რატომ „გაჩერდა“ გუდაური - კვირის პალიტრა

რატომ „გაჩერდა“ გუდაური

ახალი წლის დღეებში გუდაურში გზებზე არსებულ პრობლემებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში ხშირად წერდნენ. დამსვენებლების თქმით, შეფერხებებია როგორც კურორტზე შესასვლელ, ასევე შიდა გზებზეც.

"გზის გასაწმენდად ტექნიკა მოდის, მაგრამ ტურისტებს მანქანები პირდაპირ გზაზე ჰყავთ გაჩერებული. ძირითადად, რუსულნომრიანი ავტომობილებია. ვერც უკავშირდები, ვერც პოულობ სად არის ეს ტურისტი გაჩერებული და ამ მანქანასაც ვერაფერს უხერხებ. იმის გამო, რომ პარკირების თანხის გადახდა არ უნდათ, გზაზე აჩერებენ მანქანებს, რამაც გუდაურში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია", - ამბობს "მთის კურორტების ბიზნესასოციაციის"“““ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია.

- ქალბატონო მირანდა, ამჟამად როგორი მდგომარეობაა გუდაურში?

- გუდაურში ქაოსური და არაკონტროლირებადი მდგომარეობაა, განსაკუთრებით ეს ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზე ითქმის. პიკურ დღეებში გზებზე იქმნება მრავალსაათიანი საცობები. ეს დისკომფორტია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესებისა და მოსახლეობისთვის.

- რატომ არ რეგულირდება ეს სიტუაცია?

- ეს პრობლემა არ არის ახალი ან მოულოდნელი. მთავარი მიზეზი მართვის სისტემის ხარვეზებია. პიკური პერიოდებისთვის არ არის შემუშავებული წინასწარ დაგეგმილი მექანიზმები, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლო­ბები და არ არის ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია. ასევე იგრძნობა­ დაგვიანებული რეაგირება, უმეტესად კრიზისის დადგომის შემდეგ.

მთის კურორტებსა და პოლიციას არ ჰყავდა შესაბამისი ტექნიკა, რომ ყველა ავტომობილი საჯარიმოზე გადაეყვანა. ამის შემდეგ კი შეძლებენ, შემოვიდნენ და გზა გაწმინდონ... სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია კოლაფსი გუდაურში - არ არის პარკირების სისტემა მოწესრიგებული, არ მოქმედებს დაჯარიმების სისტემა, არც„"ობობა" ევაკუატორებია; არ არის გამოყოფილი სპეციალური ტერიტორია, სადაც გადაიყვანენ დაჯარიმებულ ავტომობილებს. როცა ამ ყველაფერს მოაბამენ თავს და საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება, ამის შემდეგ გაწმენდენ გზას და პრობლემაც მოიხსნება.

- თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?

- გამოსავალია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. უპირველესად აუცილებელია სატრანსპორტო ნაკადების მართვის გეგმა, რეგულირებული შესვლა, შატლების სისტემა, დროებითი პარკინგები და მკაცრი კონტროლი, პარალელურად ინფრასტრუქტურის განვითარება არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ბიზნესის, ადგილობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა.

- როგორ აისახება ეს შემთხვევა გუდაურის ტურისტულ იმიჯზე?

- ასეთი შემთხვევები ძალზე აზიანებს გუდაურის იმიჯს. თანამედროვე ტურისტი არ აფასებს მხოლოდ თოვლს ან ხედებს, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომფორტი, უსაფრთხოება და ორგანიზებულობა. ნეგატიური გამოცდილება ძალიან სწრაფად ვრცელდება სოციალურ მედიაში და შეუძლია წლების განმავლობაში შექმნილ რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

- ახლა როგორ აპირებთ სიტუაციის გაუმჯობესებას?

- როგორც გუდაურის ბიზნესის წარმომადგენელი და მოქალაქე, ვაგრძელებ პრობლემის საჯაროდ დაფიქსირებას და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში, შევთავაზოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ ვაკრიტიკოთ. გუდაური საერთო სივრცეა და მისი მომავალი მხოლოდ ერთ მხარეს არ ეკუთვნის.

კესო ხოსიტაშვილი