"ამაზე საუბარს ყველა ერიდება, მაგრამ უნდა ითქვას..." - სახიფათო სცენარი ანუ "იბუთქებს" თუ არა ახალი დიდი ომი ევროპაში?!
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე აფასებს, თუ რა გაკვეთილი გვიჩვენა რუსეთ-უკრაინის ომმა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და რა გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო.
- სამხედრო თვალსაზრისით, ეს ომი დრონების ომზე გადავიდა. ურბანული ცენტრების მიღმა შეტაკებები გაიშვიათდა. ომის პირველ თვეებში ადამიანური მსხვერპლი ფრონტის ხაზზე 3-დან 9%-მდე იყო და დღეს ეს ჩამოსულია 1-2%-ზე. აქედან გამომდინარე, ომმა ხასიათი შეიცვალა... რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ ხელოვნური ინტელექტის ელემენტი, რომელიც ომში მომავლის ტექნოლოგია იქნება...
რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას, ერთ-ერთი მთავარი დასკვნა, რაც ამ ომიდან უკრაინამ გამოიტანა, არის ის, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი შეიარაღების წარმოება. უკრაინას ისედაც ჰქონდა შეიარაღება და წარმოება, მაგრამ ამ ომის განმავლობაში მთლიანად გადაიტანა მიწისქვეშეთში, ასევე მოახერხა მათი ნაწილის გატანა ევროპის ტერიტორიაზე, დანიასა და პოლონეთში. არის ვერსია, რომ შესაძლოა ბალტიის ქვეყნებშიც იყოს წარმოების საშუალებები. ამ ომში რუსეთმა საჰაერო დომინაცია ვერ მოიპოვა - რუსეთმა რომ გარდატეხა ვერ შეიტანა ამ ომში, სწორედ ეს არის ერთი მიზეზი. კი, ჰქონდა დიდი რაოდენობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ უკრაინას აღმოაჩნდა ძალიან დიდი პატრიოტული მოტივაცია და სული, ასევე მნიშვნელოვანია დასავლური შეიარაღება, რომელმაც შეძლო ჰაერში რუსული დომინაციის შეზღუდვა. მთავარი დასკვნა ის არის, რომ მხოლოდ ამერიკაზე დაყრდნობა, ალბათ, არასწორია. ბოლო წელია ევროპულმა დახმარებამ უკრაინას ძალიან გაუძლიერა პოზიცია. ამერიკის კრიტიკისა და მუქარის მიუხედავად, ახლა უკრაინას შეუძლია თავად წარადგინოს ისეთი დღის წესრიგი, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს. უკრაინამ შეძლო მოსახლეობის კრიტიკული ნაწილის კონსოლიდაცია. პირველ თვეებში მოსახლეობის 90% იცავდა ქვეყანას, დღეს ეს რიცხვი 60%-ზე მაღალია...
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი ანდრეი ბილეცკი ირწმუნება, რომ "რაც უფრო მეტად იწელება ომი, მით უფრო უჭირს რუსეთს ძალის ილუზიის შენარჩუნება, რისთვისაც უკვე უამრავი სიცოცხლეა გადახდილი. მისი დანაკარგი იმდენად გაიზარდა, ამის ანაზღაურება შეუძლებელია".
- ბილეცკი სერიოზული სამხედრო ფიგურა და აზოვის ბრიგადის ერთ-ერთი მეთაურია, თუმცა პოლიტიკური ამბიციები აქვს და მომავალში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭიც იყაროს. დიახ, რუსეთს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მაგრამ ჯერ არა იმდენად, რომ ჩამოიშალოს. რუსეთს ამოუწურავი რესურსები ნამდვილად არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ისინი ქაოსურ შეტევებს აწარმოებენ, მასობრივი მსხვერპლისა და მასობრივი შესევის ხარჯზე, რასაც თავად ე.წ. ხორცის შტურმებს ეძახიან. რუსული წარმატების ანაბანა სწორედ ის არის, რომ მათ "ხორცის შტურმებში" მიაღწიეს დიდ გარღვევას, მაგრამ ამ შტურმებსაც ლიმიტი აქვს, თავდასხმით ომში ბოლო კაცამდე არავინ იომებს. ბილეცკი ამბობს, დაღუპულთა რაოდენობის შეფარდება ზოგიერთ სექტორზე 1/8-ზე მოდისო. ეს ძალიან დიდი რიცხვია და ამან თუ მართლა მასობრივი ხასიათი მიიღო, ეს უკვე რუსეთის დამარცხების გარანტიას იძლევა. ამ ეტაპზე არა მგონია, მთელი ფრონტის ხაზზე ასეთი ვითარება იყოს. ეს უფრო ჰულიაი-პოლეში, ზაპოროჟიეშია, სადაც რუსებს ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ, ძირითადად, პოკროვსკის, ჰქონდა ასევე სივერსკის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქის საზღვარი) მიმართულებებზე. ეს კრიტიკული წერტილი რუსებმა რამდენიმე დღის წინ აიღეს, არადა, ამ წერტილში უკრაინელები 4 წლის განმავლობაში იდგნენ. კუპიანსკის მიმართულებაზე რუსებმა სუიციდურ მისიებს მიმართეს, გზავნიდნენ იმ რუს სამხედროებს, რომლებიც უეჭველ სიკვდილზე მიდიოდნენ - მცირე ჯგუფებად შედიოდნენ კუპიანსკში, მათი მიზანი იყო მხოლოდ დროშა დაერჭოთ და ეთქვათ, აი, პოზიცია გვიჭირავსო. შემდეგ შედიოდნენ უკრაინელი სამხედროები და მიდიოდა ამ პატარა ჯგუფების განეიტრალება, რუსების რიგებში უზარმაზარი მსხვერპლი იყო. მათ ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი ვერ დაიკავეს. უკრაინელების კონტრშეტევა იყო და ახლაც მიმდინარეობს, რუსეთის ნაწილი დანებდა, ნაწილი შიგნითაა მოქცეული და მათი მომავალი გაურკვეველია. რუსეთი იძულებული გახდა ამ მიმართულებაზე დამატებითი რეზერვები გადაესროლა, არადა, კუპიანსკი ის ქალაქია, კრემლში გამარჯვების ზეიმი წინასწარ რომ ჩაატარეს.
- დასავლეთი დიდ სამზადისშია, მიდის ფორსირებული მილიტარიზაცია, დაიწყეს წვრთნები ბალტიისპირეთმა, ფინეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა... ევროპამ საბოლოოდ თუ გააცნობიერა, რომ რუსეთის შეკავება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი?
- სხვა გზა არ არის - თუ გინდა მშვიდობა, უნდა ემზადო ომისთვის. საინტერესო სხვა რაღაცაა: სამხედრო სფერო ინვესტიციაა. მაგალითად, გერმანიას დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა არ ჰქონდა იმიტომ, რომ მიგრანტებს როცა იღებდა, ძირითადი ფული მათი პრობლემების მოგვარებაში მიდიოდა. დღეს თუ ამ ფულს თავდაცვას მოახმარს, ეს იქნება ეკონომიკური ინვესტიცია, იმიტომ, რომ ლეგალურ ბიზნესებს შორის იარაღის წარმოებაზე შემოსავლიანი სახელმწიფოსთვის სხვა არ არსებობს. ამას დაუმატეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარება, ინოვაციების გამოგონება, მთელი სექტორებია, რომლებიც ამაშია ჩართული. საინტერესოა, რომ პოლონეთის ეკონომიკური ზრდაც პოსტსოციალისტური ბანაკის ნგრევის შემდგომ არ შეჩერებულა - იარაღს აწარმოებს, ყიდის და აქვს ძლიერი ეკონომიკა. თუ შენ ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო იქნები, გარედან ვერავინ მიგითითებს, რა უნდა გააკეთო. ვერც რუსეთი შეაშინებს ევროპას და ვერც ამერიკა უკარნახებს, როგორ მოიქცეს რუსეთთან ან სხვასთან. სხვათა შორის, ბოლო ხანებში ევროპელი ლიდერები ამას მიხვდნენ. მესამე და მთავარი - ევროპაში შეიარაღებაზე ტაბუ მოიხსნა. გერმანიის მილიტარიზაციას ტაბუ ედო, ფინეთი ნეიტრალურობის გამო მილიტარიზაციას არ აჩენდა, იქით შვედეთი ფრთხილობდა. ახლა შეიარაღებაზე ტაბუ მოიხსნა. ევროპის სახელმწიფოები ევროკავშირთან ერთად და ცალ-ცალკეც ანგარიშგასაწევი ძალა ხდებიან, რაც ჩვენთვისაც სასურველია.
რუსეთს მოუწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა, თუკი მან ევროპის რომელიმე ქვეყანას დაარტყა. რუსეთს შეიძლება ჰქონდეს მოტივაცია, გადაამოწმოს ევროპისა და ნატოს ერთგულება. შეიძლება მან "გადამოწმება" სცადოს ბალტიისპირეთშიც (თუ უკრაინის ომი მოიგო, ამას აუცილებლად იზამს; თუ არ მოიგო, შეიძლება მაინც სცადოს). მინდა კარგად დავინახოთ სურათი, რაზე საუბარსაც ყველა ერიდება:
1. მაგალითად, თუკი ნარვაში შევიდა პატარა რუსული დანაყოფი, ამით რუსეთმა შეიძლება გაიგოს, არის თუ არა ნატო საკუთარი წევრების ერთგული;
2. თუკი დაინახავს, რომ ნატო ერთგულია და ნარვაში შესულ რუსულ ჯარს გაანადგურებენ, რუსეთს სჯერა, რომ ამით დასრულდება ყველაფერი, იმედი აქვს, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა; ხოლო თუ ნატო არ აღმოჩნდა ერთგული, ამან შეიძლება შემდგომში სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღოს და რუსეთი მართლაც შეეცადოს ტალინამდე ან სხვა ქალაქამდე ჩავიდეს.
მეორე ასპექტიც საინტერესო იქნება - არა მარტო ევროპული ქვეყნები, არამედ პირველ რიგში აშშ დაიცავს თუ არა ამ კონკრეტულ სახელმწიფოს.
ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე თვე რუსეთი უფრო ფრთხილი იქნება, რადგან ისედაც მძიმე მდგომარეობა აქვს და შეიძლება დიდად გადამოწმების თავი არ ჰქონდეს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციაში ქაოსი და მომდევნო 3 წელი დაძაბულობა, შეიძლება ამგვარი "გადამოწმებების" მოტივატორი გახდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა, ამ ომის პირობებში რუსეთმა დაძრას ტანკები და რიგაში ჩავიდეს, მაგრამ რომ რაღაცებს ცდილობს, ფაქტია - ნატო გადაამოწმა, გამანადგურებლებით მისი წევრის საჰაერო სივრცე დაარღვია, ასევე იყო ესტონეთშიც, ესტონეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოჩნდა რამდენიმე ჯარისკაცი (ვითომ დაიკარგნენ, მაგრამ სპეციალურად გადაკვეთეს საზღვარი)... ამის საპასუხოდ დასავლეთში მზადება დაიწყო - ბრიტანეთმა ბალტიისპირეთში სამხედრო ნაწილები შეიყვანა, ესტონეთში გიგანტური წვრთნები მიდის, ასევე ფინეთშიც, სადაც ათიათასობით სამხედროა ჩართული და რაშიც წვევამდელები და მოხალისეებიც მონაწილეობენ, მომდევნო 2026 წელს პოლონეთი ნახევარ მილიონ სამოქალაქოს გადაამზადებს, როგორც სამხედროს.