"2027 წლის მარტი. დილის ბინდ-ბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?! - კვირის პალიტრა

"2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შეძლებს თუ არა ევროპა რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევას აშშ-ის დახმარების გარეშე?“, რომლის ავტორები არიან დევიდ ჯო - ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების ფაკულტეტის პროფესორი და დუგ ჩალმერსი - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: 2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსეთის ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები ლატვიის საზღვარზე გადადიან, რეზეკნესთან ახლოს, იკავებენ ქალაქის რკინიგზის სადგურს და შემდეგ გეზს სამხრეთისაკენ, დაუგავპილსისაკენ იღებენ, ლატვიის სიდიდით მეორე ქალაქისკენ, რომლის მოსახლეობის ნახევარს ეთნიკური რუსები შეადგენენ.

მისი დაკავების შემდეგ ოკუპანტები აცხადებენ, რომ ლატვიაში არსებული რუსულენოვანი დასახლებები (თემები) „დაცვას“ საჭიროებენ. რუსეთის ჯარები სწრაფად ამაგრებენ სტაციონარულ პოზიციებს და ამონტაჟებენ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასში ახალი მიწების მიღებით ტკბება და ლატვიიდანაც იმავეს ელოდება. ნატო კი ამ დროს თავს იმტვრევს - რა ქნას და როგორი რეაგირება მოახდინოს?!

ვაშინგტონის რეაქცია ისეთია, როგორსაც ევროპელები უფრთხოდნენ: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა ევროპაში არ იომებს, ლატვიის რაღაც პატარა ნაწილის გულისთვის, რომელიც, პრინციპში, რუსეთს ისედაც ეკუთვნის. მოსკოვთან ბრძოლა დანაკარგებს გამოიწვევს, ლატვიასაც ისე გაანადგურებს, როგორც უკრაინას გაუკეთა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ევროპამ, არსებითად, თვითონ გამოიწვია რუსეთის თავდასხმა თავისივე სისუსტის გამო. აშშ-ის მეთაური სოციალურ ქსელში „მშვიდობისაკენ“ მოუწოდებს, მაგრამ ლატვიაში არც ჯარის, არ მძიმე ტექნიკის და არც ავიაციის გაგზავნას არ აპირებს, თუმცა, რასაკვირველია, ევროპელებს შეუძლიათ ამერიკული იარაღი შეისყიდონ და ლატვიას გადასცენ.

ლატვიაში ტერიტორიის დაპყრობის სცენარმა ნატო აიძულა დაფიქრებულიყო ბოლო დრომდე წარმოუდგენელ სიტუაციაზე: შეძლებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეაკავოს და მოიგერიოს რუსეთის შეტევა აშშ-ის დახმარების გარეშე?

თეორიული მსჯელობებიც კი ნატოს ჯარების გამარჯვებაზე აშშ-ის დახმარების გარეშე იმის აღიარებით იწყება, რომ ევროპას მხოლოდ მოკლევადიანი ბრძოლის ომის წარმოება შეუძლია. თანამედროვე მძიმე სამხედრო ტექნიკის, თვითმფრინავების ჰაერში საწვავით გამართვის, საჰაერო მართვა-კომუნიკაციის, უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების, კოსმოსური დაზვერვისა და დიდი სამხედრო არსენალების გარეშე, რომლებიც ამერიკას აქვს, ევროპა სწრაფად - სულ რამდენიმე კვირაში ამოწურავს თავის შესაძლებლობებს, მაღალი ინტენსივობის საომარი მოქმედების საწარმოებლად. ევროპა გაჭიანურებულ ომს ვერ გადაიტანს.

ცხადია, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელები რუსეთთან ომს აუცილებლად წააგებენ. ევროპა ამერიკის გარეშეც უდიდეს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ რესურსებს ფლობს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სწორად დააყენა საკითხი, როცა აღნიშნა, რომ „500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს დახმარებას 140 მილიონი რუსისაგან თავდაცვაშიო“. გარდა ამისა, ნატოს წევრი ქვეყნების მთლიანი შიდაპროდუქტი (მშპ) ათჯერ აღემატება რუსეთისას. მაგრამ რადგანაც რუსული ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი და სამოქალაქო საზოგადოების განწყობა საომარია, ევროპამ, თავისი ხილული თუ ფარული უპირატესობების მიუხედავად, აუცილებლად სწრაფად უნდა მიაყენოს დარტყმა რუს აგრესორებს. ხანმოკლე ომი ოპერატიულ მოქმედებას მოითხოვს: საჭირო იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, აღმოსავლეთის ფლანგის სწრაფი გამაგრება და ინიციატივის ხელში ჩაგდება მანამ, სანამ რუსეთი ევროპის სამრეწველო და ლოჯისტიკური სიძნელეებით არ ისარგებლებს ანუ ევროპამ რუსეთს მოქმედებები უნდა დაასწროს.

სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, რომ მას ეყოფა მოთმინება და გამძლეობა გაჭიანურებული ომისათვის - იმ პირობით, რომ ჩინელი კოლეგა სი ძინპინი მას ისეთივე მხარდაჭერას გაუწევს, როგორიც უკრაინასთან ომში გაუწია.

თუ კრემლი იგრძნობს, რომ ევროპის საშინაო პოლიტიკა შეირყა, მას შეუძლია თავდაპირველ წარუმატებლობას შეურიგდეს და ომის გამომფიტველ ეტაპზე გადავიდეს, - ისე, როგორც ამას უკრაინაში აკეთებს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ნაკლები შანსები ექნება ევროპას აშშ-ის დახმარების გარეშე.

ომის პირველი ფაზა ითვალისწინებს რუსეთის თავდაპირველი დარტყმის შესუსტებას და შეკავებას. გეოგრაფია ამის შესაძლებლობას იძლევა. ნატომ იცის, თუ სად მოახდენს რუსეთი თავისი ძალების კონცენტრირებას: ყველასათვის ცნობილია ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე მდებარე სუვალკის დერეფანი და კალინინგრადის ექსკლავი, რომლებიც გამოწვევებისა და საფრთხეების წყაროს წარმოადგენენ. ევროპული არმიები და განსაკუთრებით პოლონეთისა და სკანდინავიის არმიები, ბოლო დროს კი გერმანიის ბუნდესვერიც, ფლობენ ისეთ შეიარაღებას, აქვთ ისეთი სამხედრო აღჭურვილობა, რკინიგზებისა და გზატკეცილების ისეთი ქსელი, რომლებიც საშუალებას იძლევა, სწრაფად გადაისროლონ აღმოსავლეთით საჭირო რაოდენობის სამხედრო ნაწილები. თუ ევროპის არმიები თავიდან აიცილებენ განადგურებას ომის პირველივე დღეებში, მაშინ ისინი შეძლებენ რუსების შეკავებას საკმაოდ დიდხანს, რათა დახმარება მიიღონ ახალი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების სახით.

დაკავებული ტერიტორიის უკან დაბრუნება იოლი არ იქნება. ლატვიიდან რუსეთის ჯარების გასაძევებლად საჭირო იქნება არა მარტო უპირატესობა სახმელეთო საომარი მოქმედებების დროს, არამედ - რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება მისსავე ტერიტორიაზე, მაგრამ ამას, ალბათ, ნატოს ბევრი ევროპელი წევრი არ დათანხმდება. ვლადიმერ პუტინმა ეს კარგად იცის და ითვალისწინებს.

რუსეთის წინააღმდეგ ევროპის დიდი ძალების გამოყენებისათვის „მწვანე შუქის“ ანთება ნატოში პოლიტიკურ უთანხმოებას გააღრმავებს. იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები რუსეთს ევროპული უსაფრთხოების მთავარ მუქარად მიიჩნევენ, ხმელთაშუაზღვისპირეთის ბევრი სახელმწიფო - იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვები - სიტუაციას სხვანაირად უყურებენ და შესაბამისად, ისინი მზად არ არიან, კრემლს ომი გამოუცხადონ და რისკზე წავიდნენ. ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო აქტუალურია სხვა პრობლემები, მაგალითად, მასობრივი მიგრაცია... სიტუაციის შეფასებებში ასეთი განსხვავებები იმის საფრთხეს ქმნის, რომ ნატოს ძალები დაიქსაქსება და ძალიან დასუსტდება - მოხალისეების დონემდე. ძნელი არ იქნება იმის წარმოდგენა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი უარს იტყვიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, თურქეთი კი, ნატოს კიდევ ერთი ძლიერი წევრი, უფრო მეტად შუამავლის როლის შესრულებისაკენ გადაიხრება, ვიდრე საბრძოლველად.

ოპერატიულობის თვალსაზრისით, ევროპის შესაძლებლობები რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. ხანმოკლე სახმელეთო ბრძოლებისთვის ბებერი ევროპის არმიები საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი: თანამედროვე დონით აღჭურვილი ჯარები დისლოცირებულები არიან სავარაუდო ფრონტის ხაზთან (საზღვრებთან) ახლოს და კარგად აქვთ შესწავლილი რელიეფის ლანდშაფტი. ევროპას ავიაციაც კარგი აქვს და ხშირ შემთხვევებში - რუსეთზე უკეთესი, მაგრამ დეფიციტია და არ ჰყოფნით ჰაერში ავიაგამანადგურებელების საწვავით გამმართველი თვითმფრინავები, კავშირის საბორტო პლატფორმები და სხვა აპარატურა, რომლებსაც ნატოს ევროპელ წევრებს აშშ აწვდის. სამწუხაროდ, ევროპა სუსტია ზღვაზე: ის სწრაფად ამოწურავს რესურსებს, თუ ბალტიის ან ჩრდილოეთის ზღვებში საზღვაო ბრძოლები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ: ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

შიში და გაურკვევლობა კარაკასში - რა ხდება ვენესუელაში, რომლის პრეზიდენტი 3 იანვარს "მოიპარეს"

10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?!

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

კიბეროპერაციების სფეროში ევროპა, ალბათ, თავს არ შეირცხვენს, მაგრამ აქაც აშშ-ის ფაქტორი იმოქმედებს: შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნით, მათთან თანამშრომლობა კი, აშშ-ის მთავრობის დადგენილებებით, ევროპელებს შეზღუდული აქვთ. კიდევ ერთი მოწყვლადი წერტილი - კოსმოსური სივრცე. აშშ-ის თანამგზავრული დაზვერვის გარეშე ევროპას მოუწევს საკუთარი ეროვნული კერძო სისტემებით ისარგებლოს, რომლებიც საკმაოდ არასაიმედოა.

და რაც ყველაზე სერიოზულია, კრემლმა არა ერთხელ დაადასტურა უკრაინასთან ომის დროს, თუ რამდენად მარჯვედ მანიპულირებს დასავლეთის შიშებით ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით. მართალია, ბირთვული იარაღი დიდ ბრიტანეთსაც აქვს და საფრანგეთსაც, მაგრამ აშშ-ის გარეშე მათი ძალების რუსეთის ძალებთან შედარებაც კი არ შეიძლება. აუცილებელია ვაშინგტონის ბირთვული გარანტიები.

ევროპა, რასაკვირველია, უმწეო ნამდვილად არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, მიჩვეულია აშშ-ის პოტენციალის დაყრდნობას და ეს ძალიან ცუდია. რუსეთის ჯარები უკრაინაში უფრო სუსტები აღმოჩნდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ადაპტაცია სწრაფად მოახდინეს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ავტორიტარული ლიდერია და შეუძლია თანამოქალაქეები საფრთხის წინაშე დააყენოს, ომი გააჭიანუროს, დიდი დანაკარგების მიუხედავად. კრემლის ბინადარს ამისთვის პასუხს არ სთხოვენ. და განა შეძლებს ევროპული დემოკრატია სკეპტიკურად განწყობილი მოსახლოეობის დარწმუნებას იმაში, რომ ხელი იარაღს მოჰკიდონ ევროპის ტერიტორიისა და ლიბერალური ფასეულობების დასაცავად? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ხანმოკლე ომი აშშ-ის დახმარების გარეშე ევროპამ შეიძლება მოიგოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა მკვეთრად გააძლიერებს მზადყოფნას. ამისათვის აუცილებელია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაფართოება, მეტი ინვესტიციების ჩადება თავდაცვის სფეროში, თვითმფრინავების საწვავით გასამართი პლატფორმების დამზადება, ავტონომიური აეროკოსმოსური დაზვერვის უზრუნველყოფა, მართვის გაუმჯობესება (აშშ-ის გარეშე). არავის ეგონოს, რომ ყველაფერი იოლად მოგვარდება ან ბევრი რამ ჩამოთვლილიდან არ იქნება საჭირო. სარისკოა იმაზე ფიქრი, რომ ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს, მაინც დაეხმარება ევროპას...

და ბოლოს, მართალია, ჩვენ გამოგონილი სიტუაცია წარმოვადგინეთ, მაგრამ ლატვიის კრიზისი რომც არ მოხდეს, მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომები - აშშ-ის იმედზე ყოფნა - უფრო ავანტიურას ჰგავს, ვიდრე გააზრებულ სტრატეგიას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო