ნიკოლას მადუროს შვილი: "მისტერ ტრამპ, ჩვენ თეთრ სახლს ავიღებთ!" - რა მოხდება, თუ ვენესუელას ხელისუფლება "დიდ დონალდს" არ დაემორჩილება?! - კვირის პალიტრა

ნიკოლას მადუროს შვილი: "მისტერ ტრამპ, ჩვენ თეთრ სახლს ავიღებთ!" - რა მოხდება, თუ ვენესუელის ხელისუფლება "დიდ დონალდს" არ დაემორჩილება?!

მკითხველს შევპირდი, რომ შობა-ახალი წლის დღეებში სერიოზული თემების განხილვა-ანალიზით თავს არ შევაწყენდი, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის მორიგმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ჩვენი გეგმები შეცვალა. 2025 წლის 3 იანვარს, გამთენიისას, ვენესუელის დიქტატორი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, აშშ-ის არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმმა - „დელტა ფორსმა“ კარაკასში აშშ-ის სამხედრო სპეცოპერაციის დროს დაატყვევა და აშშ-ში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მადუროს ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ნიუ-იორკში სასამართლო პროცესი ელის. ამ სპეცოპერაციის დეტალების განხილვა აზრს მოკლებულია, რადგანაც არც ამერიკის და არც ვენესუელის ხელისუფლება სიმართლეს ბოლომდე არ გაამხელს, ხოლო მარჩიელობას რა აზრი აქვს?

სპეცოპერაციის შემდეგ ამგვარი მოცემულობაა:

1. ოპერაცია მადუროს ლიკვიდაციას არ ისახავდა მიზნად;

2. დიქტატორი და მისი მეუღლე აშშ-ის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ამერიკაში გასამართლების მიზნით;

3. ამჟამად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს;

4. ვენესეულის ხელისუფლებაში (უპირველესად, არმიასა და სპეცსამსახურებში) კვლავ დიქტატორის ერთგული პირები რჩებიან;

5. დიქტატორის ვაჟი, ვენესუელის მმართველი გაერთიანებული სოციალისტური პარტიის (PSUV) ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ნიკოლას მადურო გერა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს.

შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, რომ დონალდ ტრამპის და ნიკოლას მადუროს „სიყვარულის ისტორია“ 3 იანვარს არ დაწყებულა. 2017 წლიდან მოყოლებული, ვენესუელა და პირადად ნიკოლას მადურო ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ადმინისტრაციის ყურადღების მთავარი ობიექტი იყო. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ კუბიდან ემიგრირებული ოჯახის შთამომავალი, ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო „ლათინური ამერიკის მთავარ ექსპერტად“ ითვლებოდა და დიდ გავლენას ახდენდა დონალდ ტრამპის შეხედულებებზე. 2017 წლის 12 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომდა, ვენესუელის ხელისუფლება მარკო რუბიოზე თავდასხმას გეგმავდა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია შეერთებულ შტატებში. ისმოდა მოწოდებები ვენესუელის ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯის მოთხოვნით. მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ გამორიცხავს: ვენესუელისთვის ბევრი ვარიანტი გვაქვს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სამხედრო ვარიანტიცო.

ვალში არც ვენესუელის დიქტატორის ახლოგარემოცვა დარჩა. 2017 წლის 13 აგვისტოს, ვენესუელის დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას მადუროს ვაჟი, ნიკოლას მადურო გერა ტრამპს პირდაპირ დაემუქრა: მისტერ ტრამპ, თუ ვენესუელას თავს დაესხმებით, ნიუ-იორკში ავტომატებს დაინახავთ და ჩვენ თეთრ სახლს ავიღებთო.

maduro-1767682749.jpg

ნიკოლას მადურო ვაჟთან ერთად სამხედრო აღლუმზე: „ასე გავანადგურებთ ვენესუელის მტრებს“.

2019 წლის 30 აპრილს, კარაკასის ცენტრში, ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე აჯანყების მცდელობა მოხდა. რამდენიმე ათეულმა სამხედრო მოსამსახურემ ერთგულება შეჰფიცა ოპოზიციის ლიდერსა და ბევრი ქვეყნის (მათ შორის აშშ-ის) მიერ ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებულ ხუან გუაიდოს, მაგრამ მაშინ დიქტატორის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხების ორგანიზება ვერ მოხერხდა.

2020 წლის 3 მაისს ვენესუელის ხელისუფლებამ აშშ-ის სამხედრო აგრესიის მოგერიების შესახებ განაცხადა და დაკავებული „ამერიკელი სპეცრაზმელების“ ფოტო გაავრცელა.

amerikeli-specrazmelebi-1767682836.jpg

დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები ლუკ დენმანი და აირან ბერი აღმოჩნდნენ, რომლებიც, ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაცვის ყოფილი წევრები ყოფილან. მაშინ მადუროს თქმით, ოპერაცია „გედეონი“ (ამგვარად იხსენიებს ვენესუელის რეჟიმი ამ ავანტიურას), ვითომდა, შეერთებული შტატების მთავრობამ დაგეგმა და ისიც წაიტრაბახა, რომ ვენესუელის სპეცსამსახურებმა დიდი ხანია, იცოდნენ თავდასხმის გეგმების შესახებო. „ჩვენ ყველაფერი ვიცოდით: რასზე საუბრობდნენ, რას ჭამდნენ, რას არ ჭამდნენ, რას სვამდნენ, ვინ აფინანსებდა მათ“ - დაამატა მაშინ ულვაშა დიქტატორმა.

იმავე წლის 7 აგვისტოს კარაკასის სასამართლომ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“ ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-ის ადმინისტრაციამ თავიდანვე უარყო ეს ბრალდებები და ყველაფერს „ვენესუელის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მართლაც, თუ მადუროს რეჟიმის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შევხედავთ,

amboxebulebi-1767682817.jpg

ამბოხებულები და მათი „უახლესი“ შეიარაღება

ოპერაცია „გედეონი“ მადუროს სპეცსამსახურების უნიჭოდ დადგმულ პროვოკაციას წააგავს. აბა, 200-300 „ფილთა თოფით“ შეიარაღებული ამბოხებულების მიერ დიქტატორული რეჟიმის „გადატრიალება-გადმოტრიალება“ სადმე გინახავთ?

2026 წლის 3 იანვრის სამხედრო სპეცოპერაცია კი მართლაც უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიოს უახლეს ისტორიაში: ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მეორე სახელმწიფოს მმართველი ისე დაატყვევეს და გაიტაცეს, რომ ამ სახელმწიფოში სამხედრო გადატრიალება ან მისი ოკუპაცია არ მოუხდენიათ.

თუმცა არის კი მადუროსა და მისი მეუღლის დაპატიმრება და გასამართლება, ვენესუელის დღევანდელი მმართველი რეჟიმის შეცვლის გარეშე ამ ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზა? - რა თქმა უნდა - არა. რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში მადუროს რეჟიმის დამარცხება?

კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიალება ისეთივე უძველესი მოვლენაა, როგორც სახელმწიფოს ფორმირება. პირველი სახელმწიფო გადატრიალება, ალბათ, მისი შექმნის მეორე დღესვე მოხდა. დღეისთვის სახელმწიფო გადატრიალების უამრავი მოდელი არსებობს: ცენტრალურ და სამხრეთამერიკული, აფრიკული, აზიური, არაბული, სამხრეთევროპული და ა.შ. სახელმწიფო გადატრიალების “თეორიებს” თუ გავაანალიზებთ, სულ მცირე, ხუთი კომპონენტი მაინც უნდა არსებობდეს, რომ “შეთქმულებმა” ხელისუფლების დამხობა შეძლონ. უპირველესად, აუცილებელია მოსახლეობის ფართო მასების რეალური მხარდაჭერა; მძლავრი კონტროლი მასმედიაზე; ასეულმილიონიანი ფინანსური რესურსი; ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დანიშნულ არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს და რაც ყველაზე მთავარია: ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ღია ან ფარული მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ამჟამად ვენესუელაში რომელიმე არის მომწიფებული?

პირველი ოთხი კომპონენტი აშკარად არ არსებობს: ნიკოლას მადურომ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პარტია და პოლიტიკოსი არ დარჩენილიყო; მასმედიას უკვე დიდი ხანია, დიქტატორი აკონტროლებს; ვენესუელის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მადუროს „სოციალისტური დაპირებებითაა“ გონებადაბინდული და უსიტყვოდ მიჰყვება მის მიერ გამოცხადებულ „ბოლივარისა და ჩავესის“ გზას.

3 იანვარს, აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის განზრახვაა, მართოს ვენესუელა ძალაუფლების უსაფრთხო, მოწესრიგებულ და გონივრულ გადაცემამდეო. თუმცა მას ამ მმართველობის გადაცემის კონკრეტული გზები და მეთოდები არ დაუსახელებია. ამერიკული მასმედია იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვენესუელის მმართველობის მოდელზე მუშაობენ, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სავარაუდოდ, ნიკოლას მადუროს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ვენესუელაში აშშ-ის მმართველობის კოორდინატორი იქნებაო. თავად რუბიომ კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ვენესუელა გახდეს ირანის, რუსეთის, ჩინეთისა და კუბის სპეცსამსახურების, ასევე, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრიო. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ვენესუელის ნავთობი არ სჭირდება, მაგრამ ვაშინგტონს არ შეუძლია დაუშვას, რომ ვენესუელის ნავთობის მრეწველობა აშშ-ის მოწინააღმდეგეებმა აკონტროლონო.

donaldi-aprtxilebs-delsis-1767682785.jpg

დონალდი აფრთხილებს დელსის, თუმცა...

„ნიუ-იორკ პოსტისთვის“ მიცემულ კომენტარში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: ვენესუელაში ამერიკული სამხედრო ყოფნა აუცილებელი არ იქნება, თუ დელსი როდრიგესი ისე გააკეთებს, როგორც ჩვენ გვინდაო. რომ არ გააკეთოს?

ასევე დაგაინტერესებთ: "პუტინმა დიპლომატიური ეტიკეტით მიუღებელი პოზა - ფეხების "გაჩაჩახვა" აირჩია, რაც თანამოსაუბრისადმი ერთგვარი სიგნალია" - რა ეშმაკობებს იყენებენ სახელმწიფოს მეთაურები და პოლიტიკოსები საშინაო და საგარეო "ფრონტებზე"?

ქართული სპეცსამსახურების "წყევლა" ანუ "მოუხელთებელი" იგორი, ნაჯდომი ვანო და დაჭერილი გრიგოლი - 4 რეფორმა, რომელიც კატასტროფას თავიდან აგვაცილებს?!

ქართველების "უხილავი" და ერთ-ერთი მთავარი მტერი ანუ გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ ბობკოვი - დიდი "სპეცოპერაცია": ვახოცინოთ ქართველებს ქართველები

სასიკვდილო "მესიჯი" პუტინისგან "მოძმე ერს" - ბიზნესმენის საეჭვო გარდაცვალება: ბურუსით მოცული ტრაგედია თუ გამოცხადებული შურისძიების ქრონიკა?!

ზუსტად ამაზეა ნათქვამი, „ტრამპი ბჭობდა, ვენესუელის რეჟიმი კი იცინოდაო“. გასაგებია, რომ ნიკოლას მადუროს რეზიდენციაზე იერიში და მისი დატყვევება ვენესუელის ხელისუფლებაში (უპირველესად, არმიასა და სპეცსამსახურებში) არსებული ამერიკელების აგენტურული ქსელის დახმარებით მოხერხდა, თუმცა ხელისუფლების სათავეში კვლავ შეუვალი ანტიამერიკელები რჩებიან. თავად უგო ჩავესის და ნიკოლას მადუროს შეუპოვარმა მხარდამჭერმა ქალბატონმა დელსი როდრიგესმა, რომელიც ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, დაგმო აშშ-ის ქმედებები და მათ სამხედრო აგრესია უწოდა. თან ისიც განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. როდრიგესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარაკასი დაიცავს თავის ნავთობის რესურსებსო. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ უნდა დაავიწყდეს დიქტატორის ვაჟის, ნიკოლას მადურო გერას ფაქტორიც, რომელმაც მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისკენ და აშშ-ის აგრესიის წინააღმდეგ მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კოორდინაციისკენ მოუწოდა. ასე რომ, ვენესუელაში მთავარი ბრძოლები ახლა იწყება. დონალდ ტრამპს სჩვევია სასურველი რეალობად წარმოაჩინოს. ახლაც ასეა: მას ვენესუელის პრობლემა უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია, თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე - მთავარია არა მარტო დიქტატორის, არამედ -დიქტატურის დამარცხება. ამ კონტექსტში კი კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე კარგად გააზრებულ/დასაბუთებული პასუხები: ხომ არ გახდება ნიკოლას მადურო აშშ-ის საპატიმროში მყოფი „ამერიკელების მიერ წამებული ვენესუელელთა (და არა მარტო მათი) კერპი“? თუ გავითვალისწინებთ ლათინურ ამერიკაში „გრინგოების“ (ჩრდილო-ამერიკელების დამამცირებელი მეტსახელი) მიმართ ისტორიულად არსებულ „დიდ სიყვარულს“, არაა გამორიცხული, ნიკოლას მადურო ამ რეგიონის ახალი გმირი გახდეს. ამ პირობებში კი ვენესუელის ოპოზიციას ახალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი აღარ ექნება და ახალი დიქტატორი „დემოკრატიულად არჩეული“ ნიკოლას მადურო გერა გახდება.

ამიტომ საკითხავია, რა არის მთავარი დონალდ ტრამპისთვის: მხოლოდ ვენესუელის ნავთობის მრეწველობის კონტროლი თუ დემოკრატიული ვენესუელა? ამ მხრივ კი ოთხი (ირანის, ჩილეს, პანამისა და ერაყის) ისტორიული პრეცედენტი გვაქვს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

.