ტრამპის "ქართული გეგმები" და რუსულ-ჩინური ალიანსის კონფიგურაცია - მირიან მირიანაშვილის ანალიზი:"ამერიკიდან თბილისის მისამართით სიგნალები უკვე იყო" - კვირის პალიტრა

ტრამპის "ქართული გეგმები" და რუსულ-ჩინური ალიანსის კონფიგურაცია - მირიან მირიანაშვილის ანალიზი:"ამერიკიდან თბილისის მისამართით სიგნალები უკვე იყო"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მირიან მირიანაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამაოდ ელოდა ტრამპის ადმინისტრაციისგან კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გამოკვეთას. როგორ ფიქრობთ, 2026 წლიდან ამ მხრივ რაიმე სიახლე იქნება?

- არსებობს აბსურდული მოსაზრება, თითქოს საქართველო არ აინტერესებთ არც ტრამპს და არც რესპუბლიკურ ადმინისტრაციას. სინამდვილეში, საქართველო და მთლიანად რეგიონი XXI საუკუნის შუა ნახევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სეგმენტად ყალიბდება.

ამაზე მიუთითებენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრების შეფასებებიც. მათი ანალიზით, ჩინეთი შუა აზიის გარეშე ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შუა აზია და სამხრეთი­ კავკასია კი ჩინეთისთვის და რუსეთ-ჩინეთის ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამერიკის მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის წართმევა რუსეთისა და ჩინეთისთვის ნიშნავს ჩინური საფრთხის განეიტრალებას და რუსულ-ჩინური ალიანსის დრამატული კონფიგურაციის დაშლას. საქართველო ამ პროცესში უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია. სამხრეთის მარშრუტი“ - ზანგეზურის კორიდორი, ფაქტობრივად, ნიშნავს თურქეთის გაძლიერებას შუა აზიაში, რაც ისტორიულად არც ბრიტანელებს და არც ამერიკელებს არ სურდათ. მათთვის მიუღებელია თურქეთის ლიდერობით შუა აზიისა და ციმბირის კონსოლიდაცია. შესაბამისად, საქართველო რჩება ერთადერთ რეალურ გზად როგორც შუა აზიასთან, ისე შავი ზღვის აუზთან კავშირში.

საქართველოზე უარის თქმა ამერიკისთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დისკუსიაც კი უაზრობაა. სინამდვილეში, სიგნალები ამერიკიდან უკვე იყო.

საუბარია იმ წერილზეც, რომელიც რუბიოს სახელით ბიძინა ივანიშვილს გაეგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა ეს წერილი გარკვეული მოსაზრებების გამო არ მიიღო. ამერიკული შეფასებით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ მას არ სურდა რუსების თვალწინ კომუნიკაცია ამერიკელებთან, მაგრამ თუ ეს კიდევ განმეორდება, უკვე აღიქმება როგორც ამერიკის ხელახალი შეურაცხყოფა. ამიტომ კომუნიკაციის ფორმაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება ამბობს, რომ "ელოდება", მაგრამ მოლოდინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. უკვე ნათლად ჩანს, ამერიკელებმა ჩართეს პირდაპირი კომუნიკაცია და განაცხადეს, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა ვერ იმუშავებს, სანამ რუსეთიდან გარკვეული შეზღუდვები და პირობები ძალაშია. საუბარია იმაზე, რომ ზავის იურიდიულ პირობებში პირდაპირ ვერ ჩაიწერება საქართველოს თემა, მაგრამ როგორც კი ზავის კონტურები გამოიკვეთება, რუსეთი ვალდებული გახდება საქართველოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ამ დროს ამერიკელებს ექნებათ მთავარი გარანტია, რომ ქართველებს უარის თქმის სურვილი არ ექნებათ და დასავლურ კურსს არ გადაუხვევენ. მიუხედავად სკეპტიციზმისა, ეს ზავი გაფორმდება. როგორც კი პოლიტიკური მორიგება შედგება, საქართველოს საკითხიც ავტომატურად დალაგდება. როდესაც რუსეთი და ამერიკა შეთანხმდებიან, რუსეთს აღარ ექნება რესურსი ერთდროულად შეინარჩუნოს გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე, საზოგადოდ, კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წერტილებზე.

- ჩინეთის როლი ამ კონფიგურაციაში როგორ წარმოგიდგენიათ?

- უკრაინის ომის ფონზე ჩინეთმა მართლაც გაიძლიერა პოზიცია, განსაკუთრებით რუსეთში, მაგრამ არა სამხრეთ კავკასიაში. ჩინეთი არ არის დაინტერესებული შავი ზღვის აუზში კონფრონტაციით. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპმა პირდაპირ დაურეკა უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერებს და შესთავაზა ჩ20-ის ფორმატებში სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, რაც თვისებრივად მაღლა სწევს შუა აზიის პოლიტიკურ სტატუსს მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, კულუარულად მზადდება ამერიკასა და ყაზახეთ-უზბეკეთს შორის სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, რაც გეოპოლიტიკურად შეცვლის შუა აზიის კონფიგურაციას. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამერიკა აქტიურად შედის შუა აზიის პოლიტიკურ თამაშში, რათა ჩინეთი არ გახდეს დომინანტი.

ეს ნიშნავს,­ რომ უკრაინის შემდეგ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების პრეცედენტი შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც. თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინის შემდეგ ნომერი პირველი კანდიდატი საქართველო იქნება და თუ რუსეთი ამას უკრაინაში შეეგუება, მას მოუწევს ამ რეალობას საქართველოშიც შეეგუოს.

წაიკითხე ვრცლად