პუტინის შურისძიება - კრემლის ბინადარმა ლვოვს "ორეშნიკით" დაარტყა - კვირის პალიტრა

პუტინის შურისძიება - კრემლის ბინადარმა ლვოვს "ორეშნიკით" დაარტყა

ისევ „ორეშნიკით“- პუტინმა მის რეზიდენციაზე თითქოსდა შეტევის შურისძიებისთვის უკრაინის ლვოვისკენ ბალისტიკური რაკეტა გააშვებინა...

8 იანვრის საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენკიმ ტელეეთერიდან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ 8-9 იანვრის ღამეს აგრესორი რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით აპირებდა უკრაინული ქალაქების დაბომბვას...

ზელენსკის სატელევიზიო გაფრთხილებიდან მალევე აშშ-ის საელჩომ უკრაინაში გაავრცელა სპეციალური მოწოდება უკრაინაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისთვის იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელი გახლდათ განსაკუთრებულად საშიში საჰაერო თავდასხმა რუსეთის მხრიდან და საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, ისინი აუცილებლად ჩასულიყვნენ ბომბსაფარებში...

ასევე დაგაინტერესებთ: ქართულეკიპაჟიანი რუსული ტანკერის "დაპყრობა" პრეზიდენტის მოტაცების შემდეგ - კიდევ რას აპირებს პუტინის ტაქტიკით ამოქმედებული ტრამპი?!

რამდენად რეალურია ფრანგულ-ბრიტანული ჯარების შესვლა უკრაინაში და რას გეგმავს პუტინი გაზაფხულზე?!

დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?!

ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელის შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?!

როგორც ჩანს, უკრაინულ და ამერიკულ დაზვერვას ჰქონდათ გარკვეული წინასწარი მონაცემები და მართლაც 8-9 იანვრის ღამეს რუსეთმა კომბინირებული საჰაერო დარტყმები „გერანების“, „კალიბრებისა“ და „ისკანდერების“ გამოყენებით მიაყენა უკრაინის რამდენიმე ქალაქს და მათ შორის - დედაქლაქ კიევსაც, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან რუსული რაკეტები კიევში ორ საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, მაგრამ...

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი როდი გახლდათ -უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ლვოვის რაიონში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე „უცნაური“ საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა -თითქოს მითიური ზევსი ღრუბლებიდან ელვას სტყორცნიდა მიწას...

ეს ვიდეოკადრები ერთიერთზე წააგავდა იმას, რაც მსოფლიომ პირველად იხილა, 2024 წლის 21 ნოემბერს, როდესაც უკრაინულ დნიპროში მდებარე „იუჟმაშის“ სარაკეტო ქარხანას რუსეთმა ასტრახანის ოლქის კაპუსტინ იარის პოლიგონიდან გაშვებული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რაც ამ კლასის ბალისტიკური რაკეტის პირველი საბრძოლო გამოყენება გახლდათ ომების ისტორიაში.

უკრაინული მხარე ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა ამჯერად რუსული „ორეშნიკის“ მეორედ გამოყენების სამიზნე და რამდენად იქნა ის დაზიანებული/განადგურებული.

გავრცელებული ვიდეოკადრებიდან კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ისევე, როგორც „იუჟმაშიშ“ სარაკეტო ქარხანაზე დარტყმისას, ამჯერადაც რუსული „ორეშნიკის“ საბრძოლო ნაწილში მხოლოდ კინეტიკური მოქმედების (ანუ ასაფეთქებელი ნივთიერებების გარეშე) ქობინები იყო მოთავსებული, რომლებმაც უდიდესი სიჩქარით დაარტყეს სახმელეთო სამიზნეს, სავარაუდოდ, მიწისქვეშა ბუნკერების კომპლექსს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მხოლოდ ისღა მოახერხა დაეფიქსირებინა, რომ ამ რუსული რაკეტის სიჩქარე ფრენის ბალისტიკურ ტრაექტორიაზე 13 ათას კმ/სთ-ს შეადგენდა ანუ წამში 3,6 კმ-ს ფარავდა და მისი ჩამოსაგდები ანტისარაკეტო საშუალება უკრაინელ სამხედროებს უბრალოდ არ აქვთ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოპერატიულად, ოფიციალურად დაადასტურა საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსის - „ორეშნიკის“ მეორედ გამოყენება უკრაინასთან ომში და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო გასული წლის 29 დეკემბერს „კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ვალდაიში საჰაერო თავდასხმის მცდელობისთვის პასუხი“...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კატეგორიულად უარყოფს ახალი წლის წინ ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე საჰაერო იერიშის მიტანას და არც ამერიკული და ევროპული სადაზვერვო სტრუქტურები ადასტურებენ ასეთ ფაქტს, პუტინმა ბოღმა გულში ჩაიდო და მაინც განახორციელა საპასუხო დარტყმა უკრაინულ ქალაქებზე და თანაც - „ორეშნიკის“ მეორედ გამოყენებით.

ბევრი ელოდა, რომ ასეთ „შურისმაძიებელ“ დარტყმას კრემლის ბინადარი ახალი წლის ღამეს განახორცელებდა, რათა უკრაინელებისთვის ჩაეშხამებინა ახალი წლის დადგომა, თუმცა კრემლმა ახალ წელს და შობის დღესასწაულზეც შეიცადა, მაგრამ უკრაინას მაინც დაარტყა განსაკუთრებულად...

ისე კი, ინფორმაციისთვის - გასულ 2025 წელს მხოლოდ ოთხი ღამე იყო, როდესაც რუსეთს უკრაინის ქალაქები არ დაუბომბავს ანუ დანარჩენი 361-ი ღამე უკრაინაში მაცხოვრებლებმა საჰაერო განგაშის ქვეშ გაათენეს...