ქართულ ეკიპაჟიანი რუსული ტანკერის "დაპყრობა" პრეზიდენტის მოტაცების შემდეგ - კიდევ რას აპირებს პუტინის ტაქტიკით ამოქმედებული ტრამპი?! - კვირის პალიტრა

ქართულეკიპაჟიანი რუსული ტანკერის "დაპყრობა" პრეზიდენტის მოტაცების შემდეგ - კიდევ რას აპირებს პუტინის ტაქტიკით ამოქმედებული ტრამპი?!

ტანკერების დაპყრობა მათზე შვეულმფრენებიდან გადასხმული დესანტით არახალი თემაა - ირანელებსა და ფინელებს, ასევე, თვით იემენელ ჰუსიტებსაც კი აქვთ ჩატარებული მსგავსი სპეცოპერაციები, ოღონდ ზღვის სანაპიროებთან ახლოს, მაგრამ 7 იანვარს აშშ-ის საზღვაო დესანტმა უზარმაზარი ტანკერი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ მიცურავდა, გაშლილ ოკეანეში, ისლანდიის ნაპირიდან 200 საზღვაო მილის მოშორებით ნეიტრალურ წყლებში დააკავა და თანაც... ორკვირიანი დევნის შემდეგ...

ამასთან, როგორც ირკვევა, „მარინერას“ 28-კაციან ეკიპაჟში რუსეთის მოქალაქე მხოლოდ ორი ყოფილა, უკრაინის - 20, ხოლო დანარჩენი ექვსი, მათ შორის - თავად ტანკერის კაპიტანიც კი ქართველები არიან...

ყველაფერი კი ასე იწყებოდა...

ტანკერი „მარინერა“, რომელსაც ადრე „ ბელა 1“ ერქვა და აშშ-ის სანქციებს ექვემდებარებოდა, თავდაპირველად პანამის დროშით ცურავდა და 2025 წლის ნოემბრის ბოლოს ირანის პორტიდან გასვლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, ვენესუელის სანაპიროსთან მიახლოებას ცდილობდა, ცარიელი იყო და აშშ-ის სანაპირო დაცვის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ტანკერზე ასვლა სცადა, მაგრამ გემმა ინსპექტორების ბორტზე მიღებაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც გემმა ვენესუელის სანაპიროდან გასვლა დაიწყო, მას აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი დაედევნა. შემდეგ ტანკერის ეკიპაჟმა ბორტზე რუსეთის დროშა დაახატა და სახელი „ბელა 1“-ი „მარინერა“-თი შეუცვალა, ამ სახელით გემი კი რუსეთის გემების რეესტრში გამოჩნდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის გემი ტანკერს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. 2026 წლის 7 იანვარს, როდესაც ტანკერი ფარერის კუნძულების სამხრეთით საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, მასზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები შვეულმფრენებიდან გადასხდნენ. ტანკერის თვალყურის დევნებაში ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების Boeing Poseidon MRA1 თვითმფრინავი მონაწილეობდა . ტანკერის უშუალო სიახლოვეს ასევე იმყოფებოდნენ რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი, თუმცა მათ ეკიპაჟებს არ უცდიათ ხელის შეშლა ამერიკელების რუსულდროშიან ტანკერზე დესანტირებისთვის.

347678071825617-1767869955.jpeg

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ დაადასტურა ტანკერის დაკავება და განაცხადა, რომ გემი დააკავეს აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ სანქციების სავარაუდო დარღვევისთვის გაცემული ორდერის საფუძველზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ტანკერის დაკავება ვენესუელური ნავთობის წინააღმდეგ სანქციებს უკავშირდებოდა: „სანქცირებული და უკანონო ვენესუელური ნავთობის ბლოკადა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალაში რჩება“.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ტანკერის ეკიპაჟმა ბორტზე რუსული სამფეროვანი დროშა მიახატა, ხოლო რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ეს ტანკერი სასწრაფოდ დაარეგისტრირეს რუსულ საზღვაო რეესტრში, კრემლმა ამერიკულ მხარეს ღია გაფრთხილება გაუგზავნა, რომ არ გაებედათ „მარინერად“ გადანათლული და უკვე რუსეთის ფედერაციის დაცვის ქვეშ აღებული ამ ტანკერისა და მისი ეკიპაჟის მიმართ რაიმე ძალისმიერი ოპერაციის განხორციელება.

1-marinera-1767866690.png
ქართველი კაპიტნის რუსულ ტანკერ „მარინერაზე“ ამერიკელი „ზღვის სელაპები“ „შავი ქორის“ შვეულმფრენიდან დესანტირებისთვის ემზადებიან...

პუტინმა თავისი ამ გაფრთხილების გასაძლიერებლად სასწრაფოდ გაგზავნა რუსული წყალზედა სამხედრო ხომალდი და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი „მარინერას“ ატლანტიკის ოკეანეში შესახვედრად და ბადრაგირებით მურმანსკის პორტში მისაცილებლად.

მაგრამ, როგორც ხედავთ, ტრამპმა არათუ ყურად იღო პუტინის გაფრთხილება, არამედ ამერიკელ საზღვაო სპეცრაზმელებს უბრძანა რუსული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის თვალწინ მოეხდინათ ტანკერ „მარინერას“ დაპყრობა შვეულმფრენებიდან მის გემბანზე დესანტირებით.

და კრემლმა რითი უპასუხა ამერიკელების ამ გამომწვევ ძალისმიერ ქმედებას, რუსულდროშიანი ტანკერის დაპყრობის შემდეგ?

ვერც ვერაფრით - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ტანკერის ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მოითხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრების ღირსეული მოპყრობა და არ შეუშალოს ხელი მათ სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას...

ფაქტია, რომ ჯერ ვენესუელის პრეზიდენტის მისი რეზიდენციიდან გატაცებით, შემდეგ რუსულდროშიანი ტანკერის ასე „თავხედურად“ დაპყრობით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იწყებს იმავე ტაქტიკით მოქმედებას, რაც აქამდე, ძირითადად, სწორედ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ცინიკურ ქმედებებს ახასიათებდა...

ანუ ტრამპი პუტინს მისსავე მოქმედების ტაქტიკას უპირისპირებს და ამას თუკი მოჰყვა რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვების რეალური და სრული დაბლოკვაც, მაშინ...

ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ - „დღეს პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს… ეს დროული იქნება, რადგან უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს… ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა წაახალისოს ისინი, შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ მოწყობილი სისხლისღვრის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველი ორპარტიული კენჭისყრის ძლიერ შედეგებს, რომელიც, იმედია, მომავალ კვირას გაიმართება“.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად რეალურია ფრანგულ-ბრიტანული ჯარების შესვლა უკრაინაში და რას გეგმავს პუტინი გაზაფხულზე?!

დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?!

ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელის შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?!

ოთხწლიან ომში ჩაფლული პუტინი შურით სკდება - ტრამპმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 40 წუთში ჩაამთავრა...