"როგორ შეიძლება, მეგობარი, რომელსაც ეუბნები, შენ გამო ტყვიას გადავუდგებიო, ვიღაც პოლიტიკოსის გამო ჩამოგშორდეს?“
"ბახუსის ქვეშ მყოფს სერენადები მიმღერია. მინდვრის ყვავილებზე ვგიჟდები, მთაზე მარტო ავსულვარ, დამიკრეფია და ულამაზესი თაიგული ჩამომიტანია. ასეთი რაღაცების გაკეთება არასდროს მეზარებოდა. რაინდობა, რომანტიზმი მოჭარბებული დოზით მაქვს" - ამბობს მსახიობი დავით დარჩია. რის გამო იღებს საყვედურებს, რას ნანობს და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი. სავარაუდოდ, ეს ოჯახის გავლენა იყო. არც კი მახსენდება, სხვა პროფესიაზე მეფიქროს.
- ჩემზე ამბობენ...
- ფიცხიაო. წარმოშობით გურული ვარ, ვულკანური აფეთქებები ვიცი, ეს არის წუთიერი ემოცია. მალე ვმშვიდდები, დიდხანს რომ გამიგრძელდეს, კარგს არაფერს დამმართებს, ისედაც ინფარქტი მაქვს გადატანილი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- შეიძლება მსახიობობაზე აღარ მეფიქრა, დიდი ალბათობით, მუსიკოსი გავხდებოდი, ამ მიმართულებით განვითარებაზე ვიზრუნებდი. სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია, მსახიობის პროფესია ნაკლებადა არის დაფასებული. გაგიკვირდებათ და, ის დეგენერატი კომუნისტები მსახიობებს უფრო აფასებდნენ, ვიდრე "განათლებული კაი ტიპები". ცოტათი გვიან მივხვდი, მუსიკა უფრო ჩემია, ვიდრე მსახიობის პროფესია.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- როდესაც სპექტაკლი "მერე რა რომ სველია, სველი იასამანი" დაიდგა. 90-იანების ბოლო იყო, რუსთაველის თეატრში (არც სხვა თეატრებში) იმდენი მაყურებელი არც ერთ სპექტაკლზე არ მინახავს, რამდენიც ამ წარმოდგენაზე მოდიოდა. ქუჩაში ჩემი პერსონაჟის სახელით მომმართავდნენ. დიდი პოპულარობა მომიტანა.
- ეს რა შეგრძნება იყო?
- მოგეხსენებათ, ჩემი ბიოლოგიური მამაც და მამინაცვალიც ორივე მსახიობები იყვნენ. გურამ ფირცხალავა განსაკუთრებით პოპულარული იყო... თამამად შემიძლია ვთქვა, თავში არ ამვარდნია. თითქოს უცხო შეგრძნებაც არ იყო, ნასწავლი მქონდა, ადამიანები როგორც აგწევენ ცაში, ისე დაგანარცხებენ მიწაზე. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, სწორი მიდგომა რომ გამომიმუშავეს. როცა მაყურებელი ქუჩაში გცნობს, გეუბნება, რომ უყვარხარ, ეს ძალიან სასიამოვნოა. შემდეგ იყო სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", ბარათეონის როლი რომ შევასრულე, ყველას ჩემი პერსონაჟივით, დიდი ფულის მფლობელი ვეგონე. მაღაზიებში რომ შევდიოდი, მაძალებდნენ რაღაცების შეძენას, ფულიანი ბრძანდებითო (იცინის). ეს იმის დასტურია, რომ როლი კარგად შემისრულებია. პოპულარობა კარგია, ოღონდ ნასწავლი უნდა გქონდეს, როგორ შეხვდე ამ მდგომარეობას.
- თქვენი შვილი (ელენე) მსახიობია, მას გამოცდილებას ხშირად უზიარებთ?
- რა თქმა უნდა, თუმცა სულ ვცდილობ, მის შემოქმედებით ცხოვრებაში ნაკლებად ჩავერიო. ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რაც თავად ვისწავლე უფროსებისგან.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს შვილები და დედა, მეგობრები... ოჯახის წევრები რომ კარგად გყავს, ამაზე დიდი "საჩუქარი" რა შეიძლება იყოს? მაქვს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ბედნიერებაა ქართველი რომ ვარ, ძალიან მინდა, ჩემი სამშობლო ძლიერი იყოს. თითქოს ყველას ეს უნდა, მაგრამ ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ვშორდებით, ეს ძალიან მაწუხებს. ზოგჯერ ვფიქრობ, ისეთი წითელი ხაზებია გადაკვეთილი, შერიგებაც აღარ მოხდება... ეს განცდა მტკივნეულია. მიყვარს ეს ფრაზა "დათა თუთაშხიადან": "წესი წესია, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!!!" ამ წესებს როცა გადავალთ, მერე რაზეა ლაპარაკი? ჩემთვის ასეა და ვიღაცისთვის შეიძლება ღმერთიც არაფერს ნიშნავს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, იმ საქმეში შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდო, ყველანაირად გამოვწურო ჩემი თავი და მივიდე ინფარქტამდე, მივედი კიდეც, სცენაზე გავხდი ცუდად. ამას თუ გააკეთებ, მგონია, რომ შენს თავთანაც მართალი ხარ და მაყურებელთანაც.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- სიცილის, სიხარულის, კარგ განწყობაზე ყოფნის... სულ მინდა, დრამერი ვიყო, მაგრამ ჩემი გულის გამო, ამას ვეღარ შევძლებ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- როცა მაწყენინებენ, ვცდილობ, წყენა არ მივიღო, სიყვარულით შეხედვა შევძლო. ვცდილობ, ზეადამიანობას მივაღწიო. ჩემი თავის მართვა ვისწავლო, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე გავცე და არასდროს გავბოროტდე, არც მაშინ, როცა რამეს დამიშავებენ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ის, რომ სხვას ვასწავლო ჩემს შეცდომებზე. როცა ახლობელი უშვებს იმ შეცდომას, რომელიც მე უკვე დაშვებული მაქვს, სულ ვუჩიჩინებ, ეს არ ჩაიდინოს, გამოცდილებას ვუზიარებ, შესაძლო უსიამოვნებისგან მინდა დავიცვა.
- ვიბნევი...
- ნაკლებად. დაბნეული არც ერთ ასაკში არ ვიყავი, მაგრამ ხშირად რაღაცები მავიწყდება. შეიძლება ჩავიდე ეზოში და მანქანის გასაღები არ მქონდეს. სახლიდან რომ გავდივარ, რაღაც ნივთი რომ არ დამრჩეს, არ არსებობს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, სხვა ყურადღებას რომ არ მიაქცევს.
- მეზარება...
- ეგ სიტყვა ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. ვამაყობ, რომ ფუტკარივით მშრომელი ვარ. ყველა დამიდასტურებს, ვინც მიცნობს. ჩემი ორივე შვილი ამით მგავს.
- სიყვარული, ეს...
- ღმერთია, ადამიანებს შორის პატივისცემაა, დაფასებაა, იმ ადამიანის გაბედნიერების სურვილია, საჩუქრით, ლექსით, სიტყვით, ყვავილით...
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ის გოგო ჩემი მეუღლე გახდა. ქალს და კაცს შორის სიყვარულის ნაპერწკალი თვალიდან თვალში გადადის, ჰოპ და, ერთმანეთს ხვდება. ეს ნაპერწკალი თუ წარმოიშვა, ე.ი. მუხტი არსებობს. ჩემსა და ქალბატონ ვიქტორიას შორის წარმოიშვა ასეთ ნაპერწკალი და 30 წელი ვიყავით ერთად, მერე დავშორდით.
- შეყვარებულს რა სიგიჟეები ჩაგიდენიათ?
- ბახუსის ქვეშ მყოფს სერენადები მიმღერია. მინდვრის ყვავილებზე ვგიჟდები, მთაზე მარტო ავსულვარ, დამიკრეფია და ულამაზესი თაიგული ჩამომიტანია. ასეთი რაღაცების გაკეთება არასდროს მეზარებოდა. რაინდობა, რომანტიზმი მოჭარბებული დოზით მაქვს, ან რა გასაკვირია, სისონა დარჩიას შთამომავალი ვარ!
- მაკვირვებს...
- აღარაფერი. ადამიანებმა ღმერთი ჯვარს ვაცვით, ამის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს? დღეს სხვაგვარი გულის ტკივილი მაქვს - ბავშვობის მეგობრები პოლიტიკის გამო ძველებურად აღარ ურთიერთობენ, თითქოს ერთმანეთს ემალებიან, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, მეგობარი, რომელსაც ეუბნები, შენ გამო ტყვიას გადავუდგებიო, ვიღაც პოლიტიკოსის გამო ჩამოგშორდეს? ეს სიგიჟე არ არის? დიდი შერიგებაა საჭირო, ასე ცხოვრების გაგრძელება წარმოუდგენელია.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- მუსიკამ. ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე, მანქანაში მუსიკა ჩამირთავს და 5 წუთში კარგად გავმხდარვარ. ვატყობ, ჯერ სახე მილაგდება, მერე კომპოზიციას ვყვები, მეც ვმღერი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- არის ის, რასაც არასდროს არავის ვეტყვი...
- ვრისკავ...
- თამამად და ყოველთვის, მაგრამ არასდროს ვრისკავ, როცა ვიცი, შედეგი ვინმესთვის შეიძლება მტკივნეული იყოს. არ დავმალავ, სწრაფად სიარული მიყვარს, მაგრამ მანქანაში ერთი ადამიანიც თუ მიზის, ძალიან ნელა დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მძღოლი ვარ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- არ მიყვარს, მირჩევნია, ცალკე მირთხრან, ცოტათი მორცხვიც ვარ.
- მეშინია...
- აღარაფრის, მურტალოსი არ იყოს, მეშინოდა ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ არ წავსულიყავი და ახლა მაგისიც აღარ მეშინია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ნერვები დაიმშვიდე, აფეთქებები შენს გულს არ მოუხდებაო. ამას ისინი მეუბნებიან, ვისაც ვუყვარვარ და ჩემზე ნერვიულობენ.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- მივირთვა ცხვრის ხორცი. გემოც არასდროს გამისინჯავს.
- ვამაყობ...
- ქართველი რომ ვარ. ხომ პატარა ერი ვართ და რამდენი ძალიან კარგი ქართველი გვყავს, სასახელო, პროფესიონალი, მსოფლიოში ცნობილი. ხანდახან ვბრაზდები ქართველებზე, მაგრამ ბრაზს მხოლოდ ქართველთან თუ გამოვხატავ, უცხოსგან აუგი რომ გავიგო, იმას კარგს არაფერს დავმართებ.
- ვიტყუები, როცა...
- სცენაზე ვდგავარ და ვთამაშობ, ცხოვრებაში ტყუილები არ მიყვარს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- მაქსიმალურად ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი...
- მენატრებიან...
- ოჯახის ის წევრები და მეგობრები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ამ დროს საუკეთესო გამოსავალი 2-3 დღით გურიაში ან აჭარაში გასეირნება, დადებითი ენერგიით დამუხტვაა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ერთხელ გურამ ფირცხალავა და მე ვსაუბრობდით, იმ დღეს დედაჩემს ვეკამათე და გურამმა მითხრა, იცოდე, დედას რაც შეიძლება ხშირად აკოცე, თორემ რომ აღარ გეყოლება, მერე ძალიან ბევრს ინანებო. ამ დღის მერე ბევრი წელი გავიდა და ეს სიტყვები სულ გულში მაქვს. დედა უკვე ასაკშია და ორმაგად ვეფერები, ვეხუტები, ვკოცნი.
- დაბოლოს გეტყვით...
- ღმერთს დავუბრუნდეთ, ადამიანებო, და ურთიერთპატივისცემა დავიბრუნოთ! ყველას ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე