რამდენად რეალურია ფრანგულ-ბრიტანული ჯარების შესვლა უკრაინაში და რას გეგმავს პუტინი გაზაფხულზე?!
რამდენად რეალურია ფრანგი და ბრიტანელი ჯარისკაცების გამოჩენა უკრაინის მიწაზე, თუკი რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია?
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის -აცხადებენ "მსურველთა კოალიციის" ლიდერები გუშინ, 2026 წლის 6 იანვარს, პარიზში მიღწეული შეთანხმების შემდეგ...
ოღონდ აქ ორი მნიშვნელოვანი ნიუანსია:
პირველი - ეს არის "განზრახვაზე დეკლარაციის" ხელისმოწერა, რომელიც ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლობის ვალდებულება აქვს.
მეორე - ყოველივე ამის ამოქმედება შეიძლება (ხაზს ვუსვამთ -შეიძლებას) მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლი შეწყდება და დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება.
და სწორედ აქ არის ჩამარხული ძაღლის თავი - პუტინმა ორივე შემთხვევაში - 2008 წელს საქართველოზე, ხოლო 2022 წელს კი უკრაინაზე ღია სამხედრო აგრესიის დაწყება რუსეთის მხრიდან იმითაც „გაამართლა“, რომ კრემლი არ შეეგუებოდა ამ პოსტსაბჭოთა და რუსეთის უშუალო მეზობელი ქვეყნების გაწევრებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და არაფრის დიდებით არ დაუშვებდა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების განთავსებას ქართულ და უკრაინულ მიწებზე...
და, როგორ გგონიათ, უკრაინასთან ომში მუდმივი სამხედრო ინიციატივის მქონე და სულ შეტევებზე გადასული პუტინის არმია გაჩერდება,დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და მით უმეტეს - ფრანგი და ბრიტანელი სამხედროების დანაყოფების განთავსებას, თუნდაც ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში?
არაფრის დიდებით...
"საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე, რაოდენობაზე, იარაღის სპეციფიკურ ტიპებზე, შეიარაღებული ძალების კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა და იმუშავებს. უკვე გვაქვს საჭირო დეტალები. გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად - "მსურველთა კოალიციის" ყოველი ქვეყანა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყოველ ლიდერს, ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად სურს, იყოს სამშვიდობო მოგვარების ნაწილი.
ძალიან არსებითად ვისაუბრეთ ამერიკულ მხარესთან მონიტორინგზე, რათა მშვიდობის დარღვევები არ იყოს. ამერიკა მზად არის ამაზე იმუშაოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკავებაა, ინსტრუმენტები, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიას აღკვეთენ. ამას ყველაფერს ვნახავთ", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, პარიზის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ და მისი გაგება შეიძლება, რადგან თავდაცვით პოზიციებზე მეომარი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ყველა ხავს ეჭიდება,რათა მეტი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს პარტნიორი ქვეყნებისგან...
ამ პარტნიორ ქვეყნებს კი ეშინიათ და უფრთხიან პუტინის რუსულ არმიასთან ღია სამხედრო დაპირისპირებას, რაც სრულიად გასაგებია, რადგან უკრაინის მიწაზე ფრანგი, ბრიტანელი ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნების რეგულარული არმიების სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის საოკუპაციო ძალებთან პირდაპირი საცეცხლე კონტაქტი ადრე თუ გვიან ყველაფერს რუსეთ-ნატოს, რუსეთ-ევროკავშირის ომამდე მიიყვანს, საიდანაც მესამე, ოღონდ უკვე ბირთვულ ომამდეც ნახევარი ნაბიჯიღა დარჩება გადასადგმელი...
„აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან - სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად გავაგრძელეთ ომის დასრულების დიპლომატიური გზის განხილვა. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს დამატებითი დახმარება ყველა სფეროში: უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და რეკონსტრუქცია. 7 იანვარს პარიზში ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე“, -განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისი ხაზგასმული პატივისცემა ამერიკული მხარისთვის იმაზე მიუთითებს, რომ მას სურს არაპროგნოზირებადი ტრამპის გულის მოგება, მორიგი პოლიტიკური ქათინაურებით და იმისთვისაც, რომ ვაშინგტონმა მოსკოვზე ერთგვარი პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად.
ასევე, პარიზში მყოფმა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა კი შემდეგი განაცხადა - „მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება“ და „იმედია, შევძლებთ შეხვედრას ან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას ამ საკითხთან დაკავშირებით“...
ანუ გარდა იმისა, რომ აგრესორი რუსეთი არაფრის დიდებით არ დათანხმდება, ზავის დადების შემდეგაც კი ევროპელი სამხედროების განთავსებას უკრაინაში, მანამდე კრემლი უკან არ წაიღებს თავის უმთავრეს მოთხოვნას - დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად ჩაბარების კატეგორიულ სურვილს, რის გარეშედაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე პუტინის მხრიდან ხელის მოწერა ამ ეტაპზე არარეალურად მოჩანს ანუ ომი გაგრძელდება და გაზაფხულისთვის კიდევ უფრო ინტენსიური გახდება რუსი ოკუპანტების შეტევები...
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?!
ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელის შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?!
ტრამპმა მადურო შეიპყრო - რითი განსხვავდება მისი ქმედება პუტინის წამოწყებული ომებისგან?