ვის სურს ყველაზე მეტად აიათოლების ნახევარსაუკუნოვანი ხელისუფლების დამხობა ირანში
მაშინ, როდესაც ახალი წლის დღეებში მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება მიპყრობილი იყო ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცებისა და რუსული ტანკერის დევნა-დაკავების ამერიკულ ოპერაციებზე, საქართველოს ყურისძირში, ირანში, ძალზე დრამატულად ვითარდება სიტუაცია და არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.
ზუსტად 47 წლის წინ, 1979 წლის იანვარში, ირანში მასობრივი სახალხო პროტესტი დაიწყო, რის გამოც შაჰი ფეჰლევი იძულებული შეიქნა ოჯახთან ერთად გაქცეულიყო სამშობლოდან, ხოლო იმავე წლის 1-ლ თებერვალს თეირანში პარიზიდან ჩაფრინდა აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ემიგრაციაში იყო და შაჰის ხელისუფლებას ემალებოდა.
2026 წლის იანვარში კი ყველაფერი შეიძლება სარკისებურად განმეორდეს, რადგან ამჯერად მილიონობით ირანელი ისევ შაჰის დაბრუნებას ითხოვს ხელისუფლებაში, მანამდე კი აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის დამხობისთვის ქვეყნის არაერთ ქალაქში ძალისმიერ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს აწყობს საპოლიციო სტრუქტურებსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგებთან" პირდაპირ შეტაკებების ჩათვლით, რის შედეგადაც არაერთ ქალაქში დამწვარია პოლიციის მანქანები და შენობები, ხოლო ხელისუფლების დამცველთა მიერ გახსნილ ცეცხლს დემონსტრანტები ეწირებიან.
საპროტესტო ტალღა 2025 წლის დეკემბერში ირანული რიალის დევალვაციამ გამოიწვია - ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის განახევრდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 38.9%-ს მიაღწია. თავდაპირველად, თეირანში დემონსტრანტები ვალუტის კურსის მკვეთრ რყევასა და მის გავლენას საბითუმო და საცალო ფასებზე აპროტესტებდნენ.
ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ირანის 92 ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციებს 36 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის 34 მომიტინგე და ორი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი. დაკავებულია 2076 კაცი, თუმცა ეს ციფრები ყოველდღიურად იზრდება.
დასავლურ მედიაში აიათოლა ალი ხამენეის გარდაუვალ დამხობას პროგნოზირებენ და იტყობინებიან კიდეც, რომ მან, სავარაუდოდ, უკვე დაგეგმა გაქცევის მარშრუტი თეირანიდან მოსკოვში.
ასევე არის ვარაუდი, რომ ირანის ლიდერი შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი სამიზნე გახდეს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მსგავსად, რომელიც 3 იანვარს ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის დროს გაიტაცეს.
თავად დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ირანში საპროტესტო აქციებს და დაჰპირდა "ძალიან მკაცრ დარტყმას", თუ დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი იქნებოდა.
ირანში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ხელისუფლების დამხობის ძალიან ბევრი მსურველი ქვეყანაა, იქნება ეს ისრაელი, საუდის არაბეთი, თურქეთი თუ სულაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი.
81 მლნ-იან ირანში სპარსელების შემდეგ ყველაზე მეტი (მოსახლეობის 16%) სწორედ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თანაც კომპაქტურად ირანის "აღმოსავლეთ აზერბაიჯანის" პროვინციაში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას.
თუკი ირანში მართლაც დაემხო აიათოლების ხელისუფლება და ქვეყანა შეიარაღებულმა ქაოსმა მოიცვა, არ არის გამორიცხული, საქმე თვით ირანის ტერიტორიის დაყოფამდეც მივიდეს, რის შემთხვევაშიც აზერბაიჯანი, დიდი ალბათობით, ეცდება (თურქეთიდან ფარული თუ აშკარა სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით), რომ სამოქალაქო ომში აღმოჩენილი ირანის "აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა" და იქ მცხოვრებ რამდენიმე მილიონ ეთნიკურ აზერბაიჯანელზე "უსაფრთხოების ზომები" გაავრცელოს, მით უმეტეს, ამის პრეცედენტიც არსებობს - სტალინის დავალებით 1945 წლის 12 დეკემბერს ირანის აზერბაიჯანში გამოცხადდა "აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა", რომელსაც თავისივე "არმიაც" კი ჰყავდა (ჯერ კიდევ 1941 წელს ირანის ტერიტორიაზე გადასროლილი საბჭოთა დივიზიის სახით) და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ კრემლის შექმნილი ეს "დემოკრატიული რესპუბლიკა" მალევე შეერთებოდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, მაგრამ 1946 წლის მაისში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად სტალინი იძულებული შეიქნა ირანის ტერიტორიიდან გამოეყვანა საბჭოთა ჯარები, რის შემდეგაც ირანელებს არ გასჭირვებიათ "აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის" უბრძოლველად დაპყრობა და ადგილობრივი აზერბაიჯანელების მასობრივად დასჯა.
1990-იან წლებში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, შემდგომში კი ქვეყნის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანის გაერთიანება.
თავის მხრივ, 2013 წელს ირანის პარლამენტში მომზადდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამურ რესპუბლიკას უნდა მოეხდინა ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ანექსია (ანუ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დაპყრობა) და ამით "გაეერთიანებინა" აზერბაიჯანული მიწები.