შაჰის სახელობის რევოლუცია?! - დაემხობა თუ არა ირანში აიათოლების ხელისუფლება და რისთვის ემზადება ტრამპი?!
ირანში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვან ხელისუფლებას დამხობის საფრთხე შეექმნა...
ზუსტად 47 წლის წინ, 1979 წლის იანვარში ირანი მოიცვა მასობრივმა ქუჩის პროტესტმა, რის გამოც შაჰი ფეხლევი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად გაქცეულიყო სამშობლოდან, ხოლო იმავე წლის 1 თებერვალს კი თეირანში პარიზიდან ჩაფრინდა აიათოლა ხამენეი, რომელიც მანამდე საფრანგეთში, ემიგრაციაში იყო და შაჰის ხელისუფლებას ემალებოდა...
2026 წლის იანვარში კი ყველაფერი შეიძლება სარკისებურად გამეორდეს, რადგან ამჯერად ასეულ ათასობით ირანელი ისევ შაჰის დაბრუნებას ითხოვს ხელისუფლებაში, მანამდე კი აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის დამხობისთვის ქვეყნის რიგ ქალაქებში ძალისმიერ მასობრივ საპროტესტო გამოსვლები ეწყობა, საპოლიციო სტრუქტურებთან და ისლამური რევოლუციის გუშაგებთან პირდაპირ შეტაკებების ჩათვლით, რის შედეგადაც რიგ ქალაქებში დამწვარია პოლიციის მანქანები და შენობები, ხოლო ხელისუფლების დაცველთა მხრიდან გახსნილ ცეცხლს კი დემონსტრანტები ეწირებიან...
საპროტესტო ტალღა 2025 წლის დეკემბერში ირანული რიალის დევალვაციამ გამოიწვია - ეროვნული ვალუტა აშშ-ის დოლართან მიმართებაში თითქმის განახევრდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 38.9%-ს მიაღწია. თავდაპირველად თეირანში დემონსტრანტები ვალუტის კურსის მკვეთრ რყევებს და მათ გავლენას საბითუმო და საცალო ფასებზე აპროტესტებდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის შურისძიება - კრემლის ბინადარმა ლვოვს "ორეშნიკით" დაარტყა
რამდენად რეალურია ფრანგულ-ბრიტანული ჯარების შესვლა უკრაინაში და რას გეგმავს პუტინი გაზაფხულზე?!
დიდი გეოპოლიტიკური გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის?!
ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, 6 იანვრის საღამოს მდგომარეობით, ირანის 92 ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 34 მომიტინგე და ორი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი. დაკავებულია 2076 ადამიანი.
Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა ქვეყნის დასავლეთით, ისლამის პროვინციაში, აბდანანისა და მალექშაჰის ქალაქები დაიკავეს. 7 იანვარს, ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა Tasnim-მა და Mehr-მა უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ორივე ქალაქს სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებდნენ.
დასავლურ მედიაში აიათოლა ალი ხამენეის გარდაუვალ დამხობას პროგნოზირებენ და იტყობინებიან კიდეც, რომ მან, სავარაუდოდ, უკვე დაგეგმა გაქცევის მარშრუტი თეირანიდან მოსკოვში. ამის შესახებ ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია.
კიდევ ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა, The Guardian-მა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანის ლიდერი შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი სამიზნე გახდეს, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მსგავსად, რომელიც 3 იანვარს ვენესუელაზე აშშ-ის მეთაურობით განხორციელებული თავდასხმის დროს გაიტაცეს.
თავად დონალდ ტრამპმა 4 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდებოდა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და დაჰპირდა „ძალიან მკაცრ დარტყმას“, თუ დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი იქნებოდა.
დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი უკვე არის და, შესაბამისად, ბევრი ელოდება პრეზიდენტ ტრამპის მუქარის ასრულების დაწყებას, მით უმეტეს, რომ მან ბოლო დღეებში ძალზე აქტიური ქმედებების განხორციელება დაიწყო, იქნება ეს ვენესუელის პრეზიდენტის გატაცება თუ რუსულდროშიანი ტანკერის დაკავება...