რუსეთს ცხინვალისკენ რკინიგზის გაყვანა სურს?! - კვირის პალიტრა

რუსეთს ცხინვალისკენ რკინიგზის გაყვანა სურს?!

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია VEB.RF-სთან ერთად ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტს ამუშავებს, რომელიც რუსეთიდან “სამხრეთ ოსეთის” გავლით ამიერკავკასიაზე, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთამდე გავა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციიდან ამიერკავკასიამდე და შემდეგ ახლო აღმოსავლეთამდე ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზა “სამხრეთ ოსეთის” გავლით გადის. ყველას ესმის, რომ რკინიგზა სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრანსკავკასიური გზატკეცილი… “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა” მზად არის, როგორც ტრანსკავკასიური გზატკეცილის, ასევე, რკინიგზის მასშტაბური პროექტები უზრუნველყოს. უფრო მეტიც, ჩვენ რკინიგზის პროექტზე VEB.RF-თან ერთად ვმუშაობთ. მათი შესაძლებლობებიდან და საერთო გეოპოლიტიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკითხი რთულია, მაგრამ სხვა ვარიანტი არ არსებობს,“ - ამბობს გაგლოევი.

მისი თქმით, ზემო ლარსის გავლით გზა ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს და ადრე თუ გვიან “სამხრეთ ოსეთზე” გამავალი რკინიგზის მშენებლობის საჭიროება გაჩნდება.

„ჩვენთვის ეს რესპუბლიკის თვითდაკმაყოფილებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა და “სამხრეთ ოსეთი” სხვა რესპუბლიკების დახმარებასაც შეძელბს. სიტუაცია ყოველდღიურად სწრაფად იცვლება და ვფიქრობ, ამას აუცილებლად ვიხილავთ,“ - აცხადებს გაგლოევი.

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებამ ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის პროექტი ცხინვალში გამართულ ე.წ. პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინა. მისი შეფასებით, ეს მარშრუტი ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს შორის „ხიდს“ წარმოადგენს.

განაგრძე კითხვა