„ვანსა და სამტრედიას შორის ბორანი სიცოცხლის ხიდია“ - კვირის პალიტრა

„ვანსა და სამტრედიას შორის ბორანი სიცოცხლის ხიდია“

როდესაც ზოგიერთი ქვეყნის ქუჩებში უპილოტო ტაქსები დადიან და უკვე საჰაერო ტაქსებზეც საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, რომელმა ტრანსპორტმა შეიძლება გააკვირვოს და მიიზიდოს ადამიანი? მე ვფიქრობ, ასეთი ბორანია. რატომ? იმიტომ რომ უკვე ბევრი წყალია ჩავლილი, რაც ბორანი მსოფლიოში და საქართველოშიც უნიკალურ იშვიათობად იქცა. ამასობაში, ძალიან ბევრს ვერც წარმოუდგენია, რომ საქართველოში ორი ბორანი გვაქვს და ორივე მდინარე რიონზე, იმავე ძველ ფაზისზე: ქვემო იმერეთში, ახალსოფელში, სადაც მას ვანსა და სამტრედიას შორის გადაჰყავს ხალხი, და კიდევ სამეგრელოში, კერძოდ, სენაკში, სადაც ბორანი სოფელ სირიაჩქონსა და ჭალადიდს შორის დაცურავს. ორივე მათგანი შეუცვლელია მოსახლეობისთვის და დიდი შვება და სიხარული მოაქვს: როდესაც ჭალადიდელები ან სირიაჩქონელები ბორანში

ჩასხდებიან და მდინარე რიონს გადაცურავენ, მაშინ მთელი დარდი რიონს მიაქვს.

კარგა ხნის ფიქრი დამჭირდა იმისთვის, რომელ მებორნესთან მესაუბრა ფიქრების გასაზიარებლად. ბოლოს ისევ სამტრედიელი ანუ ახალსოფლის ბორანი და მებორნე შალვა კალაძე ამოვირჩიე. ახალსოფლის ბორანი ძველი და ისტორიულია: პირველად 1893 წელს გააცურეს სამტრედიელებმა და ვანელებმა და ცოტა ხანში თვით გალაკტიონიც გაიყოლეს ვანიდან. ამბობენ, როდესაც გალაკტიონი ნაწვიმარ და ატალახებულ გზას გადაივლიდა თავისი სოფლიდან, რიონის პირას გაიხდიდა ტალახიან კალოშებს, ჩაიცვამდა სუფთა ფეხსაცმელს და ჰერი, ბორნით სამტრედიისაკენ! მეორე: სამტრედიელების ბორანი ამჟამად შესაკეთებელია და მის მებორნეებსაც უფრო სცალიათ. ჰოდა, შალვა კალაძესთან სიამოვნებით ვისაუბრე:

- ბატონო შალვა, რიონის ორივე ბორანი უნიკალური იშვიათობაა და ადგილობრივების მომსახურებასთან ერთად ტურისტების მოსაზიდადაც უნდა იყოს გამოყენებული.

- შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რიონი ისეთი ოხერი მდინარეა, როდესაც მოდიდდება, მხოლოდ ჩვენი ბორანი კი არა, ფოთში ჩადის და იქ მიაქვს სახლები დედაბუდიანად. ამიტომ ძლიერი ნაპირსამაგრები უნდა გაკეთდეს, რომ ადიდებისას გაცოფებულმა წყალმა დაბმული ბორანი არ მოგვტაცოს. ბევრჯერ მოგვტაცა და ისე შორს და იმ ადგილებში მიამტვრია, საიდანაც ძლივსღა ამოვიტანეთ. ასეა ჭალადიდის ბორანიც, ამიტომ მთავრობისგან ბორნებს ხშირად სჭირდება შეკეთება. არ შეაკეთებენ და, აჯანყდება ხალხი. აი, ამ წუთშიც შესაკეთებელია ჩვენი ბორანი, წინა წყალდიდობამ მიგვილეწ-მოგვილეწა. ამიტომ შეკეთებამდე კატერებით დავცურავთ.

რიონი ხანდახან კი ბრაზდება და დიდდება, მაგრამ სინამდვილეში ეგ აქ ყველაფრის მაცოცხლებელია - მიწას ანოყიერებს ლამით, ხალხს კი გზას უმოკლებს. ბორანი რომ არა, ხალხმა 25-კილომეტრიანი გზა უნდა მოჭრას ვანიდან სამტრედიამდე და პირიქით, ბორანს კი 5 წუთში გადაჰყავს ერთი ნაპირიდან მეორეზე.

5-borani-axalsopelshi-1768143425.jpg

- რამხელაა ეგ გზა?

- 180 მეტრამდეა, გააჩნია, წყალი რა დონეზეა ადიდებული.

- წარმომიდგენია, ამხელა მანძილზე ადიდებული წყალი და მისი ტალღები რა საშიში სანახავია. მე ვერ ავიდოდი ამ დროს ბორანზე.

- ადიდებისას კი არა, ზოგს, უცხოს, კარგ ამინდშიც ეშინია ბორანზე ამოსვლის. ამას წინათ გორელი კაცი გვყავდა სტუმრად და იმდენი ვეხვეწე, ამოდი, ბორანი საშიში არ არის-მეთქი, ხმა მთელი კვირით დავკარგე. მერე ბაღნები მოვიდნენ, ბორანზე შეხტენ და, მგონი, შერცხვა, რაფერც იყო, გაჭრა ამოპატიჟებამ.

- ადიდებულ წყალს იმხელა ძალა აქვს, მთებს გაიტაცებს და პატარა ბორანს ალბათ სულ აქეთ-იქით აფრიალებს.

- ჩვენი ბორანი არც მასე პატარაა, რომ მებორნემ ქარს აფრიალებინოს; თუკი მებორნე არ არის, კი ბატონი, თავის ჭკუაზე მიშვებულ ბორანს წყალი წაიღებს, მაგრამ მებორნეებს ბორნებით სამტრედიაშიც და სენაკშიც ტრაქტორებიც გადაგვაქვს. ცხენისა და ძროხის გადაყვანას ხომ სათვალავი არა აქვს! სიმართლე გითხრათ, წყალი მაშინ არის ყველაზე საშიში, როდესაც უეცრად ადიდდება და მცურავ ბორანს თავზე მოიქცევს. ამ დროს ცოტა მებორნეებსაც გვეშინია, მაგრამ გამოცდილება გვშველის.

- სამტრედიის ბორანს დიდი ისტორია აქვს, სენაკის კი 1945 წელს გაკეთდა. როგორც ჩანს, სამტრედიაში ბორანი უფრო აუცილებელი იყო.

- სამტრედიის ბორანს ბევრად მეტი მოსახლეობა გადაჰყავს, სენაკის ბორნით კი გაცილებით ცოტაა გადასაყვანი. როდესაც ჩემი ბაბუა მებორნედ მუშაობდა და იმის ადრეც, ბორნით ავადმყოფებიც გადაჰყავდათ სამტრედიაში სამკურნალოდ. როცა ავტომანქანა არ არსებობდა, 25-კილომეტრზე ურმით გადაყვანილი ავადმყოფი ხშირად ცოცხალიც ვერ ჩაჰყავდათ სამტრედიამდე, ამიტომაც გაჩნდა ბორანი. ვანსა და სამტრედიას შორის ბორანი ზოგჯერ სიცოცხლის ხიდია.

- ალბათ, იმიტომაც გიჟდებოდა გალაკტიონი სამტრედიის ბორანზე. წყალს ცუდი ფიქრებიც თან მიაქვს. თქვენ რაზე ფიქრობთ ხოლმე, როდესაც ბორნით დაცურავთ?

- გალაკტიონი არა ვარ, რომ ფიქრი ლამაზად აღვწერო. თუმცა, იმას კი გეტყვით, რომ ბორნით რამდენი კაციც გადაგვიყვანია, იმდენი სამყაროსტოლა ფიქრი გვაქვს გადატანილი მეც და გენოსაც, ჩვენ ხომ ჭიპმოჭრილი მებორნეები ვართ.

- იცოცხლეთ, იხარეთ და იცურეთ თქვენი ბორნით წლიდან წლამდე მარადიულ რიონზე.

- იხარეთ მთელ საქართველოსთან, ყველა კაი ხალხთან ერთად.