"არ მომწონს, გოგოები ცეკვის დროს კაცებს კისერზე რომ ასხდებიან. მე ვეღარსად დავდივარ, მაგრამ ვიდეოებს ვუყურებ და ვიცი. 101 წლის ქალი უსათვალოდ ვკითხუ - კვირის პალიტრა

"არ მომწონს, გოგოები ცეკვის დროს კაცებს კისერზე რომ ასხდებიან. მე ვეღარსად დავდივარ, მაგრამ ვიდეოებს ვუყურებ და ვიცი. 101 წლის ქალი უსათვალოდ ვკითხულობ, ნემსში ძაფს ვუყრი“ - ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო

გალინა შარაშენიძე 4 შვილის, 10 შვილიშვილის, 17 შვილთაშვილის და 2 შვილთაშვილის შვილის ბებიაა. 101 წლის ქალი კვლავაც მხნედ გამოიყურება, შესანიშნავი მეხსიერება აქვს, სოფელში გამორჩეული კულინარის სახელით არის ცნობილი.

- ჩემი შვილებიდან უფროსი, ედვარდი, 76 წლისაა, სამტრედიაში ცხოვრობს, 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავს; ინეზა 72 წლისაა, გურიაში ცხოვრობს, 2 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს; მადონა 69 წლისაა და ვანის რაიონის სოფელ ზედავანში ცხოვრობს, სამი შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს; ალეკო 61 წლისაა, სულორში ცხოვრობს და 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს.

დავიბადე და გავიზარდე ვანის რაიონში, სოფელ გადიდში. მამაჩემი, იოსებ შარაშენიძე, ომში დაიკარგა. დედამ ხუთი შვილი მარტომ გაგვზარდა - სამი გოგო და ორი ბიჭი. ბევრი გაჭირვება ვნახეთ, მაგრამ დავიზარდეთ როგორღაც. დღეს მხოლოდ ერთი და დამრჩა ცოცხალი, ბურთულა, 96 წლისაა.

შვიდი კლასი რომ დავამთავრე, სხვა სკოლაში წასვლის საშუალება არ მქონდა და კოლექტივში დავიწყე მუშაობა. ყველაზე უფროსი დედას და და-ძმებს ვეხმარებოდი. 20 წლისა ვანის რაიონის სოფელ სულორში გავთხოვდი. ჩემი ქმარი, იაშა დვალიშვილი მარჯვე და მშრომელი­ კაცი იყო. სოციალისტური შრომის გმირის­ წოდება სამჯერ ჰქონდა მიღებული... თვლა არ იყო, იმდენი ფრინველი და საქონელი გვყავდა. ვყიდდით ფრინველს, საქონელს და სახლს ვაშენებდით, ვიძენდით, რაც გვჭირდებოდა. ასე მივყვებოდით­ ცხოვრებას.

- თქვენზე ამბობენ, რომ გამორჩეული­ მზარეული ხართ...

- დედას დეიდა არაჩვეულებრივი კულინარი იყო, თბილისში გაიზარდა და ზაფხულობით ჩვენთან რომ ჩამოდიოდა, ყველაფერს მისგან ვსწავლობდი. სადაც გავთხოვდი, უბანში ჭირის თუ ლხინის სუფრაზე სულ მე გახლდით თავიქალი.

- გაგვიზიარეთ საცივის, ხაჭაპურის, გოზინაყის მომზადების საიდუმლო....

- საცივს ერთი ინდაური და 800 გრამი ნიგოზი სჭირდება. მამალი ინდაურის­ ხარშვას მეტი დრო მიაქვს და არც იმდენი ცხიმი აქვს, როგორც დედალს. ნახარში თავზე ცხიმს რომ მოიყენებს, იმ ცხიმში ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი უნდა მოიშუშოს. შემდეგ მოშუშული ხახვი და წვენი ცხრილში გატარდეს. ცალკე ქვაბში ცოტა წყალში უნდა მოიხარშოს ნიორი, პილპილი. იმდენი წყალი უნდა იყოს, პილპილი და ნიორი რომ გაიქნას. დანარჩენი ჩვეულებრივად, როგორც ამზადებენ საცივს...

რაც შეეხება ხაჭაპურს, ადრე ასე ვამზადებდი: ყველის ამოყვანის შემდეგ რომ წაქი დარჩება, რამდენიმე დღით ადრე მოვამჟავებდი, შევურევდი ცოტა მარილს, შაქარს, უფრო თხელ ცომს მოვზელდი,­ ვიდრე პურის ცომს, ადვილად რომ მოწყვეტილიყო. გახეხილ ყველში ერთ კვერცხს ჩავახლიდი და საოცარი ხაჭაპური­ გამოდიოდა. დღეს ცომში კვერცხს ვაზელ, კარაქსაც, შეიძლება ამათ გარეშეც მოვზილო და მაინც ძალიან რბილი და კარგი გამოვიდეს.

ამდენი წლის მოვიყარე და გაგიკვირდებათ, უსათვალოდ ვკითხულობ, ნემსში ძაფს ვუყრი, ვქსოვ... ოჯახში წინდებს ყველას მე ვუქსოვ, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს... ჩემთვის შარვალი და ჟილეტიც კი მოვიქსოვე. აბა ტყუილად რა დამაჯენს?!

- დედმამიშვილებიდან მხოლოდ ერთი დაგრჩენიათ...

- და-ძმები ნაადრევად დამეღუპნენ, 18 და 19 წლის ასაკში. ერთი ზამთარში ტყეში წავიდა და მოჭრილი ხე დაეცა. უმცროსი საბანაოდ წავიდა ბიჭებთან ერთად, წყალში გადახტა, თავი დაარტყა და დაიღუპა. შვილიც მაკლია, 9 თვის გარდამეცვალა.

- მოგწონთ ახალგაზრდა თაობა, სიახლეები?

- ჩემს შვილიშვილს მოჰყვა ამხანაგი­ ქუთაისიდან, მუხლებზე და ყველგან სულ დახეული ჰქონდა შარვალი. როცა დასაძინებლად დაწვენ, ავდექი და დავუკერე, დახეულ ადგილებზე ყველგან საკერველი დავადე. დილით ვუსაყვედურე, ქუთაისიდან აქამდე, ამხელა გზაზე დახეულით რამ მოგიყვანა, დედაშენს ვერ დააკერინე, აგერ მე კი დაგიკერე-მეთქი. აყვირდნენ, ააცალეს ის საკერველები და მაინც ისე წავიდა დახეულით, სულ უჩანდა ხორცები... არც ის მომწონს, გოგოებს რომ კაბები აცვიათ და ნახევარზე მეტად ახსნილი­ აქვთ; ან გოგოები ცეკვის დროს რომ კაცებს კისერზე ასხდებიან. დღეს მე ვეღარსად დავდივარ ლხინის სუფრებზე, მაგრამ ვიდეოებს ვუყურებ და ვიცი... მე მოლხენა ძალიან მიყვარდა, ფანდურზე ძალიან კარგად ვუკრავ. ცეკვას და სიმღერას ვერავინ დამასწრებდა. ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ვინ მყავდა პატრონი?!

- რა არის თქვენი დღეგრძელობის საიდუმლო?

- ძალიან მიყვარს ბოსტნეული. სახლში გაზრდილი ქათმის ხორცს თუ შევჭამ, საქონლის ხორცი არ მიყვარს. სახლში სადილს რომ მოამზადებენ, მეორე დღეს მაცივარში ღამეგანათევს არაფრით გავსინჯავ, არც ნაყიდ ღვეზელს ან სხვა რამეს. რა ვიცი, რას დებენ შიგ. ბევრ ხილს ვჭამ. მაგალითად, ბალი თუ შემოდის, გული ისე უნდა დავიკმაყოფილო, მომავალ წლამდე აღარ მინდოდეს. გამორჩეულად მიყვარს ყურძენი და შავი ქლიავი. ცოტა ხნის წინაც გამაკონტროლეს და არაჩვეულებრივი ანალიზები მაქვს.

- მერაბ დვალიშვილი თქვენი ნათესავია?

- კი, ჩემი მეუღლის ახლობლები არიან, ბიძაშვილები. მერაბი სულორის საშუალო სკოლაში სწავლობდა. ძალიან­ ცელქი და მოუსვენარი იყო, სულ ჭიდა­ობდა. დაწყებითების მასწავლებელმა მოჩხუბარიძე შეარქვა. არაჩვეულებრივი დედა და მამა ჰყავს. გაჭირვების წლებში­ ერთი სანთელიც რომ ჰქონოდათ და მერაბის დედასთან სათხოვნელად მისულიყავი, გადატეხდა და გეტყოდა, ნახევარი შენ, ნახევარი მეო... ასეთივე ძვირფასი კაცია მამამისიც. მერაბი ჩემს შვილიშვილებზე უფროსია, მაგრამ მეგობრობდნენ. დღეს დაცვით დადის, მაგრამ სოფელში როგორც შემოდის, ამბობს, ჩემს ხალხთან მიმიშვით, აქ საფრთხე არ მემუქრებაო. ამის წინ რომ იყო ჩამოსული, ჩემი შვილისთვის უთქვამს, გალინა ბებოს ნახვა მინდაო, მოვიდა, მომესიყვარულა. ისევე ის ბიჭია, როგორიც ბავშვობაში იყო, ალალი და კარგი.

საუკუნის მოვიყარე, თუმც გონება დღესაც კარგად მიჭრის. ჩემს სიტყვასაც­ დაეჯერება. ძალიან მინდა კარგი დრო დადგომოდეს ახალგაზრდებს. ცოდვები­ არიან, ამდენი ხანია ხალხი ქუჩაშია და საშველი არ დაადგათ. ახალგაზრდები­ მეცოდება, თორემ მე მოხუცებული ვარ, დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები. მთელ საქართველოს, ყველას დავლოცავ, დღეიდან ასი წელი იცოცხლონ ბედნიერად. ჯანმრთელობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეთ.