გია ხუხაშვილის მწარე სიმართლე ოპოზიციას?! - "თითქმის ვერაფერს აკეთებენ ხალხთან სამუშაოდ, მათი ნდობის მოსაპოვებლად და არც იციან, რა, როგორ გააკეთონ" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის მწარე სიმართლე ოპოზიციას?! - "თითქმის ვერაფერს აკეთებენ ხალხთან სამუშაოდ, მათი ნდობის მოსაპოვებლად და არც იციან, რა, როგორ გააკეთონ"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ოპოზიციურ ფლანგსაც გადავხედოთ მომავალი წლის პერსპექტივაში, ასევე, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება წარიმართოს ის პროტესტი, რომელიც უამრავი შემზღუდავი რეგულაციის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება?

- ეს პერმანენტული პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ ომში, რა დროსაც საჭიროა მაკონსოლიდირებელი ელემენტი. პროტესტი მასშტაბურია, დიდია, მაგრამ ის დაქსაქსულია. მისი კაპიტალიზაცია, ერთ მდინარებაში მოქცევა შეუძლიათ მხოლოდ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსის გარეშე შეუძლებელია, რომ შენ ბრუტალურ ძალას ადეკვატური ძალა დაუპირისპირო.

რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ კლასს, სამწუხაროდ, მათში, არც თავისუფლებაში მყოფებსა და არც პატიმრად ქცეულებში, ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია მაკონსოლიდირებელი როლის შესრულება. პროტესტი არ ენდობა მათ. ჩვენ დღეს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს და ოპოზიციისაც.

თითქმის ვერაფერს აკეთებენ ხალხთან სამუშაოდ, მათი ნდობის მოსაპოვებლად. არც იციან, რა, როგორ გააკეთონ, არა აქვთ რეალური გეგმები, პოზიტიურ მოლოდინებს ვერ ქმნიან. ვიღაცა მეტყვის, ციხეში სხედან და რა ქნანო, მაგრამ მანამდეც დიდი ავტორიტეტით ვერ დაიკვეხნიდნენ.

ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს - ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი ცდილობდა მაქსიმალური ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი დაეთესა. მისი გზავნილი დაახლოებით ასეთი იყო, მე შეიძლება მამაძაღლი ვარ, მაგრამ დანარჩენები ჩემზე უარესები არიანო. ოპოზიციამაც ამას ვერაფერი დაუპირისპირა, ბევრი ვერაფერი გააკეთა, რომ ხალხთან ჩატეხილი ხიდი აღედგინა. დღესაც არაფერს აკეთებენ, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ... ხალხთან დიალოგში რომელი ოპოზიციური პარტია გეგულებათ? პირადი გმირობის მაგალითზე პოლიტიკის აგება პოლიტიკის დისიდენტური გაგებაა. ამგვარად ვერ მოხერხდება ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ პროტესტთან კავშირის დამყარება და მისი მართვა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება.

წაიკითხე ვრცლად