დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?! - კვირის პალიტრა

დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?!

გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის -პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროს ამერიკა გააკონტროლებს, რუსეთს კი ევროპაზე „ზედამხედველობა“ დარჩება, მაგრამ სად არის ჩინეთის ინტერესები?

ჯერ კიდევ სკოლაში, გეოგრაფიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი დედამიწა, პირობითად, ორ - დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროდაა გაყოფილიო და ახლა ორ ზესახელმწიფოს თითქოს ამის პოლიტიკურ დონეზე განხორციელებაც სურს, გავლენის სფეროების გადანაწილებით...

ანუ ტრამპის ამერიკა სრული „ზედამხედველობის“ ქვეშ იღებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს, ხოლო პუტინის რუსეთს კი რჩება თავისი სამხედრო-პოლიტიკური მანევრირებისთვის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები...

Reuters-ი წერს, რომ ვენესუელის პრეზიდენტის -მადუროს გატაცების შემდეგ, თითქოს რუსეთი აპირებს გეოპოლიტიკურ გარიგებაში შევიდეს აშშ-ისთან, რათა შეინარჩუნოს თავისი გავლენის სფეროები, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში და ვაშინგტონს შესთავაზოს დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში თეთრი სახლის სრული დომინირება, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ევროპულ ნაწილში - კრემლისთვის „თავისუფლად მოქმედების“ უფლების მიცემა... ადამიანურ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშშ-ის „უკანა ეზოში“ - ლათინურ ამერიკაში „წყალს აღარ აუმღვრევს“, რაც აქამდე გამოიხატებოდა იმავე ვენესუელისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების მეტ-ნაკლებად თანამედროვე იარაღის რუსულივე კრედიტით მიწოდებით, რაც მაინც არ გამოადგათ ვენესუელ სამხედროებს, მათი პრეზიდენტის ასე სამარცხვინოდ მოტაცებისგან დასაცავად.

სამაგიეროდ, კრემლი თეთრი სახლიდან ელოდება, რომ ამიერიდან აღარც აშშ გამოიდებს თავს ბალტიისპირეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტებზე „გადაფარებაში“, რომელთა ძალისმიერი დაბრუნება ახალ „რუსულ იმპერიაში“ შედის პუტინის უმთავრეს ჩანაფიქრში...

ამ ოციოდე წლის წინ, „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთ სტატიაში ერთმანეთს შევადარე მაშინდელი საქართველოსა და ვენესუელის მსგავსება იმდროინდელ გეოპოლიტიკურ ჭრილში - 2005 წლისთვის, როგორც ამერიკული მხარის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა დიდ გამაღაზიანებელ ფაქტორს პუტინის რუსეთისთვის, ისე უგო ჩავესის მთავრობაც დიდად გულზე არ ეხატებოდა აშშ-ის 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკის „უკანა ეზოში“ რუსული რაკეტებითა და ტანკებით გამალებით იარაღდებოდა ჩავესის რეჟიმი...

რაოდენ მნიშვნელოვანი გახლდათ იმდროინდელი ამერიკული ხელისუფლების გარკვეული გავლენიანი წრეების როლი იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მაინც მოხდა და საქართველო ერთგვარ „საცდელ ბოცვერად“ იქნა გამოყენებული, ეს მკითხველმა თავად შეაფასოს, მაგრამ ჩვენზე ჩატარებული ამ „ექსპერიმენტის“ უმძიმეს შედეგებს საქართველო, სამწუხაროდ, კიდევ ძალიან დიდხანს იგრძნობს...

ვენესუელაც, რომელიც თითქოსდა ცდილობდა, ერთგვარი „საყდენი პლაცდარმი“ გამხდარიყო პუტინის რუსეთისთვის ლათინურ ამერიკაში, ახლა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტი მოსტაცეს...

ტრამპის ამერიკა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ემუქრება ვენესუელის ამჟამინდელ ხელიუფლებას, -ან შეასრულებთ თეთრი სახლის ყველა მოთხოვნას, ან კიდევ 3 იანვრის 40-წუთიანი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მონაგონი გახდება და ამერიკული არმია მთელ თავის საბრძოლო შესაძლებლობებს გამოიყენებს ვენესუელის სრულად გასაკონტროლებლადო...

იმის ფონზე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორედ არჩევიდან 11 თვეში უკვე დააშინა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები იმით, რომ მათ აშშ-ის სამხედრო დახმარების დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რუსეთის ევროპაზე გალაშქრების შემთხვევაში, ძალაუნებურად შეიძლება იმის დაშვება, რომ პრაგმატული ტრამპი და ცინიკოსი პუტინი კულუარებში მართლაც შეთანხმდნენ, მსოფლიოში გავლენის სფეროების არაოფიციალურ გადანაწილებაზე...

ოღონდ აქ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ „ორპულისიანი“ მსოფლიო დიდი ხანია, აღარ არსებობს და აშშ-ისა და რუსეთის გარდა, სერიოზულ პრეტენზიას ზესახელმწიფოებაზე და, შესაბამისად, თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროს „ჩამოჭრაზე", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც აცხადებს...

ჩინეთის პროგრამა-მინიმუმი გახლავთ ტაივანის მიერთება სამხედრო ძალის გამოყენებით, ხოლო პროგრამა-მაქსიმუმი - მისი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელება, როგორც ცენტრალური აზიის რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, ისე - აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ა.შ.

დედამიწის გარკვეულ ნაწილზე „გადაფარება“, შედარებით მცირე შესაძლებლობების, მაგრამ დიდი “პოლიტიკური მადის“ მქონე თურქეთსაც სურს, რომელმაც თვალი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდა, სირიასაც დაადგა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მას უკვე გამოუჩნდა ძლიერი მეტოქე ისრაელის სახით...

მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის გადანაწილებისთვის აქტიური მოძრაობები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო - „ბერლინის კედლის“ დანგრევით, ვარშავის პაქტის ხელშეკრულების გაუქმებითა და საბჭოთა კავშირის ჩამოშლით, მაგრამ ეს ურთულესი პროცესი მეოთხე ათეული წელია, გრძელდება და ჯერ დამთავრების პირი არ უჩანს...

ჩვენი საქართველო ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე „გაიჭყლიტა“ ზესახელმწიფოების დაუნდობელი პოლიტიკური თამაშების შედეგად, მაგრამ გადარჩა (თუმცა მძიმე „ჭრილობებით“) და ახლა უმთავრესია, ხელმეორედ არ აღმოვჩნდეთ „დიდი ბიძიების“ ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევის ორომტრიალში - კვლავ „გაჭყლეტილი“...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელის შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?!

ოთხწლიან ომში ჩაფლული პუტინი შურით სკდება - ტრამპმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 40 წუთში ჩაამთავრა...

ტრამპმა მადურო შეიპყრო - რითი განსხვავდება მისი ქმედება პუტინის წამოწყებული ომებისგან?

დაარტყეს თუ არა უკრაინელებმა პუტინის რეზიდენციას?! - კრემლის ბინადარი შურისძიებით იმუქრება