნა რადაში კომპრომისული სიგნალებიც გაისმის. მაგალითად, წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ენერგეტიკის და თავდაცვის მინისტრების პოსტზე დანიშნული პირების მიმართ რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოთქმული არ იქნება, ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან..

„ვხედავთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კანონმდებლებს უკვე აქტიურად გვისმენენ და ჩვენს აზრს ითვალისწინებენ“, - კომენტარს უკეთებს სიტუაციას ალექსანდრე მერეჟკო, - "ვერხოვნა რადა უკვე აღარ არის ის ორგანო, რომელიც მდუმარედ უჭერდა მხარს [მთავრობის] საკანონმდებლო ინიციატივებს და ხმას არ იღებდა. სიტუაცია შეიცვალა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო