"ირანში საპროტესტო აქციების დროს 36 ადამიანი მოკლეს, 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს" - "დოიჩე ველე"
ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში დემონსტრაციები 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს და უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, HRANA-ს ინფორმაციით, დემონსტრაციებზე შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, ორი წევრი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"