თბილისში აწყობილი და შემდეგ მოპარული გამანადგურებლები ამერიკის ცაში
მოპარვა ანუ სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლება რომ ძალიან ცუდი ქმედებაა, ამას ახსნა არ სჭირდება, მაგრამ მსოფლიო ისეა მოწყობილი, ხშირად მოპარვას სახელმწიფოებრივი ინტერესების მოშველიებით ამართლებენ ანუ როგორც დღეს აშშ-ის ხელისუფლება ამართლებს ვენესუელის პრეზიდენტის გატაცება-მოპარვას, თუმცა ამერიკულ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს (ისევე როგორც სხვა ქვეყნებისას) მანამდეც ბევრი რამე მოუპარავთ და მათ შორის მოწინააღმდეგე მხარეების საიდუმლო სამხედრო ტექნიკა და მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებიც. და თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, რომელმაც აშშ-ის ცაში იფრინა... თბილისში აწყობილი Як-23 იყო.
თბილისის საავიაციო ქარხანას, რომელიც 1941 წელს ამუშავდა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა სამხედრო ავიაციის განვითარებაში როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდში - "ცივი ომისას".
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავის Як-15-ის სერიული წარმოება სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო 1947 წლიდან. იმხანად რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას მთელ მსოფლიოში ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ქარხნები თუ ახერხებდნენ. ამიტომაც ამერიკელ გენერლებს ძალიან აინტერესებდათ, "ცივი ომის" "ცხელ" ფაზაში გადასვლის შემთხვევაში ჰაერში მათ რომელი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დაუპირისპირდებოდნენ, ამისთვის კი მათი ხელში ჩაგდება და გამოცდა იყო საჭირო.
ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", რის შედეგადაც რუმინელმა პილოტმა მიხაი დიაკოანუმ 1953 წლის 24 ივნისს საპატრულო ფრენისას თავისი Як-23 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი გაიტაცა და იუგოსლავიის აეროდრომზე დასვა.
სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირს იუგოსლავიის ლიდერ ბროზ ტიტოსთან ურთიერთობა უკვე საბოლოოდ ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც საბჭოთა წარმოების ეს საბრძოლო თვითმფრინავი იუგოსლავებმა ამერიკელებს გადაულოცეს.
Як-23-ის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა, ისევე როგორც მისი წინამორბედი Як-15-ისა და Як-17-ის, თბილისში იყო. თბილისის საავიაციო ქარხანაში 1949-1951 წლებში საერთო ჯამში 313 ერთეული Як-23 ააწყვეს.
სიმართლე რომ ითქვას, 1953 წლისთვის Як-23 უკვე მოძველებულ გამანადგურებლად ითვლებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანა ბევრად უფრო ძლიერი, МиГ-15 ტიპის რეაქტიული გამანადგურებლების აწყობაზე იყო გადასული, რომელსაც საბჭოთა მფრინავები კორეის ომში წარმატებით იყენებდნენ ამერიკულ "სეიბრებთან" ბრძოლისას.
შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რომ რუმინელებისთვის ნაჩუქარ და შემდეგ იუგოსლავიაში გატაცებულ უკვე მოძველებულ "იაკზე" მოსკოვში დიდად არ უდარდიათ, სამაგიეროდ, ამერიკული დაზვერვა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო - მათ პირველად მოახერხეს საბჭოთა რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავის მოპარვა საიდუმლო ოპერაციის შედეგად!
მოპარული "იაკი" იუგოსლავიაში დაშალეს და კონტეინერით ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს, აწყობის შემდეგ ფრთებზე ამერიკული ვარსკვლავები დაახატეს და მისი სრულფასოვანი გამოცდა დაიწყო. და აქ მოხდა კონფუზი! მოპარული "იაკის" სახით მათ მოძველებული, პირველი თაობის რეაქტიული გამანადგურებელი შერჩათ ხელში, რომელიც დიდად არაფრით სჯობდა მეორე მსოფლიო ომის პიონერ რეაქტიულ "მესერშმიტებსა" თუ "მეტეორებს".
იმედგაცრუებულმა ამერიკელებმა მოპარული "იაკი" ისევ დაშალეს და იუგოსლაველებს დაუბრუნეს, თქვენ უფრო გამოგადგებათო.
ასე იყო თუ ისე, ამერიკის ცაში, მართალია, მოპარულმა, მაგრამ მაინც პირველმა, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა Як-23 -მა იფრინა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ასევე თბილისში გამოშვებულმა МиГ-15 და МиГ-21 ტიპის გამანადგურებლებმაც მოგვიანებით გაინავარდეს ჩრდილო ამერიკის თავზე.
იმავე 1953 წელს კორეაში ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც პენტაგონმა წამოიწყო სპეცოპერაცია МиГ-15 ტიპის იმ საბჭოთა გამანადგურებლის ხელში ჩასაგდებად, რომელმაც ამ ომში თავი ისახელა ამერიკულ რეაქტიულ "სეიბრებთან" თანასწორ საჰაერო ორთაბრძოლებში.
ამ მიზნის მისაღწევად ამერიკულმა ბომბდამშენებმა "სუპერციხესიმაგრეებმა" ჩრდილოეთ კორეის თავზე გააბნიეს 1,2 მლნ ფურცელი, რომელზეც კორეულ, ჩინურ და რუსულ ენებზე ეწერა მოწოდება МиГ-15-ების პილოტებისადმი, რომ თუკი ისინი ასეთ გამანადგურებელს გადააფრენდნენ სამხრეთ კორეის ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე, ჯილდოდ 100 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებდნენ, რაც მაშინ ძალიან დიდ თანხად ითვლებოდა.
და 1953 წლის 21 სექტემბერს მართლაც ყველაზე ახალგაზრდა ჩრდილოკორეელმა პილოტმა გამანადგურებელი თვითმფრინავის გაუმჯობესებული მოდიფიკაცია МиГ-15 бис-ი გაიტაცა და სამხრეთ კორეის აეროდრომზე დასვა, რისთვისაც დაპირებული ჯილდოც მიიღო და აშშ-ის მოქალაქეობაც, ხოლო გატაცებული "მიგი" ამერიკაში ჩაიტანეს და დეტალურად შეისწავლეს, მათ შორის საცდელი ფრენებისას.
ჩრდილოეთ კორეიდან ამერიკაში ჩატანილი МиГ-15 бис-ი თბილისის საავიაციო ქარხანაში ერთი წლის აწყობილიც კი არ იყო, ამ ქარხანამ 1951 წელს 35, ხოლო 1952 წელს 190 ერთეული МиГ-15 бис-ი გამოუშვა.
მაგრამ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი საბრძოლო თვითმფრინავების აშშ-ში გატაცების ფაქტები მარტო Як-23 და МиГ-15 бис-ით როდი შემოიფარგლა.
1962-დან 1985 წლის ჩათვლით თბილისის საავიაციო ქარხანამ გამოუშვა არანაკლებ 1 825 ერთეული МиГ-21У, МиГ-21УС და МиГ-21УМ ზებგერითი ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც საბჭოთა კავშირის გარდა შეიარაღებაში ჰქონდათ ვარშავის პაქტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ჩინეთს, ჩრდილო კორეას, ვიეტნამს, კუბას, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რიგ ქვეყნებს.
საგულისხმოა, რომ ამ მოდიფიკაციების "მიგს" საბჭოთა კავშირში სერიულად მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწარმოებდა და ეს ორადგილიანი თბილისური "მიგი" ერთადგილიან საბრძოლოზე მეტად ფასობდა, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელი გახლდათ ახალგაზრდა მფრინავების გადამზადება საბრძოლო МиГ-21-ზე და ამასთანავე საჭიროებისამებრ საბრძოლო სიტუაციებშიც გამოყენება.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ "მოვიპაროთ" .. პრეზიდენტი - უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები: სად იყო ვენესუელის არმია და ნაქები რუსული იარაღი?!
ვინ შეაჩერა აგვისტოს ომში თბილისზე რუსეთის გამოლაშქრება
როკის გვირაბის საიდუმლოება - რატომ ვერ ააფეთქეს ქართველებმა ეს დაწყევლილი "შავი ხვრელი"?!
იმის გამო, რომ ორადგილიანი თბილისური "მიგები" ძალზე გავრცელებული იყო მთელ მსოფლიოში და ეგვიპტემ და აფრიკის რიგმა ქვეყნებმა პოლიტიკური ორიენტირი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ზე შეიცვალეს, ამერიკულ სპეცსამსახურებს აღარ დასჭირვებიათ დიდი წვალება და სხვა ქვეყნების პილოტების მოსყიდვა - დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ ამ ორადგილიანი "მიგის" ხელში ჩასაგდებად პენტაგონმა თბილისში აწყობილი ორადგილიანი МиГ-21У ისედაც ადვილად მოიხელთა ეგვიპტიდან.
რაც შეეხება თბილისის საავიაციო ქარხანაში 1979 წლიდან წარმოებულ Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს (სულ აწყობილია 900-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის ეგზემპლარი), მათი გატაცების ერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ქართულ სამხედრო ავიაციაში მიღებულმა რუსმა პილოტმა ჟიტნიკოვმა 1993 წლის 20 ნოემბერს ის კოპიტნარის აეროდრომიდან მოგვპარა და სომხეთში გადააფრინა.
თუმცა აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის 8 აპრილს მათმა თანამემამულემ ვაგიფ ყურბანოვმა, რომელიც იმ დროს აზერბაიჯანში, სიტალჩაის საბჭოთა/რუსულ საავიაციო პოლკში მსახურობდა, გაიტაცა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ის ევლახის სამოქალაქო აეროპორტში დასვა, საიდანაც შემდეგ ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხურ პოზიციებს ბომბავდა, სანამ იმავე წლის 13 ივნისს არ ჩამოაგდეს, შეიძლება ვაზიანის აეროდრომიდან აფრენილი რუსული МиГ-23 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გაშვებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტითაც.