ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო... - კვირის პალიტრა

ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო...

1941 წლის 22 ივნისი მთელმა მსოფლიომ იცის - ამ დღეს ჰიტლერის გერმანია სტალინის საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, ისევე, როგორც ყველას მოეხსენება, რომ 1945 წლის 9 მაისს (დასავლეთი 8 მაისს აღნიშნავს) გერმანიამ უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა მოკავშირეების წინაშე...

სწორედ 1 418 დღე და ღამე მიმდინარეობდა ის საშინელი ომი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რომელსაც „დიდ სამამულო ომსაც“ უწოდებენ და რომელმაც რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის (1939 წლის 1 სექტემბრიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე) მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლდათ...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 80 წელი მიიწურა და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში კვლავ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელმაც თავის ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო გერმანია-საბჭოთა კავშირის 1941-45 წლების ომს - 2026 წლის 10 იანვარს ზუსტად 1 418 დღე შესრულდა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი ღიად დაესხა თავს მეზობელ უკრაინას, თუმცა კრემლი ფარულ ომს უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულიდან აწარმოებდა, როდესაც ჯერ „მწვანე კაცუნებით“ უბრძოლველად დაიპყრო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, ხოლო შემდეგ კიევს დონბასი „აუფეთქა“ ადგილობრივი პრორუსული შეიარაღებული სეპარატისტების ხელით...

და რას მიაღწია პუტინის აგრესორმა რუსეთმა ომის ამ 1 418 დღე-ღამეში?

ყოველ შემთხვევაში იმას ვერ, რაც სტალინმა მაშინდელი მოკავშირეების დახმარებით ამდენივე დღე-ღამეში შეძლო-მოსკოვთან მისული ჰიტლერის არმია ჯერ უკუაქცია და შემდეგ ბერლინშივე აღუმართა წითელი დროშა...

პუტინი კი ცდილობს, რომ ყველაფერში დაემსგავსოს სტალინს და სანამ ცოცხალია, როგორმე შეძლოს ახალი რუსული იმპერიის აღდგენა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის სტალინის მხოლოდ უსუსურ აჩრდილს თუ წააგავს.

და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ ის როდია, რომ თავდაცვაში მყოფ უკრაინას ასე თუ ისე დასავლეთი ეხმარება, რაც პუტინს აძლევს თავის გამართლების მცდელობას, რომ უკრაინაში შეჭრილი მისი არმია უკრაინელების გარდა თურმე მთელ ნატოს ეომება (რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან ნატოს რომ მოენდომებინა და სრული ძალით დახმარებოდა უკრაინას შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დროული და დიდი რაოდენობის მიწოდებით, რუსეთის საოკუაპციო ძალების დღევანდელი მდგომარეობა ფრონტის ხაზზე ბევრად უარესი იქნებოდა)...

მთავარი მიზეზი იმისა, რომ ყველაფრით ბევრად უფრო ძლიერმა რუსეთმა ოთხწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის 20 %-ზე მეტი ვერ დაიპყრო (ამ 20 %-დანაც ლომის წილი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მოდის) სწორედ იმაშია, რომ რუსეთის არმიის რიგებში... უკრაინელები არ იბრძვიან!

სტალინის არმიამ იმიტომაც შეძლო ჰიტლერის უძლიერესი შეიარაღებულ ძალების დამარცხება, რომ საბჭოთა არმიაში რუსების გარდა სხვა ეროვნების მილიონობით ჯარისკაცი იბრძოდა (რამდენმა ასეულ ათასმა საქართველოს მკვიდრმა, ჩვენმა პაპებმა დასდეს თავი ამ ომში?!) და მათ შორის გამორჩეულები სწორედ უკრაინელები გახლდნენ, რომლებიც საკუთარი მიწისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ და დამპყრობელ ჰიტლერს ის არათუ არ დაუთმეს, არამედ ბერლინამდეც სდიეს...

და დღეს იმ გმირი უკრაინელი მებრძოლების შვილიშვილები და შვილთაშვილები ისევ იბრძვიან საკუთარი მიწის გადასარჩენად ახალი დამპყრობელისგან-პუტინისგან დასაცავად, რომელიც ჰიტლერისგან განსახვავებით მხოლოდ დასავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად დაესხა თავს მეზობელ უკრაინას და ვინ იცის, როგორც 1945 წლის მაისში უკრაინელი მიკოლა ბერლინის დანგრეულ ქუჩებში გამარჯვებული და თავაწეული დააბიჯებდა, 2 03..., რომელიღაც წელსაც უკვე დანგრეული კრემლის ფონზე იღებდეს გამარჯვების სელფს იმ მიკოლას შვილთაშვილი ლურჯ-ყვითელი დროშის ფრიალით?