„საქართველოს შესაძლოა დიდი საფრთხე დაემუქროს, რადგან...“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი:" რუსეთმა ევროპას შესაძლო 2026 წლის ზაფხულში შეუტიოს"
"ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, აშშ იჭედება ვენესუელაში, ეზრდება კრიზისი და დაძაბულობა კანადასა და ევროკავშირთან. იაპონია, ავსტრალია, კორეა და ახალი ზელანდია უერთდებიან ევროკავშირის SAFE-პროგრამას და ფიქრობენ, რომ აშშ-ის ალტერნატივა შექმნან ან იპოვონ. რუსეთსა და უკრაინაზე აღარაფერს ვიტყვი... ირანში არეულობა იზრდება, თურქეთი აპირებს სამხედრო შესვლას სირიაში (ქურთების წინააღმდეგ), საბერძნეთი, ისრაელი და კვიპროსი ქმნიან თავდაცვით ალიანსს თურქეთის წინააღმდეგ... ქარიშხალი მწიფდება და მალე იქუხებს ჩვენს თავზე. ახლა, წესით, საცივითა და შოკოლადის რეზერვების განადგურებით კი არ უნდა იყოს დაკავებული ერი, არამედ გიჟებივით ერთმანეთში უნდა დარბოდნენ საერთო ეროვნული სტრუქტურის შესაქმნელად", - წერს სოცქსელში ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელიც ძველი მსოფლიო წესრიგის რღვევის მიზეზებსა და ახლის კონტურებზე გვესაუბრება.
- აქამდე, ავად თუ კარგად, არსებობდა პაქს-ამერიკანა, აშშ დასავლურ სამყაროში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო, ანუ არსებობდა ამერიკის მიერ ხელშეწყობილი გლობალური წესრიგი, რომელიც რეგულირდებოდა საერთაშორისო სამართლით. ახლა ტრამპმა ძალიან უხეშად დაიწყო მტკიცება, რომ ამერიკა გამოდის აქამდე არსებული წესრიგიდან, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო სამართალს არ გულისხმობდა, მათ შორის დასავლური დემოკრატიების კავშირსაც, რომელიც დამყარებული იყო თანამშრომლობასა და მოკავშირეობის ფორმატებზე, როგორიცაა ნატო, ორმხრივი ალიანსები ამერიკასა და კორეას შორის, ამერიკასა და იაპონიას, ცალკე ამერიკასა და ბრიტანეთს შორის, ავსტრალიასთან ამერიკის თანამშრომლობასთან და ა.შ. ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს სისტემა თავდაყირა დადგება - მან არათუ თქვა, ამ წესრიგის ნაწილი აღარ ვარო, არამედ თანდათან ისეთ ნაბიჯებს დგამს, აქამდე წარმოუდგენელი რომ იყო - დაუპირისპირდა უახლოეს პარტნიორებსა და მეგობრებს, ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებს. ეს ნიშნავს ყველა იმ პრინციპისა და ღირებულების თავდაყირა დაყენებას, რასაც ათწლეულების განმავლობაში თვითონ ამერიკა იცავდა და სხვებსაც სთხოვდა. დემოკრატია იყო ის ძირითადი პრინციპული სისტემა, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ამერიკა ხდებოდა შენი პარტნიორი. ამით ამერიკა ქმნიდა გლობალური პარტნიორობის, მეგობრობის, უსაფრთხოების ალიანსებს, რომელიც ამერიკულ ინტერესებს ითვალისწინებდა. ახლა ამერიკამ ამის ნგრევა დაიწყო. ამ სცენარს დასავლეთში სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა, განსაკუთრებით აშშ-ის პოლიტელიტაში და შესაბამისად, ვართ იმ შოკის მომსწრენი, რაც ახლა ხდება. 1949 წლიდან მოყოლებული, ნატო ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია. ამერიკა არის ამ სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტორი ისევე, როგორც ის სახელმწიფოები ამერიკის გარანტორები. როცა ეს ქვეყნები (კორეა, იაპონია, ავსტრალია...) ხედავენ, რომ ამერიკელები უარს ამბობენ ვალდებულებებსა და ყველაზე ახლოს მდგომ პარტნიორებზე, ბუნებრივია, ფიქრობენ, ამ პირობებში არც ჩვენ ვართ დაცული და შეიძლება მსგავსი რამ ჩვენთანაც მოხდესო.
- თქვენ ავითარებდით აზრს, რომ 2026-ში რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას, კერძოდ, ბალტიისპირეთს შეუტევდა. თუ ასე მოხდა, ევროპას აშშ-ის გარეშე შეუძლია ომის წარმოება?
- თუ მივიღებთ ისეთ სცენარს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია კვლავ უხეშად იცავს თავის ინტერესებს მისი მეგობრებისა და პარტნიორების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მათ შორის, თუ აშშ გამოიყენებს ძალას გრენლანდიის ანექსიისთვის, მაშინ ჩავთვლით, რომ ნატო აღარ არსებობს. რუსეთის ინტერესებისთვის არაფერია ისეთი სასურველი, როგორიც ამერიკის პოლიტიკა, რომელიც ხლეჩს ან ასუსტებს ნატოსა და ევროკავშირს. შესაბამისად, ტრამპმა თუ დაიწყო გრენლანდიის დე ფაქტო ოკუპაცია, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს ნატოს.
ეს კი ბრწყინვალე შესაძლებლობაა რუსეთისთვის, შეუტიოს ევროპას, კონკრეტულად კი ბალტიისპირეთს... ამერიკის გარეშე ევროკავშირს იმდენად დიდი ადამიანური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსი აქვს, რომ გავაერთიანოთ, რუსეთისას რამდენჯერმე აღემატება. პრობლემა ის არის, რომ ნატოს გაუქმებით უქმდება ის ეფექტური სამხედრო ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომელიც მართავს ნატოს ჯარებს. ნატო თუ გაუქმდება, ეს მართვის სისტემა ავტომატურად პარალიზებულია და არავის აქვს უნარი, ეს სისტემა ნატოს ჯარების ერთიანი მართვისთვის გამოიყენოს. ევროპის სახელმწიფოებს რუსეთის ჯართან ცალ-ცალკე მოუწევთ გამკლავება. ფინანსურად და ტექნოლოგიურად ევროპას დიდი უპირატესობა აქვს რუსეთთან, მაგრამ მას არა აქვს კოორდინაციისა და მართვის უნარი, ამას ნატო აკეთებს. ამას ემატება ევროპაში არსებული პოლიტიკური პრობლემებიც... მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც, როცა არავინაა მზად სიცოცხლე გაიღოს სხვა ქვეყნისთვის - მაგალითად, გერმანია არ არის მზად, თავისი ჯარისკაცები პოლონეთისთვის ან ესტონეთისთვის გაწიროს. ეს ნატოს პირობებშიც რთულია, იმიტომ, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა დიდ დროს მოითხოვს, არსებობს ძალების გადაადგილების უამრავი ტექნიკური პრობლემა ევროპის ტერიტორიაზე, ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ევროპის ტერიტორიაზე უამრავი პოლიტიკური პარტიაა, რომლებიც არ ემხრობიან უკრაინის დახმარებას, ისევე როგორც არ ემხრობიან ანტირუსულ საქმიანობას. ამდენი პრობლემის ფონზე ნატო თუ შეწყვეტს არსებობას, თუ გრენლანდიაშიც რაღაც მოხდება, მოსალოდნელია ნატოს პარალიზება და გარანტირებული იქნება რუსეთის შეტევა. ამას კი, ჩემი გადმოსახედიდან, სადღაც 2026 წლის ზაფხულის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუ ზაფხულში არა, დეკემბერ-იანვარში მაინც. გასათვალისწინებელია აშშ-ის შიდა პოლიტიკაც, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში კრიზისია, ტრამპის მომხრეები ანტიევროპულად და ძალიან პრორუსულად არიან განწყობილი და "აწვებიან" გლობალურ პოლიტიკასა და იმას, რასაც თქვენ ახალი ამერიკული იმპერიალიზმი უწოდეთ.
- არადა, მოდის ინფორმაცია, ტრამპი პუტინისთვის სანქციების გამკაცრებას აპირებსო.
- არ ვფიქრობ, რომ ტრამპის პოლიტიკა ანტირუსულია. იტყვით, ნავთობთან დაკავშირებით სანქციები შემოაქვსო, მაგრამ სანქციები შემოაქვს ზომიერად, მისი სასანქციო პოლიტიკა არ არის მიმართული რუსული ეკონომიკის ჩამოშლისკენ. ნავთობის თემა ტრამპის ძირითადი ინტერესია, იმაზეა ფოკუსირებული, რომ ჰქონდეს სრული დომინირება ნავთობის სექტორში როგორც სამხრეთ ამერიკის მასშტაბით, ასევე გლობალურად. ამის ძირითადი მიზეზია ენერგეტიკული იარაღი ჩინეთზე ზეწოლისთვის და რადგანაც რუსეთი ძირითადი მიმწოდებელია ჩინეთისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთში ირანი და ვენესუელაც იყვნენ მიმწოდებელი, შესაბამისად, ამ ერთიან პაკეტში ის მიმართავს სასანქციო პოლიტიკას, რომელშიც ხვდებიან რუსეთის ნავთობმომპოვებლები და გადამზიდავები.
ვფიქრობ, რუსეთი ევროპას შეუტევს მაშინ, როცა მაქსიმალურად დასუსტდებიან ევროკავშირი და ნატო, ანუ როცა აშშ ოფიციალურად გააფორმებს, რომ ევროკავშირის გარანტორი აღარაა და იმ დონეზე გააძლიერებს ზეწოლას გრენლანდიაზე, ევროკავშირი კონფრონტაციაში შევა ამერიკასთან. ეს ისეთი სცენარია, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს პოლიტიკურად დატვირთულ და კრიზისში მყოფ ევროპას შეუტიოს - ევროპას არ ექნება დრო, ის გართულია გრენლანდიის საკითხით და ამ დროს ხდება შეტევა ბალტიისპირეთზე. ბუნებრივია, ომის სამზადისზე ინფორმაცია ევროპას ექნება, მაგრამ ნატოს დე ფაქტო პარალიზება მას კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს. აქ დგება საკითხი - რას აკეთებენ სკანდინავიის ქვეყნები. ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია რეგიონული გარანტორები არიან და პირველ რიგში ისინი აღმოუჩენენ დახმარებას. ისევე როგორც პოლონეთს ექნება ძირითადი დავალება, რომ რუსეთმა ლიეტუვაში შეჭრის დროს არ გაჭრას სუვალკის დერეფანი (რომელიც არის სულ 60 კმ), რომელიც მას ლიეტუვასთან აკავშირებს. პასუხისმგებლობის ასეთი გადანაწილებაა - სკანდინავიის ქვეყნები ესტონეთსა და ლატვიაზე, ხოლო ლიეტუვაზე პასუხისმგებლობა პოლონეთსა და გერმანიაზეა. ამას თან ერთვის ის მომენტი, როცა რუსეთი აუცილებლად დაიწყებს ბირთვული დარტყმით მუქარას, იტყვის, ან გაჩერდებით და დავიწყოთ მოლაპარაკება, ან ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო. ამ სცენარში გადამწყვეტი ის იქნება, რას მოიმოქმედებს ევროკავშირი - თუ გაჩერდებიან და დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა დიდწილად გაიმარჯვა და წავა ვაჭრობა.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკურ "ქარიშხალში" და რა საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი: "შეცდომის ფასი ძალიან მძიმე იქნება"
„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“
- საქართველოს რას უწინასწარმეტყველებთ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალა არა გვაქვს, ყველას შეუძლია წამოგვიყენოს ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თითოეულს შეუძლია განიხილოს ჩვენთან ძალადობრივი აქცია. ამ ძალებში არა მარტო რუსეთი იგულისხმება (თუმცა რუსეთი განსაკუთრებით).
რუსეთი ომიდან გამარჯვებული თუ გამოვიდა, ის განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის. ასეთ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო დავალება:
1. სამხედრო სფეროს სწრაფად განვითარება, ჯარის როგორც რაოდენობრივად გაზრდა, ასევე ტექნოლოგიურად აღჭურვა რაც შეიძლება ინტენსიურად და სამხედრო ინდუსტრიის მშენებლობა;
2. ყველგან უნდა ვეძებოთ და აღვადგინოთ კავშირები, ისევ ევროკავშირს უნდა მივეკედლოთ, რადგან რაც უნდა მოხდეს ევროპა-ამერიკას, ევროპა-რუსეთსა თუ ევროპა-თურქეთს შორის, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა არის საკითხი, რომელიც ჩვენ აუცილებლად შეგვეხება, რომელიც ჩვენთვის პრინციპული საკითხია.
თუ არ მივებით ამ არქიტექტურას, დაკარგული სახელმწიფო ვართ. ამ არქიტექტურის მიღმა თუ აღმოჩნდა საქართველო, დიდი შანსია, მან სახელმწიფოებრიობა დაკარგოს. ასე რომ, მთავარია, დიდ ხომალდზე ჯაჭვით ვიყოთ მიბმული, რათა ამ ტალღაში ევროკავშირმა ჩვენც თან გაგვათრიოს. სხვაგვარად, ჩვენ დიდი გემების შეჯახებისას აუცილებლად ჩავიძირებით.