„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“ - კვირის პალიტრა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

"ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა განცდა, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლოა­ მიღწევადი გახდეს წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო­ საქმეთა სამინისტრომ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან მეორე დღესვე გამოა­ქვეყნა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება გაუქმდება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად... განცხადებას მაშინვე უპასუხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ოდისეი ბიგვავამ მზაობა გამოთქვა„დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თუმცა გარკვეული პირობებით, რომელშიც სუბიექტების თანასწორობაც იგულისხმება. რამდენად რეალურია ვენესუელამ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რა ნიადაგია მომწიფებული საქართველოსთან ურთიერთობისთვის თავად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და რა ტიპის საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებამ, "კვირის პალიტრის" კითხვებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს:

- როგორ აფასებთ აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციას?

- განსაკუთრებული მოვლენაა... გარკვე­ულწილად, არ ეთანხმება საერთაშო­რისო სამართლის ნორმებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა­ არ არის, როცა დიდი სახელმწი­ფოები - აშშ, რუსეთი და ჩინეთი - საერთაშორისო სამართალს იყენებენ როგორც ინსტრუმენტს. პირადად მე ვაღიარებ, რომ მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ტრამპის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია. დიქტატორმა მადურომ და სხვებმაც მიიღეს შეტყობინება, რომ არ შერჩებათ ის, რასაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან. ეს უფრო დადებითი მოვლენაა, ვიდრე უარყოფითი.

- გამორიცხავთ აშშ-ის მხრიდან ვენესუე­ლას ნავთობის მიმართ ინტერესს?

- არ გამოვრიცხავ, თუმცა ვენესუელა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ყოფილიყო და ქვეყნის დოვლათი წასულიყო ხალხის საკეთილდღეოდ, აშშ-ს არ დასჭირდებოდა მათი პრეზიდენტის მოტაცება. რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის ჩამოშლილი. ვენესუელა ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში და იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა.

- როგორ ფიქრობთ, მსგავსი­ მოვლენები განვითარდება თუ არა სხვა ლათინურ ქვეყნებში: კუბაში, კოლუმბიაში, მექსიკაში...

- კუბაში შესაძლოა შიგნიდან დაიწყოს რეჟიმის ჩამოშლა, რადგან კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელის ნავთობზე. თუ ნავთობის გადანაწილება გახდება სამართლიანი და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, მაშინ კუბას ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებლად არსებობა. შესაძლოა, მას დაეხმარონ რუსეთი და ჩინეთიც. ღარიბ ლათინურ ქვეყნებში უმძიმესი სიტუაციაა, ამიტომ სამხრეთ ამერიკის წარმატებული სახელმწიფოები, მაგალითად, ჩილე, არგენტინა მიესალმნენ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. მომწონს, რომ ტრამპი არ წავიდა რეჟიმის შეცვლაზე, რადგან ეს გამოიწვევდა სამოქალაქო დაპირისპირებას. რაც შეეხება მექსიკას, ის მყარი სახელმწიფოა, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც მართალია, ვერ უმკლავდება გამოწვევებს, მაგრამ მექსიკაში გადატრიალება და გატაცებები ვერ მოხდება. ვფიქრობ, აშშ მოინდომებს დაეხმაროს მექსიკას რაღაც ფორმით, რათა ის გაუმკლავდეს ნარკოკარტელებს. ტრამპი საკუთარი განცხადებებით უფრო მიუღებელი და საშიშია, ვიდრე მოქმედებებით. ყველაზე უცნაური ჩვენთვის უკრაინაში მიმდინარე პროცესებისადმი მისი დამოკიდებულებაა. თუმცა, ნუ მოვუსმენთ პოლიტიკოსების განცხადებებს, ვუყუროთ მათ მოქმედებებს. მოქმედებები უფრო მდგრადი და ახსნადია, ვიდრე ტრამპის განცხადებები.

- როგორ აიხსნება ტრამპის განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, რა განვითარებას უნდა ველოდეთ დანიასთან და ევროკავშირთან აშშ-ის ურთიერთობის თვალსაზრისით?

- არ ვარ მიამიტი ვთქვა, რომ ტრამპს არ სურს გრენლანდია. რა თქმა უნდა, მას უნდა, მიიღოს გრენლანდია, მაგრამ ჯერჯერობით განცხადებით შემოიფარგლება, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება არანაკლებ მკაცრი განცხადებები დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებების მხრიდან. მოგეხსენებათ, გრენლანდიას დანიის სამეფოში მაღალი დონის ავტონომია აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრითა და საკანონმდებლო ორგანოთი. ამას ემატება ევროკავშირის განცხადებებიც...

- ანუ ამ განცხადებებით ტრამპმა ჯერ მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა?

- ტრამპი არათანმიმდევრული პოლიტიკოსია და ეს მისი მთავარი მინუსია. თუმცა, მგონია, რომ ვაჭრობს. გრენლანდიის ტერიტორიაზე განლაგებულია ყველაზე მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზა, ამიტომ აშშ-ს არანაირი პრობლემა არა აქვს ნატოს, ევროკავშირის, დანიისა და არც საკუთრივ გრენლანდიის კონტექსტში. მას თავისუფლად შეუძლია მიუმატოს კიდევ რამდენიმე ბაზა. აშშ-ის პრეზიდენტი ვაჭრობს, რათა მეტი უფლებები მიიღოს. შემოდგომაზე ამერიკაში შუალედური არჩევნებია და ტრამპმა ან რაღაც უნდა მოახერხოს გრენლანდიაში, ან საერთოდ გაჩუმდეს და დაივიწყოს, მაგრამ ის, რომ გრენლანდია მიუერთოს შტატებს, ამის არც მჯერა და არც გამოუვა.

- რამდენად მისცემენ რუსეთი და ჩინეთი­ მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ხომ არ დაძაბავს ვენესუელის მოვლენები ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის ვითარებას? ასევე არის თუ არა მოსალოდნელი ურთიერთობების გართულება ევროკავშირთანაც?

- ყველა ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო ცდილობს ფრთხილად იყოს ამერიკასთან\. ყველაზე თამამი მაინც ჩინეთია, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავს აძლევს უფლებას, აშშ-ს სანქციები დაუწესოს. თუ ყველა ცდილობს, არ მოხვდეს ამერიკის ბორბლებქვეშ, ერთადერთია ჩინეთი, რომელმაც იცის საკუთარი ძალა და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა, ჩინეთისთვის მისაღებიცაა­, რასაც ამერიკა აკეთებს ვენესუელაში, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის ნავთობის­ 60%-ს ყიდულობს, მაინც ცდილობს იყოს პრაგმატული. ჩინეთი დიდი ხანია დამკვიდრდა სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. მას იქ აქვს უდიდესი ინვესტიციები და ერთი ქვეყნის დაკარგვა არაფრად უღირს. თავის მხრივ ამერიკაც ფრთხილია ჩინეთთან და მხოლოდ მასთან მიდის დათმობაზე, მაგალითად ტარიფებთან დაკავშირებით. რუსეთიც ბევრს კარგავს ვენესუელაში მომხდარი ცვლილებებით. რაც შეეხება ევროკავშირს, მას სჭირდება ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა და იმაზე უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე მოველით. ასე რომ, სიფრთხილე არის კარგად გათვლილი პრაგმატული ნაბიჯი, რუსეთის მხრიდანაც კი.

- როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების­ განცხადებებს და თუ ელოდებით, რომ ვენესუელის ახალი ხელისუფლება უკან წაიღებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას?

- ეს მსოფლიოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ დადგება დრო, როცა ვენესუელა გადახედავს ამ საკითხს, მაგრამ ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარია, თბილისმა იპოვოს საერთო ენა სოხუმთან. თუ წარმატებული იქნება თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის შერიგების პოლიტიკა, თუ ჩვენ მოვახერხებთ ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ ყველა აღიარება ძალას დაკარგავს, ფარატინა ფურცლად დარჩება და არც უკან წაღება იქნება საჭირო. რუსეთის აღიარებაც ძალას დაკარგავს და იქცევა უაზრობად. ჩვენს მიწაზე რუსული საოკუპაციო ჯარები უფრო მტკივნეული თემაა, ვიდრე აღიარების უკან წაღება. რუსები თავად არ გავლენ, ამიტომ როგორმე უნდა მივაღწიოთ ამას. როგორც კი რუსეთი გაიყვანს ჯარებს და ჩვენ შევრიგდებით, რუსეთს მოუწევს ახალ რეალობასთან შეგუება. ასე რომ, კარგია, თუ აღიარებას უკან წაიღებენ ქვეყნები, მაგრამ ეს სურათს არ ცვლის. მთელი ტრაგედია ის არის, რომ საქართველო გარიყულია. თუ აშშ-მა ვენესუელის ახალ ხელისუფლებასთან არ დაიწყო მოლაპარაკება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე, თუ არავინ შეახსენა, ეს საკითხი საერთოდ არ დადგება.

- ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ აშშ-სთან უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე? როგორ ფიქრობთ, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით?

- ჩვენ ვნახეთ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. საჭიროა მუშაობა ისეთი ქვეყნების საელჩოებთან, როგორიცაა ესპანეთი, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ვენესუელასთან. აუცილებელია ველაპარაკოთ ბრიუსელს, რადგან მასაც აქვს გავლენები ვენესუელაზე. ამ თემებზე ჩვენ "ცეცხლი უნდა შევუნთოთ" მადრიდს, ბრიუსელს და თავისთავად ვაშინგტონს. ამის ნაცვლად კი ჩვენი ხელისუფლება ევროპას ლანძღავს! რაც შეეხება ქართული ოფიციოზის განცხადებებს, ვენესუელას არანაირი საერთო არა აქვს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან და პაპუაშვილის განცხადებაში აშშ-ზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი, სამაგიეროდ, მაინც პოულობენ საბაბს, დაარტყან ევროკავშირს... თუმცა გამორიცხული არ არის, აშშ-ის ადმინისტრაციამ ვენესუელის ახალ მთავრობას შესთავაზოს წინადადებათა პაკეტი, სადაც საქართველოს აღიარების უკან წაღებაც ერთ-ერთ პუნქტად იყოს აღნიშნული.

- თუ ელით ურთიერთობების დათბობას­ საქართველოსა და აშშ-ს შორის?

- ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა და ტრამპს საქართველო არ გახსენებია. მან კავკასია გარკვეული წარმატებით შეისწავლა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მოაგვარა და ამერიკის ინტერესები­ ჩადო პროექტში, რომელსაც "ტრამპის­ გზა" ჰქვია, მაგრამ ამ ფონზე არსებობს თუ არა რეგიონში მესამე სახელმწიფო - საქართველო - არ ჩანს. სამაგიეროდ, ტრამპს მოსწონს თურქეთი და ენდობა მას. ის თვლის, რომ რეგიონში თურქეთია წამყვანი, ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს შავ ზღვაზე, გაითვალისწინებს თურქეთის მოსაზრებას. ჯერჯერობით საქართველო არ მოხვედრილა ტრამპის დღის წესრიგში, თუმცა არაფერია გამორიცხული, შესაძლოა რაღაც საკითხების განხილვისა და მოგვარების შემდეგ ჯერი საქართველოზეც მიდგეს... ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ მოვა დრო და ტრამპი საქართველოში შექმნის ისეთ პირობებს, რომ "ქართული ოცნება"­ იძულებული გახდება, შეცვალოს პოლიტიკა. ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინთან შეხვედრის დროს, უკრაინის საკითხის განხილვისას, რუსეთის პრეზიდენტი მას საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი... ტრამპმა იცის, რომ საქართველო შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომ თუ ტრამპს გაუჩნდა იმედი, რომ რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ თავის მოკავშირედ აქცევს, რაც გამორიცხულია, უკრაინასაც კი დათმობს და საქართველო რა თავში სახლელად უნდა?! ამიტომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენვე ვართ საკუთარი სახელმწიფოს გადამრჩენები და არა ბრიუსელი და ვაშინგტონი. ეს ხელისუფლებაც ან ჩვენი სურვილით დარჩება, ან ჩვენივე აქტიურობით გავისტუმრებთ. თავი უნდა დავანებოთ მითებს, რომ ტრამპს გავახსენდებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დემოკრატიულმა ძალებმა გაითავისონ, რომ საჭიროა არა სხვების იმედზე ყოფნა და ტახტზე წამოწოლა, არამედ ისწავლონ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლა. არც ევროკავშირთან ურთიერთობაში ველი რაიმე გამონათებას. "ქართულმა ოცნებამ" თავად გადაიწურა წყალი ევროპასთან. პარტნიორები დაელოდებიან შემდეგ არჩევნებს...

- ზემოთ შერიგება ახსენეთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღსადგენად?

- სამწუხაროდ, "ოცნებისგან" კარგს არაფერს ველი. "ქართული ოცნება" ყველა გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მას ამაში დაეხმარება, რუსეთია. აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი გადასულია თავდაცვაზე და ეშინია რუსეთის... ეშინია, ძალაუფლების დაკარგვის, რუსეთმა მოულოდნელად არ ჩათვალოს, რომ სხვა სჭირდება. დღეს რუსეთი­ აშკარად ითვისებს აფხაზეთს (ცხინვალი უკვე ათვისებული აქვს), რასაც ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხი. საქართველო ხმას არ იღებს. საქართველოს ოფიციალური პოლიტიკა ასეთია: მე ხელს არ ვუშლი რუსეთს, აითვისოს აფხაზეთი; მე არ ვეხმარები რუსეთს, აითვისოს აფხაზეთი - ანუ თვალს ვხუჭავ, ყურებიც დახშული მაქვს! „

- ქართული ოპოზიცია მაინც არ უნდა ესაუბრებოდეს აფხაზებს, თუნდაც საკუთარ კოლეგებს აფხაზური ოპოზიციიდან?

- წარმოიდგინეთ აფხაზი, რომელთანაც მიდის ქართველი ოპოზიციონერი, რომელიც არც არჩევნებში მონაწილეობდა­ და არც პარლამენტში შევიდა... რატომ დაელაპარაკება?! ან რა შედეგი მოჰყვება ამას?! ვინც რეალურად უნდა ელაპარაკოს აფხაზებს, ეს არის ოფიციალური თბილისი!

- გამოდის, ყველა ხიდი დამწვარია, სახალხო დიპლომატიაც აღარ მუშაობს?

- სახალხო დიპლომატია "ოცნების" მიერ მიღებულმა რუსულმა­ და ფარას კანონებმა გაანა­დგურა. შეწყდა შეხვედრები... აფხაზებს კონტაქტი ჰქონდათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგრამ ამას მალავდნენ გასაგები მიზეზების გამო. მოგეხსენებათ, ფარას კანონი არასამთავრობოებისგან ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე სახელმწიფოს წვდომას, რისი წინააღმდეგი არიან ბენეფიციარებიც და არასამთავრობოებიც. ამიტომ ეს პროცესიც ფაქტობრივად, გაჩერდა.

- რა ვითარებაა ამჟამად ოკუპირებულ რეგიონებში?

- აფხაზები რუსეთის ექსპანსიას გრძნობენ და ეშინიათ. უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული იქნება თუ დამარცხებული, მოინდომებს აფხაზეთის ათვისებას. რუსეთს შავი ზღვა უნდა და იქ არის აფხაზეთიც თავისი უნიკალური ლანდშაფტით! ამიტომ აფხაზეთში არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, აფხაზეთი გახდეს რუსეთის ტერიტორიის ნაწილი და არა დამოუკიდებელი ერთეული.

- რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის­ აღდგენას ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ სთავაზობს საქართველოს...

- საქართველოს ხელისუფლება კარგად იყენებს ამ მომენტს და ამბობს, რომ ვიდრე რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს და ჯარებს არ გაიყვანს, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობაც არ აღდგება. ამას ამბობენ ისე, რომ საერთოდ არ ახსენებენ აფხაზეთს. ეს კარგად აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი გარკვეული დისტანციის შენარჩუნებაა რუსეთთან: არც ძალიან დაახლოება და არც ძალიან დაშორება. საქართველო არ მოითხოვს ტერიტორიების დაბრუნებას, ჯარების გაყვანას, მაგრამ ამბობს, რომ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, ვიდრე რუსეთს ტერიტორიები აქვს დაკავებული. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეთამაშება და მის მხარეს გადააქვს პასუხისმგებლობა, კარგად იციან, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გაიყვანს ჯარებს "ოცნების" კნავილით...

- ანუ უფრო ხისტი პოლიტიკის წარმოებაა საჭირო რუსეთთან?

- სწორედ ამაშია საქმე, რომ მკაფიო­ მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს "ოცნების" ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი. რუსეთს სჭირდება­ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად. აზერბაიჯანი პრაქტიკულად დაკარგა, სომხეთსაც კარგავს. "ქართული ოცნება"­ კი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა რუსეთი მაინც ბოლომდე არ ენდობა ქართველებს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს გავლენები ამ ორ ტერიტორიაზე.

ჩვენი ერთადერთი გადარჩენა ევროპისკენ სწრაფვაშია. ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ აფხაზებისა და ოსებისთვის ევროკავშირის გარანტიით აღჭურვილი საქართველო სულ სხვა სახელმწიფოა, ვიდრე რუსეთზე ჩაბმული. ამ ფონზე ჩვენი ტრაგედიაა არა მარტო ის, რომ აფხაზებსა და ოსებს არ ველაპარაკებით, არამედ ის, რომ ჩვენ მათ ბრიუსელის პერსპექტივას არ ვთავაზობთ. პირიქით, ევროპას ვლანძღავთ და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირს. ამას ხედავენ აფხაზები და რა უნდათ მაშინ ასეთ საქართველოსთან?! აფხაზებს არ სჭირდებათ მარტო მიგდებული საქართველო, ევროკავშირით გაძლიერებული საქართველო კი სულ სხვა ინტერესი იქნება მათთვის.

- როგორია რუსეთთან სწორი ტონი?

- მე ვერ ვხედავ რუსეთთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას. ვხედავ მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტში. საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთთან ხელი აქვს მოწერილი 6-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, სადაც რუსეთს აღიარებული აქვს, რომ ჯარებს გაიყვანს. ყოველ წამს და წუთს საქართველოს ხელისუფლება უნდა ახსენებდეს მას, რომ შეასრულოს თავისი პირობა! "ოცნების" პრორუსული პოლიტიკა სწორედ ამაშია, რომ ხმას არ იღებენ... რუსეთისთვის მთავარია, მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოსთან კონფლიქტი სხვა ტიპის იყო, ხოლო უკრაინასთან - სხვა.­ ჩვენ მსოფლიოს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში 2008 წელს მოხდა იგივე, რაც 2014-სა და 2022-ში უკრაინაში. საქართველომ ეს მუდმივად უნდა აჟღეროს, რადგან დადგება დრო, როცა მსოფლიო მიაღწევს თავისას, ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ძალიან პრინციპული და კატეგორიულია და გაუმარჯოს ასეთ ევროპას, რუსეთის წინააღმდეგ ასე ძლიერი არასდროს ყოფილა! ამ ფონზე ევროკავშირს ჩვენ უნდა ვყავდეთ დღის წესრიგში, მაგრამ როგორ ვეყოლებით, როცა ყოველდღე ვაგინებთ! თუმცა, ევროკავშირი საქართველოში მაინც არის წარმოდგენილი­ სადამკვირვებლო მისიის სახით, ჟენევის შეხვედრებიც ევროკავშირის ეგიდით ტარდება, ამიტომ ნუ გეშინიათ აფხაზებო და ოსებო, თუ რუსეთი გაიყვანს ჯარებს (არ გაიყვანენ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვისაუბოთ ამაზე), არ გქონდეთ შიში, რომ ქართველები ომს დაგიწყებენ. უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.­ ისინი ჩვენ შორის უნდა დადგნენ სამშვიდობო ძალებად, რათა გახდნენ­ მშვიდობის­ გარანტორები და აფხაზებსა და ოსებს შეექმნათ განცდა, რომ ომი არ იქნება და მზად ვიქნებით ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას ძალის არგამოყენების შესახებ! ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ გვერდში ამოვიყენოთ ნატოს რეალობა. ჩვენ კატეგორიულად უნდა განვაცხადოთ, რომ მივყვებით ევროკავშირის კონტექსტს, სამშვიდობო პოზიციებს, თურქეთი ხდება ჩვენი მოკავშირე რეგიონში და ვენდობით თურქეთს, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარანტორს და ვაწერთ ხელს მასთან ხელშეკრულებას. თურქეთი თანამ­შრომლობს აზერბაიჯანთან კავკასიაში და უკრაინასთან შავ ზღვაზე, მაქსიმალურად ეხმარება ომში მყოფ უკრაინას. ჩვენ ვართ კავკასიაშიც და შავ ზღვაზეც და ამ თვალსაზრისით ვართ უნიკალური, ბრილიანტი­ სახელმწიფო ნატოსთვის: კავკასიონის ქედს ვკეტავთ,­ შავ ზღვაზე პორტები გვაქვს! ჩვენ ორი უდიდესი მოკავშირე გვყავს: ნატო და ევროკავშირი... თურქეთს საქართველო სჭირდება, როგორც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში საყრდენი, მაგრამ ჩვენ რუსეთისკენ ვიყურებით, თურქეთი კი ევროკავშირისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქვს, მას არ ლანძღავს და აგინებს. ამ ფონზე ჩვენ და თურქეთს ერთი მზერა უნდა გვქონდეს და შეგვიძლია კავკასიონის ქედზე შევქმნათ საჰაერო თავდაცვის უნიკალური უსაფრთხოების ქოლგა. და თუ თურქეთი პოლიტიკურად და დიპლომატიურად ჩვენთან იქნება, რუსეთი ვერაფერს გაბედავს. ნატო, ევროკავშირი და თურქეთი - ეს უზრუნველყოფს საქართველოს სრულ, ასპროცენტიან უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა მივდიოდეთ დასავლეთისკენ და მივყვებოდეთ ჩვენს კონსტიტუციას.

- ზემოთ შერიგება ახსენეთ და ხომ არ გულისხმობს ეს ბოდიშის მოხდას? როგორ შეაფასებთ ივანიშვილის ცნობილ მოწოდებას ამასთან დაკავშირებით?

- ეს დიდი შეცდომა და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო. შესაძლოა, ვიღაც სულელის რჩევით თქვა, თუმცა, შემდეგ თეა წულუკიანის კომისიამ უფრო დიდი საშინელება გააკეთა - ყველაფერი დააბრალა ქართულ მხარეს. ყოვლად ამორალურია, რაც კომისიამ გააკეთა, ამიტომ ივანიშვილის ბოდიში დიდი ბოროტების პატარა ნაწილია.

30 წელია ქართულ პოლიტიკას ვაკვირდები და ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს არ მიუღია. ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, თუ მოგვიწევს აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან მოლაპარაკებები, ამ დასკვნას სახეზე აგვაფარებენ. სულ რომ გავაუქმოთ ეს დოკუმენტი, მაინც ვერ შევაჩერებთ მის ნეგატიურ შედეგს, რადგან ეს უკვე ითქვა! შეიძლება ეს დასკვნა რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოებშიც გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, ხოლო აფხაზებმა და ოსებმა მოლაპარაკებების დროს საკუთარი პირობები წამოგვიყენონ...

შორენა ბიწაძე