„ოპოზიცია რეალობას ვერ აღიქვამს და მიზნის მიღწევის გზებს ვერ განსაზღვრავს“
"საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო, ოღონდ არა 2026 წლიდან, არამედ 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი შიდა პოლიტიკაში დაპირისპირებას და ხელისუფლების ნარატივს, რომლის მიხედვითაც "რადიკალები დამარცხდნენ, ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმა ჩაიშალა და საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო".
"უკრაინაში დაწყებულმა ომმა არა მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა, არამედ რეგიონში პოლიტიკური რეალობაც გადაალაგა. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მწვავე ხდება დისკუსია ხელისუფლების საგარეო და შიდა კურსზე, დასავლეთისგან დისტანცირებაზე, რუსეთის ფაქტორის მიმართ ფრთხილ რიტორიკაზე, შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებაზე, რეპრესიებზე და გაჭიანურებულ პროტესტზე. ვითარება ქმნის სურათს, სადაც კითხვები პასუხზე მეტია", - ამბობს დავით ზურაბიშვილი და განიხილავს ვერსიებს, თუ რა გათვლაზე ააგო ხელისუფლებამ პოლიტიკა, როგორ უკავშირდება ეს უკრაინის ომს და რატომ ვერ ყალიბდება ეფექტიანი ოპოზიციური ალტერნატივა...
- "ქართული ოცნების" გათვლით, უკრაინაში ომს რუსეთი მოიგებდა ან, მინიმუმ, ისეთი შედეგი დადგებოდა, რომელშიც რუსეთის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. პარალელურად, ევროპა გადაიღლებოდა, უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებდა, ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლებოდა და გარე ფაქტორები იმდაგვარად დალაგდებოდა, რომ საქართველოსთვის "ევროპული ფანჯარა" აღარ იქნებოდა ისეთივე ფართო, როგორიც ადრე. ამ მოლოდინმა ხელისუფლებას გაუმყარა განცდა, რომ დასავლურ სამყაროსთან დისტანციის გაზრდით და საქართველოს რუსულ-ჩინურ გეოპოლიტიკურ სივრცეში გადაყვანით ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. თუმცა ეს პოლიტიკა არათუ წარმატებული აღმოჩნდა, არამედ ჩიხში შევიდა. შესაბამისად, პროპაგანდა, თითქოს "რადიკალები დაამარცხეს", ჩემთვის გაუგებარია. რაში გამოიხატება "დამარცხება"? ვის ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ასე უცებ დაემხობოდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" 2024 წლის არჩევნები "მოიგო" (გაყალბებისა და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე), საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით ამ პოლიტიკური ძალის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე არჩევნების შემდგომ დღეებში იყო. მეტიც, საგარეო მიმართულებით ვითარება კატასტროფულია. ამიტომ ეს ყველაფერი უფრო მცდელობას ჰგავს, რომ საკუთარ ამომრჩეველს "ყოჩაღად" მოაჩვენონ თავი.
- თუმცა საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ვერ აკუმულირდა. ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ ციხიდან გამოსვლისთანავე დააანონსა ოპოზიციის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, მაგრამ არანაირი კონტური არ ჩანს.
- არც გამოჩნდება, რადგან არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი. ხელისუფლებამ კი შექმნა ვირტუალური, იდეოლოგიზებული რეალობა, სადაც ყველა წინააღმდეგობა "რადიკალიზმად" ინათლება, ამ ნარატივში კი ოპოზიცია მუდმივად დაცინვის და დისკრედიტაციის ობიექტია... ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკურ პროტესტს მხოლოდ ერთ ფორმაში ხედავს: თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა იდგე ქუჩაში. სხვა ინსტრუმენტები თითქოს არც არსებობს. ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა - ერთადერთი. წელიწადია პროტესტი გრძელდება და არ უარვყოფ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ წინააღმდეგობა არ გადაიზრდება პოლიტიკურ შედეგში, აზრი არა აქვს. დღევანდელი პროტესტი დასავლეთს აჩვენებს, რომ ივანიშვილი საქართველოში სიტუაციას ვერ აკონტროლებს, მაგრამ ამით ხელისუფლება ვერ დაემხობა. "ოცნების" გაბრაზებული ლიდერები კი იღებენ დრაკონულ კანონებს, აკრძალვებს აკრძალვებზე აწესებენ, ციხეებს პოლიტპატიმრებით ავსებენ... ამას მოჰყვება უფრო ძლიერი პროტესტი და მეტი დაპირისპირება.
ოპოზიციას არ ჰყოფნის რესურსი და ფიზიკური ძალა, რომ "ოცნებას" რადიკალურად დაუპირისპირდეს, ან სისტემა შიგნიდან ჩამოანგრიოს.
- რჩება განცდა, რომ პროტესტის მასშტაბიც თანდათან მცირდება...
- პროტესტანტების ის რაოდენობა, რაც დღეს არის, დაახლოებით 1000 კაცი, რუსთაველზე ყოველთვის იქნება. შეიძლება ყველა ერთდროულად არ გამოვიდეს, მაგრამ 1000 და 500 კაცი სულ იდგება. ამიტომ, ეს მოძრაობა იარსებებს როგორც მუდმივი ფონური პროცესი.
ფართო მასშტაბამდე პროტესტი არ გაიზრდება, თუ ხელისუფლებამ არ გადადგა უკიდურესად მძიმე და გამაღიზიანებელი ნაბიჯი, რაც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ახალ ტალღად გარდაქმნის.
- საზოგადოების განწყობებზე როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ სოციალურ საკითხებზე გაკეთებული აქცენტები?
- მხოლოდ მედიაში საუბარი არაფერს ცვლის, ხალხმა ისედაც იცის, რა პრობლემებია ქვეყანაში, სხვა რამეა საჭირო: საკრებულოებისა და პარლამენტის გამოყენება, კონკრეტული, წერტილოვანი დარტყმები.
პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ განცხადებებით. ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვა ინსტრუმენტებიც არსებობს - სამართლებრივი ბრძოლა, საჯარო სამსახურში მომუშავე პირებთან მუშაობა, ადგილობრივ დონეზე აქტიურობა. სხვანაირად ოპოზიცია ვერ ააშენებს სოციალურ თემებზე რეალურ დღის წესრიგს და ვერ იპოვის იმ ჯგუფებს, რომელთაც ეს თემები ეხება.
ხვალ რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და რიგგარეშე არჩევნები დააანონსოს, იცით, რას იზამს ოპოზიცია? ნახევარზე მეტი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. მათი აზრით, თურმე ხელისუფლებამ ჯერ ცესკოს შემადგენლობა უნდა შეცვალოს, მერე სასამართლოს მისცეს დამოუკიდებლობა, არჩევნები ჩაატაროს და წავიდეს სახლში. თუ ხელისუფლება ამის გამკეთებელია, მაშინ რას ვერჩით? სწორედ იმიტომ გვინდა მისი შეცვლა, რომ ამას არ აკეთებს. ოპოზიციაში ინტელექტის პრობლემა არ არის, უბრალოდ, კონკრეტული პირები ხვდებიან, რომ თავად არა აქვთ რესურსი, რომ დიდ პროტესტს უხელმძღვანელონ და არც იმის მზაობა აქვთ, სხვებს დაუთმონ ადგილი. არ ვიცი, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ისტერიკა, რაც 2024 წლის არჩევნებს მოჰყვა. აბსოლუტური სერიოზულობით აცხადებდნენ, რომ ეს იყო "რუსული სპეცოპერაცია". ხომ ჩაშალეს "სპეცოპერაცია", რა მოიგეს? სანამ ოპოზიციაში არ გაიაზრებენ, რომ მათი სტრატეგია პრინციპულად მცდარია, არაფერი გამოვა. ასეთ პირობებში დასავლეთიც ხელს ჩაიქნევს. პარადოქსია, მაგრამ თუ ვინმე გადაარჩენს დღეს ივანიშვილს, სწორედ ოპოზიციაა. შეიძლება ამერიკელებმა ივანიშვილს კობახიძის, პაპუაშვილისა და სხვა ოდიოზური ფიგურების სხვა მარიონეტებით შეცვლა მოსთხოვონ და ამით შემოიფარგლონ. იმასაც არ გამოვრიცხავ, თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილს სანქციებიც მოუხსნან. 2024 წელს ჯერ კიდევ იყვნენ ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებთანაც ლაპარაკი შეიძლებოდა, დღეს ვერ დაასახელებთ ლიდერს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დღის წესრიგს. გარე ფაქტორებისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი კითხვა - ვინ არის ალტერნატივა? სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ლიდერი, მაგრამ მისმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. თუ პრემიერს პრემიერს არ დავუძახებთ, ამით ხელისუფლება არც შეიცვლება და არც იმაზე მეტად დისკრედიტირებული გახდება, ვიდრე დღეს არის. თუ ოპოზიციის ლიდერებს მართლაც უნდათ, რომ ოპოზიციური განწყობები გაიზარდოს, უნდა უსმინონ არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღე რუსთაველზე დგას, არამედ მათაც, ვინც არ დგას.
- იზიარებთ ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიას, რომ ივანიშვილი თამაშგარე მდგომარეობაშია? მაგალითად, გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერი კობახიძე ცდილობს მას მანევრირების სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდოს და ეტაპობრივად შეავიწროოს მისი ძალაუფლება.
- ვფიქრობ, გია ხუხაშვილის ვერსია ივანიშვილის ყურისთვის არის გამიზნული. ის ძალიან ეჭვიანია და სავსებით შესაძლებელია მართლა იფიქროს, რომ კობახიძე შეთქმულებას უწყობს...
- ფაქტია, ყველა ის პირი ჩამოშორებულია ძალაუფლებას, ვინც ივანიშვილისთვის სანდო ფიგურად მოიაზრებოდა.
- ივანიშვილი ყველა ადამიანს რესურსად აღიქვამს. შესაბამისად, არ მიკვირს, საკუთარი გარემოცვა რომ გაწირა. ბუნებით ავტორიტარია, კლასიკური რუსი ოლიგარქის ტიპია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესებია მისთვის მთავარი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ინტერესები, ოჯახი და ფულია. მისთვის მთავარი "გეოპოლიტიკა" უკავშირდება რწმენას, რომ დასავლეთი მის ჩამოგდებას ცდილობს. შვეიცარიის ბანკის გაკოტრება საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აღიქვა. რამდენჯერმე სცადა ამერიკელებისთვის ხმის მიწვდენა, ნუ მაკოტრებთ, თავი დამანებეთო, თუმცა ვაშინგტონში ეს განცხადებები სერიოზულად არც აღიქვეს. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან ეს შესაძლებლობად ჩათვალა და გადაწყვიტა, რუსეთ-ჩინეთის ბანაკში გადასულიყო. თუმცა რუსეთმა იმედი არ გაუმართლა. შემთხვევითი არ იყო მისი ბოდიში ოსი სეპარატისტებისთვის, ელოდა, რომ თუ უარს იტყოდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ბენეფიტებს შესთავაზებდა. რუსეთმა ივანიშვილის სასარგებლოდ არათუ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, არც მიანიშნა, რომ მზად იყო პოზიციის გადახედვისთვის. მხოლოდ მიუთითა, აღიარე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწერე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასო, ეს კი ივანიშვილს არ აწყობდა. მას იმედი გაუცრუეს არაბებმა და ჩინელებმაც, მათგან დიდ ფულს ელოდა. აღმოჩნდა, რომ მათთვის დასავლეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი საქართველო იყო საინტერესო. ივანიშვილს ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება დიდად არ აღელვებს, აშშ-სთან კი საქმე სხვაგვარადაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მადურო გაიტაცეს. ის ძალიან შეშინდა და ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას, თუმცა არ გამოსდის. მიზეზი მარტივია: ტრამპს საქართველოსთვის არ სცალია. ვაშინგტონში ყველას, ვინც საქართველოს საკითხებში გარკვეულია, ივანიშვილთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
ხათუნა ბახტურიძე