ნადირობა პრეზიდენტებზე ამერიკულად - პროსაბჭოთა ირანელი პრემიერის დამხობა, ალიენდეს ტრაგიკული აღსასრული, მოუხელთებელი კასტრო და "მოპარული" მადურო
აშშ-ის ხელისუფლების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის კარაკასიდან გატაცების უნიკალური სამხედრო სპეცოპერაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მსოფლიო ისტორიაში „სუპერმენად“ დამკვიდრების კიდევ ერთი მცდელობაა. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ამ სპეცოპერაციის შედეგები, არა მარტო თავად ვაშინგტონის, არამედ - მთლიანად მსოფლიოსთვის. ისიც უცნობია, ამ „კოვბოური დიპლომატიით“ ვენესუელის მმართველი დიქტატორული რეჟიმი უფრო ხომ არ გაძლიერდება.
ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არც ნიკოლას მადურო და არც მისი „მამობილი“ – უგო ჩავესი იყვნენ „ანგელოზები“. ვენესუელაში მათი დიქტატურა უკვე ოც წელზე მეტია, რაც ბოგინობს და ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში არც ერთი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული ქვეყნების არა ერთი რეზოლუცია/ მოთხოვნების მიუხედავად, ჩავეს/მადუროს „ქარავანი“ ქვეყნის ანტიდემოკრატიულ კურსს არ ცვლიდა. ასეულ ათასობით ვენესუელელი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევები ათწლეულებია გრძელდება და გამოსავალი არ ჩანს. ვენესუელის დიქტატორები კი დროს არ კარგავდნენ და მსოფლიოს ყველაზე მარგინალურ პოლიტიკურ რეჟიმებთან გამონახეს საერთო ენა. თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ რუსეთისგან, ძალზე შეღავათიანი პირობებით, 2,2 მილიარდი დოლარის იარაღი მიიღო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარების სანაცვლოდ.
XX საუკუნის დასაწყისი და პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის რვაწლიანი მმართველობის პერიოდი საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის მანამდე უჩვეულო სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობით გამოირჩეოდა. აშშ-ის ძალისმიერი მოქმედებები ქრონოლოგიურად შემდეგნაირად გამოიყურება: 1902 წ. - აშშ-მა აიძულა ჰაიტის ხელისუფლება, გადაეხადა ევროპის ბანკების დავალიანება; 1903 წ. - მოახდინა “სახალხო” აჯანყების პროვოცირება პანამაზე, რის შედეგადაც გამოაძევა კოლუმბია და თავად დააწესა კონტროლი იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდეგ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი - პანამის არხი აშენდა; 1905 წ. - ფინანსური პროტექტორატი დააწესა დომინიკის რესპუბლიკაზე; 1906 წ. - აშშ-ის ჯარებმა მოახდინეს კუბის ოკუპაცია და სხვ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-მა სპეცსამსახურების დახმარებით და სამხედრო გადატრიალების ორგანიზებით შეძლო მისთვის სასურველი რეჟიმების ქვეყნის სათავეში მოყვანა (ირანი, ჩილე, ნიკარაგუა და ა. შ.). სხვა შემთხვევებში კი სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენებით მიაღწია საკუთარი ეროვნული ინტერესების (სტრატეგიულ რესურსებზე თავისუფალი წვდომა) დაცვას: ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დატყვევება, გასამართლება და სიკვდილით დასჯა.

მოჰამედ მოსადეყი
ნავთობის და ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგები ადრეც და ამჟამადაც განსაზღვრავენ ირანის ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ სტალინის დროიდან ცდილობდა ირანის წიაღისეულ რესურსებზე კონტროლის მოპოვებას, ასევე, ამ ქვეყნის სამხრეთ კავკასიის საგარეო-პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე თურქეთის საპირწონედ გამოყენებას. მეორე მსოფლიო ომის დროს ირანის შაჰინშაჰმა რეზა ფეჰლევმა (1878-1944) უარყო დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის თხოვნა, ირანში ჯარების განლაგების შესახებ. თუმცა 1941 წლის აგვისტოს ბოლოს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარები ირანში შეიჭრნენ, დაიკავეს ქვეყნის ტერიტორია და შაჰი გადააყენეს. ირანის ახალ მმართველად და შაჰად მისი ვაჟი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1919-1980) გამოცხადდა, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირთან და დიდ ბრიტანეთთან და ომი გამოუცხადა გერმანიას.
ისტორიულად ირანში ყოველთვის აქტიურად მოქმედებდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები და მათი აგენტურა. საბჭოთა დაზვერვის სამსახურში, ძირითადად, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების ემიგრანტები და საბჭოთა მოქალაქეები (მაგ. ატაკიშიევი, ალახვერდოვი, აღაიანცი, ვართანიანი და სხვები) იყვნენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტორმაც (უსაფრთხოების თვალსაზრისით) განაპირობა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილის, აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტისა და საბჭოთა ბელადის - სტალინის პირველი ერთობლივი შეხვედრა სწორედ ირანის დედაქალაქ თეირანში შედგა. ეს შეხვედრა ბევრი საინტერესო მოვლენითაა გამორჩეული. ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი ისტორიული ფაქტი იოსებ სტალინის მოულოდნელი ვიზიტი იყო ირანის ოცდაოთხი წლის შაჰთან. მანამდე მოჰამედ რეზა ფეჰლევი თავად ეახლა ჩერჩილსა და რუზველტს და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც საბჭოთა დელეგაცია, სტალინის მეთაურობით, შაჰს სასახლეში თავად ეწვია (სტალინის ამ ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი მითი და ლეგენდაა გავრცელებული, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული წყაროების არარსებობის გამო, დღეს ამაზე არ შევჩერდები).
თუმცა სტალინის „დიპლომატიურმა ეშმაკობამ“ ირანის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მაინც ვერ შეცვალა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევმა მკვეთრად პროდასავლური კურსი აირჩია. იმ პერიოდში ირანში მრავლად იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი სამხედრო მრჩევლები და ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირმა ამ დანაკარგის ანაზღაურება ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურებით სცადა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.
1951 წლის აპრილში ახალგაზრდა შაჰმა ირანის პრემიერ-მინისტრად მოჰამედ მოსადეყი (1882-1967) დანიშნა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის, უპირველესად კი - ნავთობმომპოვებელი მრეწველობის ნაციონალიზაცია და ამ სფეროდან უცხოელი კომპანიების გაძევება გადაწყვიტა. ამის შემდეგ მოსადეყს „მადა გაეხსნა“ და 1952 წლის ივლისის დასაწყისში შაჰს პრემიერ- მინისტრის უფლებამოსილების გაზრდა და ირანის არმიის მის დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ამის საპასუხოდ შაჰმა 16 ივლისს მოსადეყი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ამას კი საბჭოთა დაზვერვისგან მხარდაჭერილი ირანის კომუნისტური „სახალხო პარტია „თუდეს“ მიერ კარგად ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვა და აჯანყება მოჰყვა. 22 ივლისს შაჰი იძულებული გახდა, მოსადეყი ხელახლა დაენიშნა პრემიერ-მინისტრად.
1953 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა მოსადეყმა შაჰს პირდაპირ შეუტია და ირანის დატოვება მოსთხოვა. მაშინ კი მიხვდნენ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომ ირანს კარგავდნენ და ეს ქვეყანა სულ მალე საბჭოთა კავშირის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცეოდა. 1953 წლის აგვისტოში ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვამ (მი-6) დაგეგმეს და განახორციელეს ერთობლივი სპეცოპერაცია “აიაქსი”, რის შედეგადაც ირანის მემარცხენე ძალების პროსაბჭოთა მთავრობა პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყის მეთაურობით დაემხო და ქვეყანაში რეზა ფეჰლევი დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა კერმით რუზველტი, აშშ-ის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის შვილიშვილი. ახალგაზრდა შაჰმა ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება დაიწყო, ხოლო საგარეო-პოლიტიკური კურსი გამოკვეთილად “პროდასავლური” გახადა. იმ პერიოდში ირანში მრავლად იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი სამხედრო მრჩევლები და ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები. მოჰამედ მოსადეყი კი გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ქვეყნიდან უცხოელი (უმთავრესად ამერიკელი) ინვესტორების გაძევებას და მრეწველობის ნაციონალიზაციას შეეწირა ჩილეს პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს არა მარტო პოლიტიკური კარიერა, არამედ -სიცოცხლეც.
1970 წლის 4 სექტემბერს ჩილეში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, უმნიშვნელო უპირატესობით (ერთი პროცენტის სხვაობით) გაიმარჯვა სოციალისტური პარტიის ლიდერმა სალვადორ ალიენდემ. მისი გამარჯვება, ფაქტობრივად, გადაწყვიტა იმ ნახევარმა მილიონმა დოლარმა, რომელიც საბჭოთა კავშირმა კა-გე-ბეს რეზიდენტის, სვიატოსლავ კუზნეცოვის საშუალებით გადასცა ალიენდეს გარემოცვას. ჩილეს ახალ პრეზიდენტს რეგულარული შეხვედრები ჰქონდა კუზნეცოვთან, რომელსაც ალიენდეს მდივან/საყვარელი, მირია კონტრერას ბელი (კა-გე-ბეს კართოტეკაში ოპერატიული მეტსახელი „მარტა“) აორგანიზებდა.

ლეონიდ ბრეჟნევი და სალვადორ ალიენდე. მოსკოვი. 1972 წლის დეკემბერი.
ჩილეს ახალი პრეზიდენტი უსიტყვოდ ასრულებდა მოსკოვის რეკომენდაციებს: მრეწველობის ნაციონალიზაციას და ამერიკელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევებას, ასევე, შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების საბჭოთა ყაიდაზე რეფორმირებას.
სალვადორ ალიენდეს ჩილეს პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა ანალიტიკური ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლით აშშ-ის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნოდა. ამ პერიოდში ჩილეში 110 ამერიკული ფირმა მოქმედებდა და ინვესტიციები 1 მლრდ დოლარს აჭარბებდა. ეს ფირმები ("ანაკონდა კომპანი", "კენეკოტ კოპერ კორპორეიშენი", "ინტერნეიშენალ ტელეფონ ენდ ტელეგრაფ კორპორეიშენი" და ა. შ.) საკუთარი ქონების დაკარგვის ანუ ნაციონალიზაციის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია არჩევნის წინაშე დადგა, თუ როგორ წარემართათ პროცესები: პირდაპირი სამხედრო ჩარევით, შიდაპოლიტიკური კრიზისის პროვოცირებით (შედეგად - ჩილეს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა) თუ ეკონომიკური სანქციების (ჩილეს საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემების ბლოკირება; ყოველგვარი ფინანსური და ტექნიკური დახმარებების შეწყვეტა; ამერიკული ბანკების საქმიანობის შეჩერება და სხვ.) ამოქმედებით. აღნიშნული ღონისძიებების საბოლოო მიზანი ჩილეს ხელისუფლების სოციალისტური გეგმების ხელის შეშლა იყო. ეკონომიკური სანქციებისა და

ფიდელ კასტრო და სალვადორ ალიენდე
შიდაპოლიტიკური სიტუაციის ხელოვნურად გართულების მიუხედავად ხელისუფლებიდან სალვადორ ალიენდეს მთავრობის ჩამოშორება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა ვაშინგტონში ხედავდნენ რეალურ საფრთხეს, რომ ალიენდეს შეეძლო ჩილე „კომუნისტურ გზაზე“ დაეყენებინა, რაც ლათინურ ამერიკაში საშიშ პრეცედენტს შექმნიდა და შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც (არგენტინა, პერუ, ბოლივია და სხვ.) პროსაბჭოთა და ანტიამერიკული განწყობები გაეძლიერებინა. ამის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციამ გამოიყენა უკანასკნელი ხერხი: 1973 წლის 11 სექტემბერს ჩილეს სამხედროებმა გენერალი პინოჩეტის (1915–2006) მეთაურობით მოახდინეს სამხედრო

სალვადორ ალიენდემ თავი მოიკლა იმ ავტომატით, რომელსაც ფოტოზე ხედავთ და რომელიც ფიდელ კასტროს ნაჩუქარი იყო. 1973 წლის 11 სექტემბერი.
გადატრიალება, რის შედეგადაც ამ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეიცვალა სოციალიზმიდან – კაპიტალიზმისაკენ. ამასთან ერთად ამერიკულ კომპანიებს საშუალება მიეცათ კვლავ გაეგრძელებინათ სამეწარმეო საქმიანობა. ჩილეში დამყარდა გენერალ აუგუსტინიო პინოჩეტის სამხედრო დიქტატურა, რომელმაც 1990 წლის 11 მარტამდე გასტანა. თუმცა 1998 წლამდე ქვეყანას ფაქტიურად კვლავ პინოჩეტი მართავდა. სამხედრო ხუნტა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების („შოკური თერაპიის“) გასატარებლად ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის მილტონ ფრიდმანის რეკომენდაციებით ხელმძღანელობდა. მართლაც სულ რამდენიმე წელიწადში ჩილე არა მარტო გამოვიდა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ სწრაფად მზარდი ეკონომიკაც შექმნა. ეს გახლდათ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლიბერალური საბაზრო–ეკონომიკური რეფორმები სამხედრო დიქტატურისა და საბაზისო დემოკრატიული პრინციპების შეზღუდვის პირობებში წარმატებით განხორციელდა.
წელს ათი წელი შერულდება, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე "სტაჟიანი" დიქტატორი, თითქმის ორმოცდაათი წლის მანძილზე კუბის ერთპიროვნული მმართველი, ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ის აშშ-ის სპეცსამსახურების „ყურადღების“ ქვეშ იყო, თუმცა ვაშინგტონმა ვერ შეძლო კასტროს რეჟიმის შეცვლა . შეიძლება გახსოვთ: ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ კომედიაში პატარა წრუწუნამ ისე გააწამა მამის მემკვიდრეობით გახარებული ორი ძმა, რომ დიდი წვალებით დაჭერილი თაგუნა ყუთში ჩასვეს, შეფუთეს და ფოსტით კუბის ლიდერს - ფიდელ კასტროს გაუგზავნეს. თან, ალბათ, გაიფიქრეს - "შენც ისე დაგაქციოს, როგორც ჩვენ გაგვამწარაო". შეიძლება ეს იყო ამერიკელთა ყველაზე ალალი ხუმრობა, რადგანაც 1959 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის სპეცსამსახურებს არაერთი უფრო "მწარე ხუმრობა" დაუგეგმავთ კუბის წვეროსანი დიქტატორის ლიკვიდაციის ან მისი კომპრომეტაციის მიზნით. ზოგი მათგანი კუბის ლიდერის დაცვის სამსახურმა აიცილა თავიდან, ზოგი კი - თავად ამერიკელებს ჩაუფლავდათ. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ხელმძღვანელობა სისტემატურად გეგმავდა ფიდელ კასტროზე ფიზიკური ლიკვიდაცია/ზემოქმედების ოპერაციებს.
თავიდან აშშ-ში ფიდელს ნაკლებად სერიოზულ საფრთხედ განიხილავდნენ და მხოლოდ მის მსუბუქ კომპრომეტირებას ცდილობდნენ. ამ მიზნით 1960 წლის მარტში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ფიდელის, როგორც ახალგაზრდა და მთელ ლათინურ ამერიკაში უკვე ძალზე ქარიზმული (გარეგნობითა და ორატორობით) ლიდერის, სახალხო პოპულარობის გაქარწყლების ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია დაევალა. ამერიკელი მზვერავების ფანტაზიას მართლაც, რომ საზღვარი არ ჰქონდა. ცსს-ის ოპერატიულ–ტექნიკურ სამსახურმა წარმოადგინა ფიდელის "მსუბუქად დაჩმორების" სამი გეგმა: პირველი ითვალისწინებდა სპეციალური ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებას ფიდელის რადიოთი გამოსვლის წინ. კერძოდ, რადიოსადგურის ის სტუდია, საიდანაც კუბის ლიდერს ხალხისთვის უნდა მიემართა, დამუშავდებოდა ფსიქოტროპული აეროზოლებით და თანდათან "ჩანირვანებულ" ფიდელს თავისი მრავალსაათიანი გამოსვლის ბოლოს "ენა ჩაუვარდებოდა" ან ისეთ სისულელეებს წამოროშავდა, რომ მეორე დღეს გამარჯობასაც არავინ ეტყოდა. მაგრამ ეს გეგმა დაიწუნეს, რადგანაც ქიმიკოსები ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს პრეპარატები ფიდელს, პირიქით - ენერგიას არ შემატებდა და ლაპარაკის მადას არ გაუხსნიდა. მეორე გეგმის მიხედვით, ფიდელ კასტროს შეურაცხად მდგომარეობამდე მისაყვანად უნდა მოეხდინათ მისი საყვარელი ჰავანური სიგარების სპეციალური პრეპარატით დამუშავება. "მოხალისეებზე" (პატიმრებზე) ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ამ იდეის რეალურობა დაამტკიცა. გაამზადეს და ლამაზად შეფუთეს დამუშავებული სიგარებით სავსე ყუთი, მოიფიქრეს მისი ფიდელისთვის საჩუქრად გადაცემის ლეგენდაც... მაგრამ ბოლო მომენტში, იმის შიშით, რომ ფიდელს შესაძლოა ეს სიგარები თვითონ კი არ გაებოლებინა, არამედ - სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის საჩუქრად გაეგზავნა, ამ გეგმის რეალიზებაზეც უარი თქვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:ნიკოლას მადუროს შვილი: "მისტერ ტრამპ, ჩვენ თეთრ სახლს ავიღებთ!" - რა მოხდება, თუ ვენესუელის ხელისუფლება "დიდ დონალდს" არ დაემორჩილება?!
მესამე გეგმა, ალბათ, ყველაზე ფანტასტიკური იყო და მიზნად ისახავდა ფიდელის "სავიზიტო ბარათის"- წვერების განადგურებას. ცსს-მ შეიტყო, რომ კუბის ლიდერი ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზიტით მიემგზავრებოდა. საჭირო იყო მის ტანსაცმელში ან ფეხსაცმელში შეუმჩნევლად სპეციალური ქიმიური ფხვნილი ჩაეყარათ, რომ მეორე დილას მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელს ოფიციალურ მოლაპარაკებებზე "წვერა" ფიდელ კასტრო რუსი კი არა, "ფანტომასი" შერჩენოდა ხელში. ცსს-ს ხელმძღვანელობა დიდ საერთაშორისო სკანდალს მოერიდა და ეს გეგმაც დაბლოკა. ცსს-ს ეს "მახვილგონივრული" ჩანაფიქრები ისტორიისთვის საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა აშშ-ის სენატის საგამოძიებო კომისია (ე.წ. ჩერჩის კომიტეტი), რომელიც 1975-1976 წლებში იძიებდა ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაშვებულ კანონდარღვევებს.

ნიკოლას მადურო და ფიდელ კასტრო: „შეგირდი“ და „ოსტატი“
კუბის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს ფიდელ კასტროზე თავდასხმის შვიდასამდე მცდელობა ჰქონდათ. გამოდის, რომ ამერიკის დაზვერვას მსოფლიოში სხვა საქმე არ ჰქონია და მხოლოდ ფიდელზე თავდასხმაზე ფიქრობდა. ბუნებრივია, ეს ციფრი გაზვიადებულია და "მოუხელთებელი ფიდელის" ვაჟკაცობის გაპიარებას ემსახურება. გასული საუკუნის 60-იან წლებში ცსს-ს ლათინური ამერიკის განყოფილების უფროსი ბრაიან ლათელი ამტკიცებს, რომ ფიდელის წინააღმდეგ სულ 2-3 ოპერაცია დაიგეგმა და მათ განხორციელებამდე საქმე არც მისულა, ხოლო აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა საერთოდ აგვიკრძალა ფიდელის ლიკვიდაციის ოპერაციების დამუშავებაო.
"ჩერჩის კომიტეტმა" ფიდელზე თავდასხმის რვა ოპერაციის მომზადების შესახებ განაცხადა, თუმცა აქტიურ ფაზაში არც ერთი მათგანი არ გადასულა. სხვა სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაციის ოპერაციის შესრულებაზე სანქცია აშშ-ის პრეზიდენტს უნდა გაეცა, როგორც ჩანს, არავის უნდოდა ამ უმძიმესი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება. თავის მხრივ, ფიდელ კასტრო ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და პირადი დაცვის საკითხებს თავადვე აკონტროლებდა. ფიდელი არავის ენდობოდა. თავად მისი მთავრობის წევრებმაც კი ხშირად არ იცოდნენ, თუ ესკორტის რომელ ავტომობილში იჯდა "წვერა დიქტატორი". 1979 წლამდე ფიდელ კასტრო საბჭოთა წარმოების შავი ლიმუზინით, მძიმე და მოუხერხებელი დაჯავშნილი "ზილით" გადაადგილდებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის საჩუქარი იყო. 1979 წლის სექტემბერში ჰავანაში ვიზიტით ჩასულმა "კოლეგა დიქტატორმა" ერაყიდან, სადამ ჰუსეინმა ფიდელს მართლაც რომ "მეფური საჩუქარი" - დაჯავშნილი ლიმუზინი "მერსედეს ბენც 560 სელ" მიართვა. სამშობლოში ავტომობილით გადაადგილებისას ფიდელი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავდა. მისი ერთ-ერთი პირადი მცველი იხსენებს, რომ ლიმუზინში ფიდელს ფეხებთან ყოველთვის ედო საბჭოთა ავტომატი "აკ-74-მ" რამდენიმე მჭიდით. ავტომობილის საბარგულში კი ყოველთვის ეწყო: სამედიცინო ჩანთა, სამხედრო კომუფლიაჟის ერთი კომპლექტი, სპორტული ტანსაცმელი, კალათბურთის ბურთი და... კიდევ ერთი "აკ-47". "სოციალისტური პიარის" დიდოსტატი ფიდელ კასტრო ყოველთვის ცდილობდა, ხალხში უშიშარი რევოლუციონერის იმიჯი განემტკიცებინა, ამიტომ ხშირად ავტომობილიდან გადმოდიოდა და ქუჩაში ხალხთან კონტაქტს არ ერიდებოდა. ფერდაკარგულ პირადი დაცვის წევრებს კი გაბრაზებული ეუბნებოდა: "თქვენ რა გინდათ, საწოლში რომ მოვკვდე? მე, როგორც რევოლუციონერი, ბრძოლაში უნდა დავიღუპო, თქვენი მოვალეობა კი ისაა, რომ ეს რაც შეძლება გვიან მოხდეს". 2016 წლის 25 ნოემბერს ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში მართლაც საკუთარ საწოლში გარდაიცვალა. სალვადორ ალინდე და ფიდელ კასტრო ლათინური ამერიკის კერპებად არიან ქცეული. ხომ არ მიემატება მათ რიცხვს ნიკოლას მადუროც?