რუსული „ორეშნიკით“ უკრაინაზე დარტყმა ამერიკის გაფრთხილებაც გახლდათ რუსულდროშიანი ტანკერის დაკავებისთვის - კვირის პალიტრა

რუსული „ორეშნიკით“ უკრაინაზე დარტყმა ამერიკის გაფრთხილებაც გახლდათ რუსულდროშიანი ტანკერის დაკავებისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა 8-9 იანვრის ღამეს საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექს "ორეშნიკის" მეორედ გამოყენება უკრაინასთან ომში, ლვოვის რაიონში და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო გასული წლის 29 დეკემბერს "კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ვალდაიში საჰაერო თავდასხმის მცდელობისთვის პასუხი".

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კატეგორიულად უარყოფს ახალი წლის წინ ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე საჰაერო იერიშის მიტანას და არც ამერიკული და ევროპული სადაზვერვო სტრუქტურები ადასტურებენ ასეთ ფაქტს, პუტინმა ბოღმა გულში ჩაიდო და მაინც განახორციელა საპასუხო დარტყმა უკრაინულ ქალაქებზე და თანაც "ორეშნიკის" მეორედ გამოყენებით.

ბევრი ელოდა, რომ ასეთ "შურისმაძიებელ" დარტყმას კრემლის ბინადარი ახალი წლის ღამეს მიაყენებდა, რათა უკრაინელებისთვის ჩაეშხამებინა ახალი წლის დადგომა, თუმცა კრემლმა ახალ წელს და შობის დღესასწაულზეც შეიცადა, მაგრამ უკრაინას მაინც დაარტყა.

ეს საჰაერო დარტყმა ძალიან წააგავდა იმას, რაც მსოფლიომ პირველად იხილა 2024 წლის 21 ნოემბერს, როდესაც უკრაინულ დნიპროში მდებარე "იუჟმაშის" სარაკეტო ქარხანას რუსეთმა ასტრახანის ოლქის კაპუსტინ-იარის პოლიგონიდან გაშვებული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რაც ამ კლასის ბალისტიკური რაკეტის პირველი საბრძოლო გამოყენება გახლდათ ომების ისტორიაში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ისღა მოახერხა დაეფიქსირებინა, რომ ამ რუსული რაკეტის სიჩქარე ფრენის ბალისტიკურ ტრაექტორიაზე 13 ათას კმ/სთ-ს შეადგენდა ანუ წამში 3,6 კმ-ს ფარავდა და მისი ჩამოსაგდები ანტისარაკეტო საშუალება უკრაინელ სამხედროებს, უბრალოდ, არ აქვთ.

და მაინც, არის ეჭვი, რომ რუსული "ორეშნიკის" მეორედ "სტუმრობა" უკრაინაში მხოლოდ კიევის დასაშინებლად როდი მოიმოქმედა კრემლმა, სავარაუდოდ, ამით პუტინმა სცადა ერთგვარი "მუქარის მესიჯი" გაეგზავნა თვით... ტრამპისთვის.

საქმე ის არის, რომ ახალი წლის პირველი დღეებიდან რუსეთის საერთაშორისო იმიჯმა ორი მძიმე დარტყმა მიიღო - ჯერ იყო და, აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებით ვენესუელის ის პრეზიდენტი გაიტაცეს, რომელიც პუტინს "ეხუტებოდა" და მისი მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა (როგორც გამოჩნდა, სულ ტყუილადაც), ხოლო შემდეგ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა შუა ოკეანეში დააკავეს რუსულდროშიანი და რუსეთის საზღვაო რეესტრში არსებული ტანკერი, რაც, ფაქტობრივად, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ტოლფასად შეიძლება შეფასდეს მონდომების შემთხვევაში, რადგან ნეიტრალურ წყლებში მცურავი ნებისმიერი სამხედრო ხომალდი თუ სავაჭრო გემი, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაშია დარეგისტრირებული და მის სახელმწიფო დროშას აფრიალებს გემბანზე, ავტომატურად სარგებლობს სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის უფლებით.

თუმცა რუსეთმა და კერძოდ, მისმა პირველმა პირმა პუტინმა თითქოს ჩაყლაპა ვენესუელელი კოლეგის "მოპარვაც" და რუსულდროშიანი ტანკერის "სადესანტო აბორდაჟის" ფაქტიც, მაშინ, როდესაც ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან შემთხვევებზე პირადად ძალზე მკაცრად რეაგირებდა და არც მუქარებს იშურებდა.

ამ შემთხვევების გაანალიზებისას შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პუტინი, ჯერჯერობით, თავს არიდებს ტრამპთან პირადი ურთიერთობის გაფუჭებას, მათ შორის უკრაინის საკითხების გამოც, თუმცა ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ტრამპი გააქტიურდა და თავად პუტინის მეთოდებით, მათ შორის ცინიკურით, დაიწყო მოქმედება - ადრე თუ გვიან, პუტინ-ტრამპის პოლიტიკური დაპირისპირება საჯარო გახდება.