პუტინის მეგობრების „წყევლა“ ანუ როგორ ამთავრებენ დიქტატორები - კვირის პალიტრა

პუტინის მეგობრების „წყევლა“ ანუ როგორ ამთავრებენ დიქტატორები

ამერიკელების მიერ ვენესუელის ხელისუფლებიდან ნიკოლას მადუროს "ამოღებით" პუტინმა კიდევ ერთი მეგობარი­ დაკარგა, უფრო ზუსტად, სატელიტი ან ყმა. კრემლის ბინადრის მოკავშირე დიქტატორებს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ განასხვავებთ ერთმანეთისგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. გადავავლოთ თვალი ქრონოლოგიას, თუ როგორ კარგავდა პუტინი მეგობრებს/ყმებს/მარიონეტებს და, ალბათ, უფრო კარგად დავინახავთ.

"თქვენ იცით, რა არის სწორი და რა არა?!"

kadafi-09-1768141689.jpg

პირველი საგანგაშო სიგნალი“ 2011 წელს იყო...

"თქვენ იცით, რა არის სწორი და რა არა?!" -“ეს იყო ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის ბოლო სიტყვები, რომელიც მან მეამბოხეებს უთხრა სიკვდილის წინ. მანამდე ის "ხარამს" ყვიროდა­ (ქმედება აკრძალული ისლამური სამართლით), თუმცა არაფერმა უშველა - მეამბოხეებმა ქალაქ სირტში ის სამარცხვინოდ მოკლეს...

ჩვენ, რა თქმა უნდა, კადაფის ბიოგრაფიას დეტალურად არ მოგიყვებით. ეს კლასიკური დიქტატორის გზაა: სამხედრო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლა, ჯერ მოსახლეობისთვის პოპულა­რული ნაბიჯები, შემდეგ ძალაუფლების ნიადაგზე გაგიჟება და შემდეგ კიდევ უფრო გაგიჟება. კადაფი 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. თავიდან კარგად დაიწყო: გაატარა სასოფლო-სამეურნეო რეფორმები, გამოაცხადა ქალთა და კაცთა თანასწორობა, ებრძოდა­ ნაადრევ ქორწინებებს და რაც მთავარია, ნავთობდოლარებს (ლიბიის მთავარი სიმდი­დრე სწორედ "შავი ოქროა") აბანდებდა სოციალურ პროექტებში; აშენებდა­ სკოლებს, საავადმყოფოებს, აფინანსებდა განათლებას.

თუმცა შემდეგ დიქტატორმა გაუტია: ჯერ "სახალხო რევოლუცია" გამოაცხადა­ - კანონები უნდა შეეცვალა რევოლუციურ დადგენილებებს, რევოლუციის მოწინააღმდეგეები უნდა "მოშორებულიყვნენ"­ და ბურჟუაზიისა და ბიუროკრატიის ყველა კვალი უნდა გამქრალიყო. მერე კი კადა­ფიმ შექმნა მესამე მსოფლიო თეორია, რომლის მიხედვითაც, ამერიკაც და საბჭოთა კავშირიც იმპერიალისტები იყვნენ და მესამე სამყაროს ქვეყნებსა და არაბულ სახელმწიფოებს მათ წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. ეს მან თავის "მწვანე წიგნში" ასახა. შემდეგ ლიბიის მმართველობა კიდევ რამდენჯერმე გადააწყო, მაგრამ ყველაფერი "მწვანე წიგნის" გარშემო ტრიალებდა.

საბოლოოდ, ლიბიაში ასეთი რეჟიმი­ დამკვიდრდა: კადაფი პირადად აკონტროლებდა ყველა ძალოვან სტრუქტურას, დისიდენტები უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ, არ არსებობდა ოპოზიცია და თავისუფალი მედია. ერთ-ერთი მთავარი ოპოზი­ციონერი ლიბიაში 1984 წელს საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს და ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

კადაფიმ პუტინის რუსეთთან მჭიდროდ დაახლოება დაიწყო 2000-იანების ბოლოს. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი ლიბიაში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. მოსკოვში ჩათვალეს, რომ კადაფი მზად იყო, რეგიონში პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ფუნქცია შეესრულებინა. დიდი გეგმები ჰქონდათ, თუმცა... "არაბული გაზაფხული" დაიწყო.

2011 წლის თებერვალში საპროტესტო აქციები დაიწყო ლიბიაშიც და კადაფიმ გასცა ბრძანება, ბენღაზიში მომიტინგეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ეს იმხელა შოკი იყო, დიქტატორს თავისი გარემოცვის ბევრი წევრიც კი გაემიჯნა. კადაფი კი იმუქრებოდა, რომ თითოეულ მეამბოხეს სახლებში მიაკითხავდა, მაგრამ... ზემოთ უკვე ვთქვით, როგორ შავად დაასრულა მოღვაწეობა "მწვანე წიგნის" ავტორმა.

1593019065-ianukovichi-1768141689.jpg

ორჯერ ნასამართლევი პრეზიდენტი

არაერთხელ გვითქვამს, რომ არის ასეთი უკრაინელი ჟურნალისტი, ვლადიმირ ზოლკინი, რომელსაც რუს ტყვეებთან ასეულობით ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. სტანდარტული კითხვაა - ვინ დაიწყო ომი? რუსი ტყვეები თუთიყუშებივით იმეორებენ, აი, უკრაინაში მაიდანი რომ მოხდა, ყველაფერი მაგის ბრალია, კანონიერი პრეზიდენტი დაამხეს და ანტირუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაშიო. იმეორებენ იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობას ამას ჩასძახის რუსული ტელევიზორი - თურმე "საწყალი" პუტინი იძულებული იყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას თავს დასხმოდა, რადგან იქ 2014 წელს მაიდანი მოხდა და ამერიკელებისა და ნატოს მარიონეტები რუსეთის გასანადგურებლად ემზადებოდნენ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინს ერთ-ერთ თავის მთავარ წარმატებად ის მიაჩნდა, რომ უკრაინის პრეზიდენტად, ბოლოს­ და ბოლოს, ვიქტორ იანუკოვიჩი დასვა.­ სხვათა შორის, ახალგაზრდობაში იანუკოვიჩი ორჯერ იყო ნასამართლევი: ერთხელ მოქალაქისთვის საათის წართმევის­თვის და მეორედ, ცემისთვის. უკრაინა არც ლიბიაა და არც სირია. იანუკოვიჩს უწევდა­ ოპოზიციური მედიისა და ოპოზიციური პარტიების ატანა. სამაგიეროდ, მის დროს ქვეყანაში აყვავდა ჰიპერკორუფცია, რომლისთვისაც მაგალითის მიმცემი­ თავად იანუკოვიჩი და მისი გარემოცვა იყვნენ. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავის რეზიდენციასთან პატარა პირადი ზოოპა­რკი მოიწყო. უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, იანუკოვიჩმა და მისმა გუნდმა მმართველობის პერიოდში (2010-2014 წლებში) 40 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

იანუკოვიჩი ცბიერ მანევრებს მიმართავდა. ერთი მხრივ, ბოლომდე ჩაე­ხუტა­ პუტინს და მეორე მხრივ, აცხა­დებდა,­ რომ უკრაინის ევროინტეგრაციას ალტერნატივა­ არა აქვს. თუმცა ორ სკამზე ჯდომა დიდხანს არ გამოუვიდა. 2013 წლის ნოემბერში უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. ცოტა ხნით ადრე იანუკოვიჩი პუტინს შეხვდა. როგორც მისი ერთ-ერთი გარემოცვის წევრი ამბობს, პუტინის კაბინეტიდან იანუკოვიჩი სხვა ადამიანი გამოვიდა, მოტეხილი და შეშინებული. 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და მიზეზად ის დაასახელეს, თითქოს ის ეკონომიკურად წამგებიანი იყო... და დაიწყო მაიდანი.

პრინციპში, შეიძლებოდა ყველაფერი იანუკოვიჩისთვის სასიკეთოდ დასრულებულიყო. პროტესტი თანდათან ჩაცხრომისკენ მიდიოდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს რამდენიმე ათეულ სტუდენტს სასტიკად სცემა "ბერკუტის" სპეცრაზმმა. ამან უკრაინელ საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია, პროტესტი ძალოვნებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და ხალხს ესროლეს. იანუკოვიჩი დღემდე ამტკიცებს, რომ სროლის ბრძანება მას არ გაუცია და ვიღაც "მესამე ძალა" იყო ჩარეული, თუმცა... ისე, სიმართლე რომ ითქვას, შეიძლება ეს "მესამე ძალა" სწორედ პუტინი ყოფილიყო. კერძოდ, რუსებმა ძალიან კარგად ისარგებლეს უკრაინაში არეულობით და იანუკოვიჩის რუსეთში­ გაქცევით. გამოაცხადეს, ლეგიტიმური პრეზიდენტი დამხობილია, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხუნტამ და არიქა, რუსულენოვანი მოსახლეობა­ უნდა დავიცვათო. ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა ფულით, იარაღით, ტექნიკითა და სამხედროებით.

დღეს იანუკოვიჩი დონის როსტოვში­ ცხოვრობს და არც არავის არაფერში სჭირდება. ცოტა ხნით გაახსენდათ 2022 წლის თებერვალში, როდესაც პუტინს ეგონა, რომ კიევს აიღებდა. იანუკოვიჩი ბელარუსში ჩაიყვანეს. სავარაუდოდ, თუ რუსები უკრაინის დედაქალაქს აიღებდნენ, რუსული ხიშტებით კიევში შეიყვანდნენ და იტყოდნენ, "ლეგიტიმური" ხელისუფლება აღვადგინეთო. თუმცა რუსებს­ პანღური ამოარტყეს კიევთან და იანუკოვიჩის თემა აქტუალური აღარ არის.

მოსკოვში გაქცეული ოფთალმოლოგი

siriels-6755e258101bf-1768141689.jpg

კადაფისგან განსხვავებით, სირიის ხელმძღვანელი ბაშარ ალ-ასადი ლამის გაპრეზიდენტებიდანვე პუტინის ყურმოჭრილი ყმა იყო. ბაშარს პრეზიდენტობა 2000 წელს მამამისისგან, ჰაზეფ ასადისგან მემკვიდრეობით ერგო. თავიდან დემოკრატობანას თამაში დაიწყო: გამოუშვა პოლიტპატიმრები, კერძო ბანკებისა და უნივერსიტეტების გახსნაზე ნებართვა გასცა... მაგრამ ეს სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 2001 წელს დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების ახალი ტალღა. სხვათა შორის, სირიაში 1963 წლიდან მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეჟიმს უფლებას აძლევდა სასამართლოს გარეშე სირიის ნებისმიერი მოქალაქე დიდი ხნით გამოემწყვდია ციხეში.

ასადს კადაფისგან განსხვავებით ნავთობი არ ჰქონდა. თუმცა ის ეყრდნობოდა პროპაგანდას, რომ გარშემო ყველა მტერია (რუსეთის გარდა), მეზობლებს და სხვადასხვა დაჯგუფებას სირიის განადგურება სურთ და ერთადერთი, ვინც მტრის გეგმებს ხელს უშლის, ასადიაო - ზუსტად იგივე პროპაგანდა, რაც რუსეთშია. ვინ ვის მოჰპარა იდეა, უცნობია, რადგან პუტინმაც და ასადმაც საპრეზიდენტო კარიერა ერთდროულად დაიწყეს.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. პოლიციელებმა მოზარდები დააკავეს წარწერისთვის: "შენი დროც დადგა, დიქტატორო!" ამას საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც დახვრიტეს. შემდეგ პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო, რაც სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. თუმცა კადაფისგან განსხვავებით, ასადის რეჟიმმა 2024 წლამდე გაძლო. პირველ რიგში, პუტინი თავის მარიონეტს დიდი სამხედრო ძალითა და სპეციალისტებით ეხმარებოდა; მეორეც - სირიაში სამოქალაქო ომი დაემთხვა­ "ისლამური სახელმწიფოს" აღზევებას და დასავლური­ ქვეყნებისთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება იყო.

თუმცა 2024-ში მეამბოხეებმა ასადის ჯარებს ახალი ძალით შეუტიეს და დაიკავეს რამდენიმე დიდი ქალაქი. 2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადმა დიდი თათბირი გამართა, სადაც საბრძოლო მოქმედე­ბების ეპიცენტრში შექმნილი ვითარება განიხილეს, გეგმები დასახეს და... თათბირიდან რამდენიმე საათში სირიის დიქტატორი ცოლთან ერთად მოსკოვში გაიქცა. წარმოიდგინეთ, საკუთარ გარემოცვასაც კი დაუმალა თავის გეგმები და არ უთხრა, თავი გადაირჩინეთო.

დღეს ასადი მოსკოვში პუტინის კმაყოფაზე ცხოვრობს. სირიის ხელისუფლებას კი ჯერაც ვერ დაუთვლია, რამდენი ასეულ ათასი ადამიანი დახოცა რეჟიმმა. იპოვეს ათეულობით შტაბი, სადაც ადამიანთა წამება კონვეიერული წესით ხდებოდა. ბოლო ინფორმაციით, საიდუმლო სამარხებში 160 ათასზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი, რამდენი ათასი ადამიანი­ დაიღუპა ქალაქ ჰომსში, სადაც ასადმა 2011 წელს ქიმიური იარაღი გამოიყენა.

P.S. როგორ აღმოჩნდა ნიკოლას მადურო რამდენიმე საათში პრეზიდენტის­ რეზიდენციიდან ბრუკლინის ციხეში, ამაზე­ ბევრი ითქვა და დაიწერა. ამიტომ­ თავს აღარ შეგაწყენთ. პუტინის კიდევ ერთ ირანელ მეგობარს აიათოლა ჰამენეის­ უჭირს - ამ ქვეყანაში არ ცხრება საპროტესტო აქციები. მოსახლეობის ნაწილს ყელში ამოუვიდა, ერთი მხრივ, ეკონომიკური სიდუხჭირე და მეორე მხრივ, რელიგიურ-პოლიციური კონტროლი. დასავლური მედია წერს, რომ ჰამენეი ირანიდან გაქცევის შემთხვევაში თავშესაფრის საბოლოო წერტილად მოსკოვს განიხილავს. პუტინის კიდევ ერთ მეგობარ-ყმას (თუმცა ვინ ვის უფრო იყენებს, ჯერ კიდევ საკითხავია), ალექსანდრ ლუკაშენკოს, ჯერ არაფერი უჭირს, თუმცა შესაძლოა "ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდეს".

გიორგი კვიტაშვილი