"სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?! - ყველა თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო კორუმპირებული ან ერის გამყიდველი" - ვატო სურგულაძე "ოცნების" დეპუტატებს
იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! - მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?! - ყველა თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო კორუმპირებული ან ერის გამყიდველი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატმა, ვატო სურგულაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, საქართველოში და დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.
„ყველაფერ სიკეთეს გისურვებთ 2026 წელს, 2025-მა არ გაამართლა. დიდი მადლობა პოლიტინფორმაციისთვის, მაგრამ იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! ბავშვების 35% სკოლაში მშიერი დადის, კორუფცია... არაა ხომ კორუფცია?! ლილუაშვილი საბავშვო ბაღებს ძარცვავდა. ამას მივხედოთ ჯობია, ჩვენს საქმეს მივხედოთ. მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?! ახალ წელს რომ პრობლემა იყო, ფასები რომ გაზრდილია... ერთი მითხარით, რომ ამბობთ ფასების გაზრდაზე, ვინ არის მფლობელი ქსელური მარკეტების?! „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები! ზოგს მილიონები აქვს გადარიცხული. ამაზე ვისაუბროთ და არა მსოფლიოში რა ხდება. ამაშია პრობლემა. არ ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე რაც ქალაქშია - ნაგვის გატანაზე, ჰაერის დაბინძურებაზე და კორუფციაზე. ყველა თქვენი პრემიერ-მინისტრი, ალბათ ამასაც [ირაკლი კობახიძესაც] მიადგებიან მალე, იყო კორუმპირებული ან ერის, სამშობლოს გამყიდველი. მოდით ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს,“ - განაცხადა სურგულაძემ.
ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნოდარ ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვატო სურგულაძემ „ცრუ ნარატივებზე“ ისაუბრა, რასაც სურგულაძემ უცენზურო რეპლიკით უპასუხა. ბოკერიამ სურგულაძეს ზრდილობისკენ მოუწოდა.
„მინდა გისურვოთ, რომ ეს წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე 2025 წელი იყო, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ჯერ ჩემს სათქმელს ვიტყვი და შემდეგ ბატონი ვატოს ცრუ ნარატივებს გავცეთ დეტალურად პასუხი... დამშვიდდით, ზრდილობა, ზრდილობა!..." - თქვა ბოკერიამ.
"ინტერპრესნიუსი"