"სავარაუდოდ, ეკას ეძინა, როცა სახლში ცეცხლი გაჩნდა და შიშისგან გავიდა აივანზე... ამბობენ, ხელი აუცდა და ჩამოვარდაო... პატარა შვილი დარჩა" - ახალქალაქის ტრაგედიის დეტალები
ახალქალაქში, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში, მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილი ხდება, ბინაში 31 წლის ქალი, ეკატერინე პერევერზე, კიდევ ერთი, 25 წლის გოგონა და 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ქალი ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ის აივანზე გავიდა, ქვედა სართულზე გადაძრომა სცადა, რა დროსაც გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ბინაში მყოფი ორი პირის გადარჩენა შეძლეს. ისინი ახლა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში არიან გადაყვანილები.
როგორც მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს ბინა მათ ნაქირავები ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ჩვენი ინფორმაციით, როცა 112-ში შეტყობინება შევიდა ხანძარზე, ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილია ეკატერინე პერევერზე, მარტოხელა დედა. მას დარჩა 7 წლის შვილი, რომელიც ტრაგედიის დროს დეიდასთან იყო.
"დაახლოებით ღამის 1 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ ხანძარი იყო და შველას ითხოვდნენ. მაშინვე ითქვა, რომ ადგილზე იყო მსხვერპლი. შეტყობინებიდან 5 წუთში ადგილზე იყვნენ მისული მეხანძრე მაშველები. ახალქალაქის სახანძროდან შორს არ არის ეს ადგილი მაქსიმუმ 5 კილომეტრია იქამდე. იქ მისულ მაშველებს ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ ეზოში და ასევე კიდევ ერთი ადამიანი იყო ხანძრის დროს აივანზე გადმოკიდებული და ისიც შველას ითხოვდა. ის გოგონა გადმოიყვანეს სამშვიდობოს, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი მეხანძრეებმა მისვლიდან მალევე იპოვეს ცეცხლმოკიდებული ბინის აბაზანაში და იქიდან გამოიყვანეს. ახალგაზრდა ბიჭი ჯერ კიდევ გონზე იყო, როცა ის მაშველებმა ნახეს, გონება მერე გზაში დაკარგა, სანამ მას სასწრაფომდე მიიყვანდნენ. ვინც დარეკა და დახმარება ითხოვა, იმან ისიც დააფიქსირა, რომ ადამიანი იყო გარდაცვლილი. მეხანძრე მაშველები ვერაფერს ვერ იზამდნენ, სამწუხაროდ. სავარაუდოდ ეძინათ, როცა ხანძარი გაჩნდა.
დაახლოებით 1 საათისკენ გაჩნდა ცეცხლი და ალბათ ეიფორიაში იყო ფაქტის წინაშე მდგარი ქალი, ეტყობა ვერ გაიგო რა გაეკეთებინა, არ ვიცი ზუსტად რა ტრიალებდა იმ დროს მის თავში, ფაქტი მძიმეა, ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ძველი კორპუსებია და შესაძლოა მოწესრიგებული არ იყო ელექტროგაყვანილობა. მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ. მეოთხე სართულის ბინა იყო და მაშველები რომ მივიდნენ სახურავსაც ეკიდა ცეცხლი, მალე მოხდა ხანძრის ლოკალიზაცია. მაშველები ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ და ამ დროსაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იქიდან გამოეყვანათ დაშავებულები და ასევე მომხდარიყო ცეცხლის ლოკალიზაცია" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
როგორც გვითხრეს, გარდაცვლილი ქალი ნინოწმინდის სოფელ გორელოვკადან იყო და მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ძალიან განვიცდი.