შაჰის სახელობის რევოლუცია?!
ირანის ისლამური რესპუბლიკა ბოლო ათწლეულების ყველაზე რთულ შიდაპოლიტიკურ ფაზაში შევიდა. თუ წინა წლების აქციები მეტწილად სოციალურ-კულტურულ მოთხოვნებს ეფუძნებოდა, დღევანდელი ვითარება კომპლექსურია და ქვეყნის მართვის მოდელს აყენებს კითხვის ქვეშ. კრიზისის მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავ ეკონომიკური ფაქტორია. ეკონომიკურ სიდუხჭირეს ემატება ღირებულებითი კრიზისი - aხალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად დისტანცირდება თეოკრატიული დოგმებისგან. აიათოლას ხელისუფლების რეაქცია კრიზისზე ამჯერად ტექნოლოგიური და ძალისმიერი მეთოდების კომბინაციით ხასიათდება, სადაც არსებითია ინტერნეტის შეზღუდვის სტრატეგია. ეს საშუალებას იძლევა ქვეყანა გაითიშოს გლობალური ქსელიდან, თუმცა შიდასახელმწიფოებრივი სერვისები ფუნქციონირებადი დარჩეს. ამ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ვაშინგტონის ხისტი პოზიცია. ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა მიანიშნებს "მაქსიმალური წნეხის" პოლიტიკის განახლებაზე. ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების რამდენიმე სავარაუდო სცენარს განიხილავენ. პირველი - არის ალბათობა, რომ ეკონომიკური და სოციალური წნეხის ფონზე მმართველმა ელიტამ სცადოს ძალაუფლების შიდა გადაჯგუფება, რათა თავიდან აიცილოს სრული კოლაფსი. ეს შესაძლოა გულისხმობდეს გარკვეულ დათმობებს საგარეო პოლიტიკაში სანქციების შესამსუბუქებლად. მეორე - უსაფრთხოების სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა მოხდეს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ხელში, რაც ქვეყანას უფრო მკაცრი სამხედრო-პოლიტიკური დიქტატურისკენ წაიყვანს. მესამე - პერმანენტული არასტაბილურობა, სადაც ვერც ხელისუფლება ახერხებს პროტესტის სრულ ჩახშობას და ვერც ოპოზიციური მუხტი აღწევს გარდამტეხ ცვლილებებს. რა ხდება დღეს ირანში და რაში შეიძლება გადაიზარდოს პროცესები, ამ საკითხებზე აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს ვესაუბრებით.
- ირანში საპროტესტო მოძრაობა 2019 წელს იყო ძალიან დიდი გამოსვლებით და დიდი მსხვერპლით; 2022 წელსაც იყო ფართო გამოსვლები, დღემდე კი პატარ-პატარებია, პერმანენტულად, მაგრამ ახლანდელი პროტესტი მაინც განსაკუთრებულია. თუმცა ეს ჯერ "აღმავალი პროცესია" ანუ იმ მასშტაბისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რაც 2019 და 2022 წლებში იყო.
ერთი მხრივ, სანქციებისა და მეორე მხრივ, ძალიან ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის, სუბსიდირების უცნაური და წამგებიანი სისტემის გამო მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მუდმივად უარესდება. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, თითქმის მილიონ-ნახევარ რიალს მიაღწია ერთი დოლარის ფასმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას ბიძგი ბაზარმა მისცა. ირანული ბაზარი ეს არის მთელი სისტემა, უზარმაზარი სივრცე მეჩეთებით, მედრესეებით, სოციალური ქსელებით. ბაზრის ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა კონსერვატულობით და ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. ბევრი სასულიერო პირიც ბაზართან არის დაკავშირებული. სწორედ ბაზარზე მოახდინა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გავლენა, ეკონომიკური პრობლემებით დაწყებული გამოსვლები გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში და მოედო მთელ ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდობას - ახალგაზრდობის წილი ძალიან მნიშვნელოვანია ირანის მოსახლეობაში. პროტესტმა პრაქტიკულად მთელი ქვეყანა მოიცვა, თუმცა სხვადასხვა მასშტაბით.

- პოლიტიკური კომპონენტი რამდენად შეიძლება გახდეს გადამწყვეტი?
- გადამწყვეტზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოთხოვნები არის, როგორც წინა გამოსვლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ირანში საპროტესტოდ სავსებით ობიექტური მიზეზებია, არ არსებობს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია. ისეთი რეპრესიული რეჟიმია, შეუძლებელია მან იარსებოს. ამ ვითარებაში წამოტივტივდა ყოფილი შაჰის ვაჟის ფიგურა, რომელიც მანამდეც აქტიური იყო, მანამდეც გამოჩენილა გამოსვლებზე მისი პორტრეტები, მაგრამ დღეს უფრო გააქტიურდა. თითქოს ირანელების ძალიან დიდი ნაწილი მისტირის შაჰის მმართველობის ეპოქას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შაჰის ვაჟი ახლო პერსპექტივაში სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად გარდაიქმნება და ირანი დაუბრუნდება მონარქიულ წყობილებას. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, დაკავშირებული პრინც რეზა ფეჰლევისთან, ის არის, რომ ის ძალიან აქტიურია, მისი პორტრეტები უჭირავთ მიტინგებზე, ისევე როგორც ძალიან ხშირია სულიერი ლიდერის, ხამენეის პორტრეტების დაწვა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ან საერთოდ გაითიშა, ან უკიდურესად შეიზღუდა ინტერნეტი. აქამდე რომ არ გაუთიშავთ, ეს აჩვენებდა, რომ რეჟიმი ისე შეშფოთებული არ იყო. ბოლო დღეებში კი გათიშეს და ეს უკვე სერიოზულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
მე ხანდახან ირანს საბჭოთა კავშირს ვადარებ - ხალხი ცალკე ცხოვრობს, ხელისუფლება კი ცალკე არსებობს. ისლამისტურმა ხელისუფლებამ ისლამური რევოლუციის შემდეგ ძალიან გონივრული სისტემა შექმნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეცვა საკუთარი თავი. უპირველესად ეს არის ხელისუფლების დუალისტური ხასიათი ანუ ორმაგი სტრუქტურები. ქვეყანაში, რომელშიც არჩევნები ტარდება, პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევენ, ხალხი ყოველგვარ უფლებას მოკლებულია და ყველაფერს წყვეტენ სულიერი ლიდერი, რომელიც არჩევითი არ არის, და მასთან დაახლოებული სასულიერო პირთა წრე, ყველა ძალოვანი სტრუქტურა სულიერ ლიდერს ემორჩილება. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდებული უზარმაზარი ბიზნესიც და გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკის წარმმართველიც.
ამ რეჟიმმა თავიდანვე გაითვალისწინა შაჰის შეცდომები და ცდილობდა მაქსიმალურად შეექმნა იმის გარანტიები, რომ მისი დამხობა რთული ყოფილიყო.
- ტრამპმა გააფრთხილა ირანის მთავრობა, რომ ხალხის დაღუპვის შემთხვევაში ის ჩაერევა.
- ირანში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობს. რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, ის პირველი ვადის დროსაც იყო ირანის სასტიკი მოწინააღმდეგე - ტრამპმა გამოიყვანა ამერიკა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან, შემდეგ ირანს სანქციები ისევ დაუწესეს. ტრამპის განცხადება გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპის ბევრი განცხადება უტოპიურიც არის.
ამერიკის ჩართულობა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება მაინც განვიხილოთ: პირველი - შეიძლება ეს იყოს სიმბოლური დარტყმა რომელიმე ობიექტზე და ამით დასრულდეს; მეორე - შეიძლება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები კიდევ ერთხელ დაბომბონ. და მესამე, შეიძლება უშუალოდ სამხედრო ჩართულობა ამ პროცესში, მაგრამ ეს მესამე ვარიანტი მოითხოვს კოორდინირებას ადგილობრივ ძალებთან, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან პრინცი, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაზე, არ არის ირანში, არ ყოფილა გასული საუკუნის 1978 წლის შემდეგ და რეალურად მოწყვეტილია სიტუაციას.
- ხომ არ არის საშიშროება, რომ ტრამპის განცხადებები ხალხმა აღიქვას გარე ჩარევის საფრთხედ და მოხდეს მათი კონსოლიდირება აიათოლას სასარგებლოდ?
- გარე მტერი, რა თქმა უნდა, არის. ერთი "დიდი სატანაა" ამერიკა, მეორე - "პატარა სატანა"“ისრაელი. ცოტა უტრირება შეიძლება მოვახდინო - წარმოიდგინეთ ათსართულიანი სახლი, სადაც არის წარწერა "ძირს სატანა ამერიკა"“და ამერიკის დროშა, სადაც ბომბები და თავის ქალები ხატია ვარსკვლავების ნაცვლად, ამავე შენობაში პირველ სართულზე კი შეიძლება იყოს წიგნების მაღაზია, სადაც იყიდება წიგნი "როგორ მოვიპოვოთ ამერიკის ვიზა"“- აი, ასეთი პარადოქსული ქვეყანაა.
ომი ხშირად ის წყაროა, რომლითაც ხდება რეჟიმის, ასე ვთქვათ, გამაგრება, კონსოლიდაცია, ხალხის დარაზმვა რეჟიმის გარშემო და ა.შ... ეს ირანის უახლეს ისტორიაში მოხდა 1980 წელს, როდესაც ერაყთან ომი იყო. პარადოქსია, მაგრამ ამ ომმა ახალშექმნილ რესპუბლიკას რეჟიმის კონსოლიდაციაში ხელი შეუწყო, 12-დღიან ომს კი მსგავსი არაფერი მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხელისუფლებამ დადგა მიტინგები და „გამარჯვება იზეიმა.“თუმცა იყო მოწოდებებიც "გაუმარჯოს ისრაელსა და ამერიკას". ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით.
მეორე მომენტი რუსეთის ფაქტორია. მოსახლეობაში რუსეთი არაპოპულარულია, ხშირია დემონსტრაციები რუსეთის საელჩოს წინ და ლოზუნგები, რომ რუსეთის საელჩო ჯაშუშების ბუდეა და ა.შ. რუსეთს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, დიდად არ სცალია სხვა რეგიონებში ზეგავლენის შენარჩუნებისა თუ გაზრდისთვის. ეს თვალნათლივ დავინახეთ სირიის მოვლენების დროსაც. რუსეთი გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ირანისთვის თავს არ მოიკლავს, მას ახლა თავისი პრობლემები აქვს. ირანს ბოლო 30 წლის განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა სომხეთთან, მაგრამ თუნდაც ზანგეზურის დერეფანმა, რომელიც ირანისთვის კატეგორიულად მიუღებელია, შეიძლება ბზარი გააჩინოს მათ ურთიერთობაში. სხვა პარტნიორი ირანს არ ჰყავს.
რაც შეეხება იმ გავლენებს, რომლებსაც ქვეყანა წლების განმავლობაში აძლიერებდა (და რასაც არასწორად უწოდებენ "შიიტურ ნახევარმთვარეს"), დღეს ეს სურათი შეცვლილია - მიუხედავად იმისა, რომ ირანი ერაყში დომინირებდა, დღეს მისი პოზიციები საგრძნობლად შერყეულია. მიმდინარეობს ე.წ. შიიტური მილიციის განიარაღება. პარადოქსულია, რომ ერაყში ირანის გავლენის ზრდაში თავის დროზე ამერიკამ პოზიტიური როლი ითამაშა: ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიაში, რომელიც ადრე ირანის უახლოესი მოკავშირე იყო, დღეს ასეთად აღარ მიიჩნევა; ლიბანში "ჰეზბოლა" დასუსტებულია. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ისრაელი ოფიციალურად მოითხოვს მის სრულ განიარაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს; იემენში ხუსიტებიც ნაკლებად აქტიურობენ. ამ რეგიონული დანახარჯების ფონზე თავად ირანელი დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია: "არა ღაზა, არა ლიბანი, არამედ ირანი!". ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ქვეყანა უზარმაზარ რესურსს საგარეო ამბიციებში ხარჯავს, მაშინ, როცა მოსახლეობა შიმშილობს.
- რა შეიძლება მოხდეს ირანში?
- ვერ ვიტყვი, რომ დღეს მკაფიოდ ჩანს ნიშნები, რომ რეჟიმი ჩამოიშლება, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ. ახლა ერთ ფაქტს გეტყვით და მიხვდებით, რატომ მაქვს ასეთი პოზიცია: 1978-79 წლების რევოლუციას არავინ ელოდა. მეტიც, პრეზიდენტი კარტერი 1978 წლის 1-ლ იანვარს, ანუ როდესაც რევოლუცია რეალურად დაიწყო, ჩავიდა თეირანში და შაჰთან ერთად შესვა სადღეგრძელო ირანისა, როგორც სტაბილურობის კუნძულისა ამ მღელვარე ოკეანეში. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ვერ გათვალა ირანში რევოლუცია და მე როგორ გავთვალო, რა იქნება?
რუსა მაჩაიძე