"პროკურატურამ მხოლოდ ის კომენტარები კი არ უნდა მოიტანოს, რაც ჩემ წინააღმდეგაა, არამედ ისინიც, სადაც ვამბობ, რომ აქციის ორგანიზატორი არ ვარ" - პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერზე
რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა დაკავებული, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნული მან მას შემდეგ თქვა, რაც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული მისი განცხადება აქვს წარმოდგენილი.
„დაკითხულიც კი არ ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა...
წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-თქო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი",- განაცხადა მანჯგალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"