„საქართველო ცდილობს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში „უჩინარი ქვეყანა“ იყოს“ - კვირის პალიტრა

„საქართველო ცდილობს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში „უჩინარი ქვეყანა“ იყოს“

"ამ რეალობაში, როცა მსოფლიო გეოპოლიტიკური გზავნილები ხშირად ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავია, "ქართული ოცნება" ცდილობს არავინ გააღიზიანოს და დიდი მოთამაშეების დაპირისპირების საგანი არ გახდეს... მსხვილი მოთამაშეები ცდილობენ შეინარჩუნონ ძველი პოზიციები და პარალელურად გააძლიერონ ახალი გავლენის ზონები. ასეთ გარემოში პატარა სახელმწიფოები სხვადასხვა გზას ირჩევენ: ზოგი მეტად აქტიურობს, ზოგი კი ცდილობს მაქსიმალურად "არ გამოჩნდეს". საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, სწორედ ამ მეორე ხაზს მიჰყვება - ამბობს მამუკა არეშიძე და დასძენს - რეგიონში განსხვავებულ მაგალითებსაც ვხედავთ: ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა გაცილებით ხმაურიან და თამამ ნაბიჯებს დგამს, რაც ხშირად სამართებლის პირზე სიარულს ჰგავს, შედეგი გაურკვეველია, შეცდომის ფასი კი შესაძლოა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს".

- მე არ ვამბობ, რომ საქართველოს არჩეული სტრატეგია სწორია ან არასწორი, უბრალოდ, იმდენად გაურკვეველია მსოფლიო გეოპოლიტიკური გზავნილები, რომ რეაგირების ლოგიკა ბევრ შემთხვევაში რთული დასადგენია... საქართველო ცდილობს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში "უჩინარი ქვეყანა" იყოს.

- ამ სტრატეგიაში რამდენად ჯდება ევროკავშირის კრიტიკა?

- პირველ რიგში, ასეთი განცხადებები­ დიდწილად შიდა მოხმარებისთვისაა და საკუთარ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ, დღევანდელი გეოპოლიტიკური გადანაწილების კონტექსტში ევროკავშირი აღარ მოიაზრება როგორც მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე. ეს ნაწილობრივ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ბრალიცაა: ისინი ვერ ახერხებენ მოვლენებზე სწორ და სწრაფ რეაგირებას, მუდმივად კონსულტაციებისა და შეთანხმებების რეჟიმში არიან და გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. თითქოს ერთიანი სტრუქტურაა, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რთულდება. თუ ვისაუბრებთ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშზე, მთავარ მოთამაშეებად დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი მიიჩნევიან. ცალკეულ ქვეყნებს, მაგალითად, გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს კვლავ აქვთ გავლენა პოლიტიკურ, მაგრამ არა გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. ევროკავშირი დღეს ერთგვარი სამარქაფო რგოლი გახდა, რომელსაც ეყრდნობა ამერიკა, რაღაც მომენტში შეიძლება სხვაც დაეყრდნოს. ეს კარგად ჩანს უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციებშიც: ანტირუსული განწყობა შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის ისეთი ქმედითი, მოქნილი და სწრაფი, როგორსაც ვითარება მოითხოვს.

- თქვენ მსხვილ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ახსენეთ რუსეთიც, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის "ბედი" წყდება - იქნება ჩინეთის დაქვემდებარებაში თუ ამერიკის გავლენაში.

- ეს არ არის მცდარი ვერსია, მეც ასე ვფიქრობ. ამ სამ გიგანტს შორის მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისთვის მსოფლიო მასშტაბით და ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასეთია: საბოლოოდ ვის მხარეს აღმოჩნდება რუსეთი? ასეა თუ ისე, ბრძოლა მიდის ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ხოლო რუსეთი ამ სურათში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

- ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის სწორი პოლიტიკური ხაზი რა იქნება?

- ხელისუფლება ცდილობს სამივესთან შეინარჩუნოს კულუარული ურთიერთობის სისტემა. კარგსა და ცუდს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია "ხმა მიუწვდებოდეს" და არ გადადგას მათი პოლიტიკური გეგმების საწინააღმდეგო ნაბიჯი: არც მოსკოვის, არც ვაშინგტონის და არც პეკინის მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს? ეს მეორე საკითხია და უფრო ინტენსიური მუშაობაა საჭირო, განსაკუთრებით კულუარული, იმისთვის, რომ ამ ქვეყნებისთვის წინააღმდეგობის კერად არ მოიაზრებოდეს... მე ვიცი, რომ ამას კრიტიკულად შეაფასებენ, მაგრამ უნდა ვთქვა - მოსკოვთან ურთიერთობაშიც კი საჭიროა გარკვეული პაუზა.

- მოსკოვთან ისედაც არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, კრიტიკას ვისგან ელით?

- მთავარი ის არის, რაც კულუარებში ხდება. დღეს რუსეთს სხვა ძალები მართავენ და არა კლასიკური პოლიტიკოსები.­ ჩანს კიდეც, მაგალითად, ლავროვის მდგომარეობით: არის ოფიციალური პოლიტიკური ფენა, მაგრამ რეალურად პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან ისეთი პირები, როგორიც არის, მაგალითად, იგორ სეჩინი, ის განაგებს ფინანსებსა და ბიზნესს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გავლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ პირთა როლი, ვინც პოლიტიკის ზედაპირზე ჩანს. ნახეთ, ვინ არის პუტინის მთავარი წარმომადგენელი­ აშშ-ში - კირილ დმიტრიევი. ის არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი, მაგრამ პარიზში ტრამპის მრჩეველ სტივ უიტკოფს სწორედ ის შეხვდა.

- თქვენი ვერსიით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში როგორი იყო ან დღეს როგორია ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის როლი, რომლის გამოც პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა კანონებიც კი შეცვალეს, დღეს კი მისი დევნაა დაწყებული?

- ფარცხალაძეს უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. სახელმწიფო იცავს მათ, ვინც მას სჭირდება დავალების შესასრულებლად. როცა ადამიანი ამ ამოცანებს ვეღარ ასრულებს ან პირიქით, ამოცანების წინააღმდეგ მიდის, სახელმწიფო მას "იშორებს". გაიხსენეთ უფროსი ბუშის ცნობილი გამონათქვამი, გარეწარია, მაგრამ ჩვენი გარეწარიაო. პოლიტიკა ცინიკურია და ამიტომაც არის ბინძური...

- როგორ გგონიათ, აშშ საქართველოს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებს?

- ამერიკა გადაწყვეტილებებს იღებს არა ქვეყნების, არამედ რეგიონების მიხედვით. რაც უფრო შორს არის კონკრეტული ქვეყანა ამერიკისგან, მით უფრო ძლიერია რეგიონული პრინციპი. საუდის არაბეთთანაც კი, რომელთანაც ამერიკას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, გადაწყვეტილებას იღებს სპარსეთის ყურის რეგიონის კონტექსტიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის რეჟიმში ვართ, უბრალოდ, ომი მიდის ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტებით, პროქსიძალებით, სხვადასხვა ტიპის ზეწოლით. დღეს მაქსიმალურად შეზღუდულია რუსეთი მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს მთავარი დარტყმის ობიექტები არიან რუსეთის მთავარი მოკავშირეები - ვენესუელა და ირანი. ვენესუელის შემდეგ შეიძლება დადგეს კუბის რიგი, როგორც დასავლეთ ნახევარსფეროში რუსეთის ერთ-ერთი ბოლო ფორპოსტის. კუბამ უკვე მოითხოვა რუსეთისგან სამხედრო დახმარება. ამერიკა რუსეთის მოკავშირეებზე ახდენს ზეწოლას, ხვალ დადგება ჩინეთის მოკავშირეებზე ზეწოლის რიგიც. რასაკვირველია, ვაშინგტონის ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ ჩინეთს სხვა ტიპის ბერკეტები აქვს - ეკონომიკური ბერკეტები ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, აზიაში, ასევე წიაღისეულზე კონტროლი. ჩინეთის პოლიტიკა ამერიკისგან განსხვავებით არასდროს ყოფილა ორიენტირებული ე.წ. მეხუთე კოლონის შექმნისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ასეთი გამოცდილება რუსეთს უფრო მეტი აქვს.

- ამ "გეოპოლიტიკურ ქარიშხალში" საქართველოს სწორი სტრატეგიის შემთხვევაში მეტი სარგებლის მიღება ხომ არ შეეძლო?

- შესაძლებელია, მაგრამ პატარა ქვეყანა ორ სკამზე ჯდომას დიდხანს ვერ უძლებს, როგორც წესი, ადრე თუ გვიან, ეს კრახით მთავრდება. ამ თვალსაზრისით ძალიან სახიფათოა ოფიციალური ერევნის თამაში. ერევანს დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში ყოფნის ისეთი გამოცდილება არა აქვს, როგორიც საქართველოს. შესაბამისად, იმეორებს ზუსტად იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ უკვე გადავდგით 90-იან წლებსა და 2000-იანების დამდეგს. დღეს გაცილებით რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა და სომხების თამაშიც გაცილებით სახიფათოა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული გეოპოლიტიკური აქტივობა საჭირო არ არის. ინიციატივები უნდა გქონდეს, მაგრამ გეოპოლიტიკურ აქტივობაში გადაჭარბება შეიძლება ძალიან სახიფათო გახდეს. მაგალითად, ესტონელებმა იმდენი ილაპარაკეს, რომ საბოლოოდ რუსეთმა ტერიტორიული პრეტენზიების თემა წამოსწია...

ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი ქვეყნის ხუთი პროცენტის ანექსიაში დაადანაშაულა. მან საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ ესტონეთის ტერიტორიების ანექსია არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიისგან. ამასთან, პილუასი აღნიშნავს, რომ ესტონეთს რუსეთთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, თუმცა სურს ეს ტერიტორიები ესტონეთს დაუბრუნდეს. საქმე ეხება ე.წ. ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 1920 წელს გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ლენინგრადის ოლქის კინგისეპისა და სლანცის რაიონები, ასევე პეჩორის მხარე, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის, ესტონეთის შემადგენლობაშია. რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ტარტუს შეთანხმება ძალადაკარგულია და დაიწყო მომზადება ესტონეთისთვის შესაბამისი "პასუხის" გასაცემად. რა იქნება შედეგი, კაცმა არ იცის. მერე რა, რომ ესტონეთი ნატოს წევრია.

ნატოს ფუნქცია აშკარად გაუფერულდა, რადგან ომი უკვე სრულიად სხვა დონეზე გადავიდა. ამ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის გამოკლებით, დაგვანახეს, რომ სწრაფად და ეფექტურად მოქმედება არ შეუძლიათ. ამას ემატება გრენლანდიის თემაც, რომელიც ნატოსთვის პირდაპირი სილის გაწვნაა - ფაქტობრივად, სკანდალია, რომელიც აჩვენებს, რამდენად სუსტია დღეს ალიანსის ერთიანობა და მოქმედების შესაძლებლობა.

- დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი ჩვენს ახლო სამეზობლოშია. როგორ გგონიათ, როგორ აისახება ირანში მიმდინარე პროცესები ჩვენს ქვეყანაზე?

- ძალიან უარყოფითად. დღეს ირანში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობენ ის რეგიონები, სადაც ცხოვრობენ არასპარსელები - ეს არის ბელუჯისტანი, ლურისტანი, ასევე არაბებით და ქურთებით დასახლებული ტერიტორიები. ქალაქების უმრავლესობა, რომლებიც პროტესტანტების ხელშია გადასული, ძირითადად სხვა ეთნიკური ჯგუფებით არის დასახლებული. ამან შეიძლება მომავალში ირანის დაშლის რისკიც შექმნას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ერთიანი ირანი შეინარჩუნოს, არის შაჰის სტატუსის აღდგენა. სხვა შემთხვევაში ირანი დაიშლება და ეს მთლიან რეგიონზე ცუდად იმოქმედებს, იმიტომ, რომ ირანი ბალანსის ერთ-ერთი ფაქტორია თურქეთის ამბიციების წინააღმდეგ.

თურქეთს ძალიან დიდი ამბიციები აქვს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, სპარსეთის ყურის მიმართულებითაც და საზოგადოდ, კონტროლის გაფართოებისთვის.

ხათუნა ბახტურიძე