რას ნიშნავს „მონროს დოქტრინა“ და როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი?!
მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თვალსა და ხელს შუა იცვლება - 2026 წლის ხმაურიანი დასაწყისიც ამის მაგალითია. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელას მუქარა აუსრულა და ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად სპეცოპერაციის შედეგად დაატყვევა, არის ვარაუდები, რომ ამით დონალდ ტრამპის ამბიციებს გზა უფრო გაეხსნა. მადუროს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ტრამპმა 1823 წლის "მონროს დოქტრინა" ახსენა, რომელიც პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ ჩამოაყალიბა და ლათინურ ამერიკაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად გამოიყენებოდა. ტრამპმა მას საკუთარი სახელი დაამატა, "დონ-როს დოქტრინა" უწოდა და თქვა, ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში აღარასდროს იქნება სათუოო. ამასთანავე, აშშ-ის პირველმა პირმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ სურს დანიის შემადგენლობაში არსებული მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის ხელში ჩაგდება. ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს უკვე აქვს პიტუფიკის სამხედრო-კოსმოსური ბაზა გრენლანდიაში. ის დაემუქრა კოლუმბიასაც - ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციიდან სულ რამდენიმე საათში ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს მოუწოდა, ფრთხილად იყავიო. ტრამპმა გააფრთხილა ირანიც - ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა "არ ესროლოს მშვიდობიან მომიტინგეებს", წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრა. რაც შეეხება კუბას, კუბელი ემიგრანტების ვაჟი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დიდი ხანია მოუწოდებს თეთრ სახლს კუბაში რეჟიმის შეცვლისკენ.… საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სათაურები: "ვინ იქნება ტრამპის შემდგომი სამიზნე?" და "სად მიიყვანს მსოფლიოს ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებები"? - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:
- ტრამპის ქმედებების გასაანალიზებლად ჯერ უნდა გავიაზროთ, რა ხდება მსოფლიოში. პროცესი, რომელშიც აშშ მონაწილეობს, კარგა ხანია მიმდინარეობს და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლა. ის მანამდეც არაერთხელ შეიცვალა, მხოლოდ ბოლო ორ პერიოდს გავიხსენებ: პირველი - მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბებული ე.წ. იალტის წესრიგი და "ცივი ომი" და მეორე - "ცივი ომის" შემდგომი პერიოდი, როდესაც აშშ იყო ერთადერთი ჰეგემონი და საერთაშორისო სამართლის მთავარი გარანტორი.
რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ეს არის არსებული წესრიგის ცვლილება და კაცობრიობის გადასვლა ახალ პოლიტიკურ ფაზაში. ჯერ გაურკვეველია, საით მივდივართ, თუმცა წესრიგი იცვლება - ეს უდავოა! ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გადავდივართ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგზე და თუ დავუშვებთ, რომ მართლაც ასეა, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების ახსნა მარტივად შეიძლება. თვითონ დონალდ ტრამპმაც არაერთხელ ახსენა "მონროს დოქტრინა", რომელიც გულისხმობს აშშ-ის განსაკუთრებულ ინტერესებს დასავლეთ ნახევარსფეროში.
თავდაპირველად ბევრი ანალიტიკოსი შიშობდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ გახდებოდა იზოლაციონისტური ძალა, მაგრამ დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ამგვარი საფრთხე აშშ-ს არ უდგას.
ამასთანავე, კიდევ ერთი საკითხი ჩანს სრულიად თვალსაჩინოდ - აშშ-ს სურს ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანწილად თვითონ აიღოს. წლების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მთავარი გარანტორი აშშ იყო, ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი უარს ამბობდა საკუთარი უსაფრთხოების ხარჯების გაზრდაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია მერკელის მმართველობა, გერმანიის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოებაზე კი არ უნდა ეზრუნათ, რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გაეღრმავებინათ.
სამწუხაროდ, ამ ელიტებმა ვერ გაიაზრეს ვერც 2008 წლის გაკვეთილი, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და კარგად დავინახეთ, რომ მანამდე არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლა იწყებოდა. ევროპა ვერც 2014 წელს ყირიმის ანექსიამ გააღვიძა, ვერც რუსეთ-უკრაინის პირველმა დაპირისპირებამ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2024 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ევროპულმა ელიტებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციების გააზრება და როგორც იქნა, ევროკავშირმა დაიწყო ცვლილებებზე ფიქრი და გეოპოლიტიკურ მოთამაშედ გადაქცევა.
საქმე ის არის, რომ გეოპოლიტიკური მოთამაშის მთავარი მახასიათებელი ძალის პროეცირების, დემონსტრირების უნარია. წლების განმავლობაში მსოფლიო შეეჩვია, რომ ძალის პროეცირებას ახდენენ რევიზიონისტული ძალები, უპირველესად, რუსეთის ფედერაცია, შედარებით ნაკლებად - ჩინეთი და არა დასავლეთი... ტრამპის ადმინისტრაციამ ეს აღქმა სრულიად შეცვალა და მადუროს შემთხვევა ზუსტად გვაჩვენებს ძალის პროეცირების შესაძლებლობებს. თუ მანამდე არსებობდა მოსაზრება, რომ აშშ გადაიღალა, გადაიტვირთა ომებით ავღანეთსა და ერაყში, ახლა უკვე ტრამპმა აშკარად გვაჩვენა, რომ შეიცვალა მდგომარეობა, შესაბამისად, თავისუფალმა სამყარომ გამოაჩინა ძალის დემონსტრირების უნარი.
რაც შეეხება გრენლანდიას, ამ საკითხზე ნაადრევია დასკვნების გამოტანა. კი, არსებობს დაძაბულობა ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე ტრამპის ქმედებებმა ევროპასთან დაკავშირებით უფრო დადებითი როლი ითამაშა, რადგან ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მაგალითად, გაიზარდა ნატოს ქვეყნების თავდაცვის ხარჯები და გაუტოლდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ევროპელ პარტნიორებს შორის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და გრენლანდიაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდა, ეს კრიზისი, ვფიქრობ, მარტივად დაიძლევა. რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, ამას გვაჩვენებს დრო, თუმცა გავიმეორებ, რომ ევროპის გამოღვიძება დაწყებულია, რაშიც აშშ-ის დიდი წვლილიც არის.

- თქვენ ახსენეთ ვარაუდები აშშ-ის იზოლაციონისტური პოლიტიკის თაობაზე, რაც ბოლომდე არ გამქრალა. ტრამპის ადმინისტრაციის "მონროს დოქტრინაზე" საუბრები ბევრს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა დასავლეთ ნახევარსფეროზე საკუთარი ინტერესების სრულყოფილად გატარებით აშშ-მ დანარჩენ მსოფლიოში გავლენებზე უარი თქვას. თუმცა აქვე გავიხსენებ რამდენიმე დღის წინ მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თარგმანიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა: "ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი "ჰეზბოლასთვის", ირანისა და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს, უბრალოდ, არ მოხდება".
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს განცხადება აშშ-ის საელჩომ თარგმნა და გამოაქვეყნა, ვფიქრობ, მისი სამიზნე საქართველოს ხელისუფლებაც არის. ასეთია შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა.
ბუნებრივია, აშშ დაინტერესებულია ირანიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებით. ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ირანის პროქსიძალები, რომლებიც მოქმედებდნენ სირიის, ერაყის თუ ლიბანის ტერიტორიაზე. ეს ღერძი თითქმის განადგურდა. ამ ძალების, განსაკუთრებით სირიაში, პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორი იყო რუსეთი. ვიცით, სირიის ყოფილი დიქტატორი ბაშარ ასადი ახლა სადაც არის, ვიცით ასევე, სად არის მადურო, მოკლედ, ძალების სერიოზული გადაწყობა მიმდინარეობს.
"მონროს დოქტრინა" დიდი ხანია არსებობს, არსად გამქრალა. საქმე ის არის, რომ ამ დოქტრინას ჰქონდა დიდი გამოწვევები, უპირველესად კი კუბა, რომელიც უკვე ათწლეულებია ყველა რევიზიონისტული და ანტიამერიკული ძალის საყრდენია. ამას დაემატა ვენესუელა, მერე ნიკარაგუა... იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს პრიორიტეტების გამოკვეთა, სავარაუდოდ, მათ პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს მოაგვარონ ვითარება უახლოეს სამეზობლოში. პირველი ნაბიჯი უკვე ვნახეთ - ეს იყო ვენესუელა, მეორე შესაძლოა იყოს კუბა და ა.შ. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ აშშ-ის აქტიურობა ისრაელთან ერთად ირანში, აშშ ჩართულია ტაილანდისა და კამბოჯის კონფლიქტში, ის არსად წასულა იაპონია-სამხრეთ კორეის შეთანხმებებიდან. ვფიქრობ, დასავლეთ ნახევარსფეროს შემდეგ მეორე ეტაპი იქნება აშშ-ის გავლენების აღდგენა და გაძლიერება სხვა რეგიონებშიც.
- ვენესუელა დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის პარტნიორი... ბუნებრივია, მომხდარით აშკარად ნირწამხდარია კრემლი. მოგეხსენებათ, 9 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა, რაც გამოაცხადა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის (რაც დადასტურებული არ არის) პასუხად, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს უფრო მეტად იყო აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციით გააფთრების შედეგი.
- ვენესუელის უახლოესი პარტნიორები იყვნენ რუსეთი და ჩინეთი. ამერიკელების ოპერაციის წინადღეს მადურო სწორედ ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობდა. გარდა ამისა, კარაკასში განლაგებულია საჰაერო თავდაცვის რუსული საშუალებები, რამაც მადუროს ვერ უშველა. შესაბამისად, რუსეთის მორიგი სერიოზული ჩავარდნა თვალსაჩინოა - მან აშშ-ზე მადუროსა და ვენესუელის საშუალებით ზემოქმედების ბერკეტი დაკარგა. ვინმეს თუ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი მოახერხებდა მოკავშირეების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვფიქრობ, ისიც კარგად ხედავს, რომ რუსეთის სამოქმედო არეალი და შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. რა თქმა უნდა, ამას ემატება ნავთობი - ვენესუელის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნება ნიშნავს მასზე ფასების შემცირებას, რაც პირდაპირ დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას.
რაც შეეხება 9 იანვრის თავდასხმას, ის მართლაც მასშტაბური იყო, რუსებმა გამოიყენეს "ორეშნიკიც", თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს პასუხია არა მხოლოდ ვენესუელის ამბებზე, არამედ უფრო მეტად იმაზე, რომ საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩემი აზრით, ევროპელების გეოპოლიტიკური გარღვევაა - ერთი მხრივ, ეს არის უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, მეორე მხრივ, პუტინის მთავარი ფანტაზიის, რომლის გამოც თითქოს ომი დაიწყო - NAთO-ს ძალების უკრაინაში არდაშვება - გაქარწყლებაა. გეოგრაფიას თუ შევხედავთ, ეს გადაწყვეტილება ასევე, ფაქტობრივად, მოიცავს მოლდოვის დაცვასაც.
ვფიქრობ, რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ, ვერ მოახდენს მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას. რუსეთს აქაც დიდი ჩავარდნა აქვს.
- უკვე ორ კვირაზე მეტია ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობაა, არის მსხვერპლიც...
- ირანში მიმდინარე მოვლენებზე უპირველესად პასუხისმგებელია ირანის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა და თან უზარმაზარი ამბიციები გამოავლინა.
ირანის ეკონომიკა განადგურებულია, წარმოუდგენელი მასშტაბის ინფლაციაა, 2018 წელთან შედარებით ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 30-ჯერ გაუფასურდა. უზარმაზარი პრობლემებია ეკონომიკის მართვაში, ბუნებრივი რესურსების განკარგვაში. ამ ყველაფერს ემატება სტრუქტურული პრობლემები, ელიტური კორუფცია, აღარაფერს ვამბობ იმ პოლიტიკურ რეპრესიაზე, რომელიც უკიდურესად მძიმეა.
გარდა ამისა, ისრაელისა და აშშ-ის შარშანდელმა დარტყმებმა ძალიან იმოქმედა საზოგადოების განწყობებზე - თავდაცვაზე დახარჯული უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა.
მოკლედ, ამ ყველაფერმა იმოქმედა, იქნება თუ არა აშშ-ის და ისრაელის პირდაპირი სამხედრო ჩარევა, რთული სათქმელია.
მათ პირველი დიდი დარტყმა გასულ წელს უკვე მიაყენეს ირანს, რა დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ისევე როგორც ვენესუელას, არც ირანს უშველა რუსეთის მოკავშირეობამ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მალე შეიძლება იყოს მეორე დარტყმაც, თუმცა შესაძლოა თვითონ ირანელებმა შეძლონ რეჟიმის შეცვლა.
- დასასრულ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ. ამ გლობალური ცვლილებების პროცესში როგორია საქართველოს პერსპექტივა?
- სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ახალ მსოფლიო წესრიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი მოკავშირეები. "ქართულმა ოცნებამ" ბოლო ხანს ევროიზოლაციამდე მიგვიყვანა, გააფუჭა ურთიერთობა როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან. ამგვარი ვითარება ჩვენი სახელმწიფოსთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. აუცილებელია გამოსწორდეს ურთიერთობა ბრიუსელსა და ვაშინგტონთან. ფაქტია, "ქართულმა ოცნებამ", მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისტობას იჩემებს, ვერაფრით მოახერხა თეთრ სახლთან ურთიერთობის დამყარება, მაშინ როდესაც ეს მშვენივრად შეძლეს ალიევმა და ფაშინიანმა. ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ წარმატებად რჩება ის კეპი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს აჩუქა.