"მესამე მსოფლიოს ომში გამარჯვებულს ხელოვნური ინტელექტის განვითარება განსაზღვრავს“ - სტატია, რომელიც ბევრს დააფიქრებს - კვირის პალიტრა

"მესამე მსოფლიო ომში გამარჯვებულს ხელოვნური ინტელექტის განვითარება განსაზღვრავს“ - სტატია, რომელიც ბევრს დააფიქრებს

აშშ-სა და ჩინეთს შორის უკვე მიდის „მესამე მსოფლიო ომი“, ნახევარგამტარების წარმოების სფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად“, - წერს პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმედ აკიფ სოისალი თურქულ გაზეთ „ენი საფაკში“ (Yeni Şafak) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ბირთვულმა ბომბმა გამოავლინა, ხოლო მესამე მსოფლიო ომში გამარჯვებულს ხელოვნური ინტელექტის განვითარება განსაზღვრავს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მეორე მსოფლიო ომი მოიგო იმ მხარემ, რომელმაც ატომური ბომბი შექმნა, დღეს კი აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე „მესამე მსოფლიო ომის“ ბედს, რომელიც „ჩიპ“-მიკროსქემების, ემბარგოებისა და ალგორითმების მეშვეობით მიმდინარეობს, კრიტიკულ მომენტში ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონე გადაწყვეტს.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მსოფლიო ორი რეალობის არსებობის პერიოდში იმყოფებოდა: პირველი - ფრონტებზე ბრძოლები გრძელდებოდა, იაპონია უარს აცხადებდა კაპიტულაციაზე, წყნარ ოკეანეში ომი მთელი ძალებით და საშინელებებით ბობოქრობდა. ტოკიოს ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული სამხედრო პოტენციალი, ჰყავდა თავგანწირული მფრინავები, ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ანუ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები საკმარისი იყო წინააღმდეგობის ხანგრძლივად გასაწევად. დღის წესრიგში დგებოდა კითხვა: როდის დასრულდება ომი? პასუხი გაურკვეველი იყო.

მაგრამ ვაშინგტონში 1945 წლის ზაფხულისათვის მეორე რეალობა დადგა: აშშ-მა, ფაქტობრივად, ომის დასასრული დააჩქარა, როცა „მანჰეტენის პროექტის“’ ჩარჩოებში, ატომური ბომბი შექმნა.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა ომის გაგრძელება კი არ იყო, არამედ - მისი დასასრულის გამოცხადება. თუმცა ობიექტურად რომ ვთქვათ, იაპონიამ სინამდვილეში ბევრად უფრო ადრე - ბომბების ჩამოყრამდე წააგო ომი, მაგრამ არც იმპერატორმა და არც მთავრობამ ეს არ იცოდა.

დღეს ამ ისტორიულ დეტალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ ატომური ბომბი არა მარტო ახალი იარაღი იყო, არამედ - შეუქცევად ასიმეტრიულ უპირატესობას ქმნიდა. ამიერიდან იაპონის არმიის რიცხოვნობა, მისი თავგანწირულობა თუ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აზრს კარგავდა. გარღვევა გადაულახავი აღმოჩნდა. სწორედ ეს იყო გამარჯვების მომასწავებელი გაელვება.

ამჟამად თანამედროვე გეოპოლიტიკაში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოვლენები ატომური ბომბების ჩამოგდების ფაქტს ჰგავს, თუმცა ამჯერად ჩვენ ვხედავთ არა კონკურენციას ან ტექნოლოგიურ შეჯიბრს, არამეს - საქმე ეხება „მესამე მსოფლიო ომს“, რომელიც დე ფაქტო დაიწყო ჩინეთსა და აშშ-ის შორის, ევროპა კი აშშ-ის ღერძზე ტრიალებს. ეს ომი მინდორ-ველებზე კი არ მიდის, კლასიკური გაგებით, არამედ - გამოიხატება ნახევარგამტარების წარმოებაში, მიკროსქემების უახლეს არქიტექტურაში, საექსპორტო ლიცენზიებში და მიკროემბარგოებში. ამ ომში თავდასხმის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს აშშ-ის მიერ გამოცხადებული შეზღუდვა ჩინეთში მოწინავე მიკროსქემების ექსპორტის შეზღუდვის თაობაზე, კონტროლი მაღალტექნოლოგიური აპარატურით ვაჭრობაზე, ტარიფების გამოყენება იარაღის სახით და სხვა მრავალი. ამ ფრონტებს დაემატა ევროკავშირის მიერ შემოღებული რიგი შეზღუდვები ჩინეთთან მიმართებით.

ასევე დაგაინტერესებთ: "2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

შიში და გაურკვევლობა კარაკასში - რა ხდება ვენესუელაში, რომლის პრეზიდენტი 3 იანვარს "მოიპარეს"

10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?!

ჩინეთის კონტრმოქმედება გამოიხატება საკუთარი წარმოების ჩიპების დანერგვით, იშვიათმიწა ლითონების საექსპორტო კონტროლით და მცდელობებით, რომ პეკინმა თვითონ მოახერხოს დეფიციტის დაძლევა.

ამრიგად, ის, რაც დღეს ხდება, მომავალი კონფლიქტის რეპეტიცია კი არ არის, არამედ - სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომი, თავისი შედეგებითა და უხილავი ფრონტებით, რომელიც განსაკუთრებული ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით მიმდინარეობს.

ამ დროს მთავარი კითხვა გახლავთ, თუ რა მომენტი გადაწყვეტს ომის დასრულებას. დღეისათვის ჩვენ შორის ცოტა ვინმეს თუ შეუძლია იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს კრიტიკული წამი. საქმე ეხება მომენტს, როცა ხელოვნური ინტელექტი შეძლებს თავისი თვითგანვითარების ციკლის შენარჩუნებას, ადამიანების ჩარევის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ის წამია, როცა ხელოვნური ინტელექტი შეწყვეტს თავის არსებობას ინსტრუმენტის სახით, რომელიც ადამიანისაგან დაკისრებულ რაღაც დავალებას ასრულებს და გადაიქცევა სუბიექტად, რომელიც ადამიანის გარეშე, თვითონ აფართოებს თავის შესაძლებლობებს. აი, სწორედ ეს იქნება „ჰიროსიმას აფეთქების“ ეკვივალენტი... მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ დროს არც აფეთქება ხდება, არც ხმა ისმის და არც რადიაციაა, არც საგაზეთო ხმამაღალი სათაურები, მაგრამ... არც უკანდასახევი გზა აღარ იქნება.

რატომ არის ეს მომენტი შეუქცევადი? იმიტომ, რომ როგორც კი ეს ზღურბლი გადაბიჯებული იქნება, ბალანსი მთლიანად დაირღვევა. კონკურენტები (ადამიანები) ლიდერს (ხელოვნურ ინტელექტს) ვეღარ დაეწევიან. ეს მათემატიკურად შეუძლებელი იქნება. გარღვევა ნელ-ნელა კი არ გაიზრდება, არამედ ექსპონენციურად (ზვავისებურად). ერთი მხარე ყოველი ნაბიჯით აჩქარდება, მეორე კი შეეცდება, მას მთელი ძალ-ღონის დაძაბვით დაეწიოს. ამ ეტაპის შემდეგ მსოფლიო ორ ნაწილად გაიყოფა: ვინც პროექტირებას ახდენს (ხელოვნური ინტელექტი) და ვინც მისი ასლების გადაღებით იქნება დაკავებული (ადამიანები).

ეს იგივეა, რომ ქუჩების სანთლებით განათება დაიწყო მზის ბატარეებისა და ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ. გარღვევას ვერ გადალახავ, უბრალოდ, იძულებული იქნები, რომ ჩამორჩენა აღიარო. აი, ეს მომენტი გადაწყვეტს იმ მსოფლიო ომის ბედს, რომელიც ახლა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, მსოფლიო უცებ ვერ შეამჩნევს იმ დროს, როცა ეს მომენტი დადგება, მაგრამ წლების შემდეგ გასაგები გახდება, რომ ძალთა გლობალური ბალანსი შეუმჩნევლად შეიცვალა. ყოველ ეპოქას ტექნოლოგიური ნახტომის გაცნობიერება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა აშკარა გახდება მისი ისტორიული შედეგები. დღეს რაც ხდება ამ სფეროში, ეს ხშირად უწესრიგო და უმნიშვნელო მოვლენებად აღიქმება.

ხელოვნური ინტელექტის რეალობა ის გარდატეხაა, რომელიც შეუმჩნევლად ცვლის მსოფლიო წესრიგს - ისე, როგორც ეს გააკეთა ატომურმა ბომბმა მე-20 საუკუნეში.

წყარო