"თუ შენ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გთხოვ, დამიკავშირდი, გამიხარდება, მთელი ცხოვრება მახსოვხარ"
"ბედნიერი ვარ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება რომ მომეცა, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაზე, პიროვნულ განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. ისინი სხვადასხვაგვარ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხშირად მახსენდებიან", - ამბობს მსახიობი, მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი. ის მისი ცხოვრების დაუვიწყარ ადამიანებს და ამბებს იხსენებს.
- ყველაზე თბილი და ნათელი მოგონება ჩემს გამზრდელ ბებიას და ბაბუას (არჩილ ფალავანდიშვილსა და თამარ რევაზიშვილს) უკავშირდება. მათთან ძალიან დიდ დროს ვატარებდი. ამ ორმა ადამიანმა მასწავლა, რა არის სიკეთე, ბედნიერება, ოჯახი, ღირებულებები, სამშობლო, მეგობრობა, სიმღერა... ისინი ისე მექცეოდნენ, როგორც ზრდასრულ ადამიანს და ეს ძალიან მომწონდა. "შენ არ გესმის, პატარა ხარ და ვერ გაიგებ" - მსგავსი მიდგომა არასდროს ჰქონიათ. ბავშვი ხომ ცნობისმოყვარეა, მეც უამრავ შეკითხვას ვუსვამდი და ჩემს ინტერესს ყოველთვის აკმაყოფილებდნენ. ჩვენ შორის თანასწორობა და მეგობრობა რომ იყო, ეს ძალიან მხიბლავდა. ტრადიცია გვქონდა - ყოველდღე ერთად უნდა გვესეირნა. დიღმის მასივში გავიზარდე, მე და ჩემი და ბაბუას ხშირად დიღმის ტყე-პარკში მივყავდით, ამბობდა ხოლმე, ქალაქს გავცილდეთო. სეირნობისას სულ ვსაუბრობდით და იმ ამბებიდან ბევრი რამ ახლაც მახსოვს.
ბაბუ თავის მშობლებზე, რთულ პერიოდებზეც მიამბობდა. რეპრესირებული ოჯახიდან იყო - მამა გადაუსახლეს, ძმა ომში დაეკარგა... გამორჩეულად მახსოვს, როგორი აღტაცებით მესაუბრებოდა მუსიკოსობის დაუოკებელ სურვილზე, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა. ის თერჯოლაში დაიბადა და გაიზარდა. იხსენებდა, მუსიკოსობა ისე ძალიან მინდოდა, ყველაზე ახლო მუსიკალური სასწავლებელი ზესტაფონში იყო და იქამდე 15 კილომეტრს ფეხით გავდიოდი, ზოგჯერ ფეხსაცმელიც კი არ მქონდაო. ალბათ, ასე უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, როგორც ბაბუს მუსიკა უყვარდა. მერე თბილისში ჩამოვიდა, კონსერვატორიაში აბარებდა. ცხადად მახსოვს, როგორი ანთებული ლაპარაკობდა თავის დიდ მისწრაფებაზე, როგორ მოცული იყო ამ სურვილით და როგორ არაფერს იზარებდა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. ეს ჟინი ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით, თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევი. ჩემს შვილებსაც სულ ამას ვეუბნები...
ბებოს და ბაბუს ურთიერთობაც სამაგალითო იყო, ორივეს კარგი იუმორი ჰქონდა. პირველ კლასში რომ მივედი, 1992 წელი იყო, უძრაობის პერიოდი. ასეთ რთულ დღეებშიც კი ცდილობდნენ, იუმორი, ცხოვრების ხალისი არ დაეკარგათ. მადლიერი ვარ, მათ შეძლეს ჩემთვის ბედნიერი ბავშვობა ეჩუქებინათ.

ბაბუამ ოცნება აისრულა - მუსიკოსი გახდა, თავისი გუნდები ჰყავდა. მაშინ წესი იყო, ყველა კოლექტივს, ქარხნებსაც კი მომღერალთა გუნდი ჰყავდა. ბოლო წლებში ბაბუა სკოლაში მუსიკას ასწავლიდა. ძალიან უნდოდა, მეც გავმხდარიყავი მუსიკოსი, რაშიც ხელს ვერ ვუწყობდი. ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ ეს დიდად არ მომწონდა.
- ბაბუამ სცენაზე გნახა?
- 2007 წელს ერთადერთ კონცერტს დაესწრო. კონცერტი ძალიან მოეწონა, იმ დღეს ისეთი ბედნიერი იყო, ალბათ, ჩემში თავისი გაგრძელება დაინახა. მახსოვს, კონცერტის შემდეგ ემოციები რომ გამიზიარა, სიხარულისგან ცრემლებიც კი წამოუვიდა.
"ტარტიუფმა" ჩემი მომავალი განსაზღვრა"
- 2003-2004 წლებში კინომსახიობთა თეატრში დაიდგა დავით საყვარელიძის სპექტაკლი "ტარტიუფი", რომელშიც მთავარ როლს უნიჭიერესი მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ასრულებდა. იმ დროს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ოჯახს არ სურდა ეს პროფესია ამერჩია. ბოლოს ხელი კი შემიწყვეს, მაგრამ თავიდან ეკონომიკურ სამართალზე ჩავაბარე... ეს სპექტაკლი რომ ვნახე, გიორგი ნაკაშიძის თამაშმა ჩემზე ისე იმოქმედა, იმდენად დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, თეატრიდან რომ გამოვედი, გადაჭრით ვთქვი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი! ეს იყო სპექტაკლი, რომელმაც ჩემი მომავალი განსაზღვრა. მაშინ გიორგის არ ვიცნობდი, ამ ამბიდან 20 წლის შემდეგ თეატრში, სცენაზე შევხვდით ერთმანეთს და ყველაფერი, რაც ახლა გიამბეთ, მაშინ ვუთხარი. ეს გიორგისთვისაც ემოციური იყო, ჩემთვის კი მასთან ერთად თამაში, ძლიერ ემოციასთან ერთად, პატივიც იყო.
თეატრალურში ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობდი. გამიმართლა, ჩემი პედაგოგები მანანა ბერიკაშვილი, კოტე ფურცელაძე იყვნენ. ყველას ძალიან აღელვებდა ჩვენი პროფესიული განვითარება...

პროფესიულ სცენაზე 15-წლიანი პაუზა მქონდა. ამ სფეროში ზაალ ჩიქობავამ დამაბრუნა, ახლა სხვადასხვა თეატრებში მიუზიკლებში ვთამაშობ. ვცდილობ დრო ისე გავანაწილო, "მგზავრებსაც" არაფერი მოვაკლო და თეატრშიც ყველაფერი რიგზე მქონდეს. ეს დაბრუნება ჩემთვის დიდი სიხარულია. როლზე მუშაობა, პარტნიორებთან ურთიერთობა, ძალიან საინტერესოა. ადრე თითქოს სცენაზე ბოლომდე ვერ ვიხსნებოდი, "მგზავრებმა" თავდაჯერება შემმატა და ახლა სცენაზე ყოფნისას დიდ სიამოვნებას ვიღებ...
"მხიარული და ამავე დროს ძალიან ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო"
- ავთო შარვაძე და დედა მეგობრები იყვნენ, საოცარი პიროვნება გახლდათ. დედას მასთან სახლშიც დავყავდი და გული მწყდება, რომ ამ ადამიანის სახელი ცოტა ჩრდილშია მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები ყველამ იცის. უდიდესი მუსიკოსი იყო, ძალიან მხიარული და ამავე დროს ძალიან ტრაგიკული ბედის ადამიანი. ავთო შარვაძის სიმღერები არის ძალიან ლაღი, მაგრამ რაღაცნაირ სევდასაც ატარებს, სხვაგვარი სიღრმე აქვს, ადამიანურია და ნოსტალგიაც მოაქვს.
2004 წელს მის კონცერტზეც გამოვედი, 17-18 წლის ვიქნებოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. უნიკალური და ძალიან ფასეულია ის ჩანაწერები, რომელიც შემორჩენილია, როცა გიტარაზე მღერის თავის სიმღერებს.
ავთო შარვაძეს დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ბევრი იბრძოლა, ბევრჯერ დამარცხდა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოდგა. როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, მასაც ბევრი "დემონი" ჰყავდა და მთელი ცხოვრება თავის "დემონებს" ებრძოდა. ებრძოდა შიშებს, დამოკიდებულებებს...
იმდენად უშუალო, უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო, არასდროს გაგრძნობინებდა, რომ ის დიდი კომპოზიტორი იყო, ხარობდა, პატარა ბავშვები მის სიმღერებს რომ ვმღეროდით. მისი შემოქმედების ნაწილი ჩვენც ვიყავით...
არ ვიცი, რატომ მოექცა ჩრდილში. პოპულისტი არ იყო, დიდად არ სწყალობდა მედიას, სულ რამდენიმე გადაცემაში მიიწვიეს სტუმრად. ის თავის საქმეს აკეთებდა და ამით კმაყოფილდებოდა.

"მთელი ცხოვრება მახსოვხარ"
- "მგზავრების" ერთ-ერთი პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე 2006 წელს იყო. ვაკის სარდაფში "ფრანის" კონცერტი ტარდებოდა და გვითხრეს, დასაწყისში ორი სიმღერით თქვენ გამოხვალთო. მაშინ ჩვენ არავინ გვიცნობდა, "ფრანს" კი მსმენელთა არმია ჰყავდა. ორი სიმღერა ვიმღერეთ და კონცერტის ბოლოს ჩვენთან მოვიდა 14 წლის ბავშვი, თქვენი ნამღერი ძალიან მომეწონაო. ის იყო პირველი უცხო ადამიანი, ვისგანაც ასეთი კომპლიმენტი მივიღეთ. მერე ჩემკენ მობრუნდა, რაღაც მინდა გაჩუქოო, ყელსაბამი მოიხსნა და მე დამკიდა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მე ის ემოცია და სიხარული არასდროს დამავიწყდება. მისი სახელი და გვარიც არ ვიცი, არც ის ვიცი, მას შემდეგაც იყო თუ არა როდესმე ჩვენს კონცერტებზე.
- იქნებ ეს ინტერვიუ წაიკითხოს და საკუთარი თავი ამოიცნოს, რა გაქვს მისთვის სათქმელი?
- თუ შენ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გთხოვ, დამიკავშირდი, გამიხარდება, მთელი ცხოვრება მახსოვხარ...
თამუნა კვინიკაძე