საახალწლო მენიუ „კახეთიდან“ ანუ როგორ შეხვდა სოცქსელების 2000 მომხმარებელი ახალ წელს ცარიელი სუფრით
ძველი წლის მიწურულსა და ახალი წლის დადგომისას, როგორც წესი, ვნატრობთ, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს და ჩვენთან ერთად ქვეყანაც წინ წავიდეს. თუმცა, როგორც ჩანს, იმდენი უარყოფითი თვისება გვაქვს, რომ ბევრი მათგანი, ალბათ, კარგა ხანს არ დარჩება წარსულში, მათ შორის თაღლითობის ნიჭიც, რომელიც, ჩემი აზრით, უსაქმურობის თანამდევია, განპირობებული არა სიღატაკითა და უმუშევრობით, არამედ უსაქმურობით. რატომ? იმიტომ, რომ თაღლითურად ცხოვრება, როგორც წესი, დიდ შრომას არ საჭიროებს. ამასთან, ხშირად არც ჩვენ ვებრძვით და არც ვსჯით. ამიტომაც ბევრი სრულიად გაცნობიერებულად და არხეინად თაღლითობს, მათ შორის ამ სიუჟეტის მთავარი პერსონაც, რომელმაც გასული წლის დასასრულს მხოლოდ სამიოდ დღეში ათეულობით (თუ ასეულობით არა) ადამიანის გაძარცვა მოასწრო და როგორც იტყვიან, წამებში გაქრა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოციალურ სივრცეში გამოჩნდა გვერდი "საახალწლო სუფრა კახეთიდან", რომელიც მომხმარებლებს 14-კერძიან მენიუს 450 ლარად სთავაზობდა. ამ მენიუს, ალბათ, თავადაც ამოიცნობთ, თუმცა დავაკონკრეტებ, რომ მათგან ყველაზე ძვირი მაინც შეპიწკინებული გოჭი იყო 250 ლარად და 1 ლიტრი ტყემალი, რასაც, გვერდის განცხადებით, გოჭს საჩუქრად გამოაყოლებდნენ.
თუმცა დამეთანხმებით, ეს ფასი ახლოსაც ვერ მივა რესტორნების გოჭის ღირებულებასთან ახალი წლის დღეებში, რამაც 700 ლარი შეადგინა. მენიუში დანარჩენი კერძები - საცივით დაწყებული, ნიგვზიანი ფხლითა და შემწვარი ორაგულით დამთავრებული, 200 ლარის ღირებულებით შემოიფარგლებოდა. აი, ასეთი გახლდათ შემოთავაზება, რომელიც, როგორ გგონიათ, რამდენმა მომხმარებელმა გააზიარა აღმოჩენისთანავე? დაზარალებული მომხმარებლების თქმით, გვერდის წაშლამდე 2000-მდე გამომწერმა! ასე რომ, შეგვიძლია ისიც წარმოვიდგინოთ, რა შედეგი დადგებოდა, როცა ამ დამკვეთებიდან ყველამ საახალწლო სუფრისთვის ფული გადაიხადა, თუმცა შეკვეთილი კერძები ვერ მიიღო და ახალ წელს ცარიელი სუფრით შეხვდა. მაგდა წიკლაური მათგან ერთ-ერთი პირველია, ვინც ეს ინფორმაცია სოციალურ სივრცეში გაავრცელა.
- ამ გვერდის შემქმნელმა თაღლითმა მშვენივრად იცის, რომ ახალ წელს კარგ სუფრაზე ვგიჟდებით, მაგრამ სამზადისი ძალიან დამღლელია. ამიტომ სწორედ ამ დროს წამოიწყო "ბიზნესი" - იაფი და თანაც მრავალფეროვანი მენიუთი მიგვიტყუა და ჩვენც წამოვეგეთ. საახალწლოდ გადაჭედილ მარკეტებსა და თონეებში რიგში ჩადგომა საშინელებაა, თანაც ყველაფერი უძვირესია - აი, ამან მოგვატყუა. ბევრი დაზარალებული იმდენად მიამიტი გამოდგა, რომ არათუ ბე, მენიუს მთელი ფასი, 450 ლარი წინასწარ გადაურიცხა გვერდს... Aასე რომ, ასეულობით ადამიანს ახალი წელი ჩაგვშხამდა. შეკვეთა ყველასთვის 31 დეკემბერს უნდა მოეტანათ და რომ დაიგვიანა, ბუნებრივია, ყველამ დაიწყო გვერდთან დაკავშირება. თავიდან გვამშვიდებდნენ. მე პირადად, ახალგაზრდა მამაკაცი მესაუბრა და დამამშვიდა, მალე მოვალთო. თუმცა არავინ გამოჩენილა. ამის შემდეგ გამწარებულმა ინფორმაციის ჩხრეკა დავიწყე, ამბავი საჯაროდ გამოვაქვეყნე და ჩემსავით დაზარალებული უამრავი ადამიანიც გამომეხმაურა, მათ შორის, ამ თაღლითისგან სხვა დროს გამწარებული. თურმე ხალხი ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციამდე ჰყავდა მოტყუებული, ევროპასა და ამერიკაში წასვლას ჰპირდებოდა, ფულს იღებდა და ქრებოდა. ერთი ქალი გამოგვეხმაურა, ჩემს მულს 14.000 დოლარი გამოართვა ამერიკის ვიზისთვის და ბარგჩალაგებული აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენამდე ალოდინაო.
- ეს როგორ გაარკვიეთ?
- მარტივად, რეალური პიროვნებაა იმ ანგარიშის მიღმა, რომელზეც ე.წ. საახალწლო სუფრისთვის ფული გადავურიცხეთ.
- ვინ არის, სად ცხოვრობს. ალბათ, მიაგნებენ და თაღლითობისთვის პასუხისგება მოუწევს...
- როგორც გავარკვიეთ, ხუთი წელიწადია ქვეყნიდან გასულია და ამ დროის განმავლობაში უკან საზღვარი არ გადმოულახავს. არა მგონია, ჩვენმა პოლიციამ მისი ძებნა გამოაცხადოს, დემონსტრანტების დევნით არიან დაკავებული. ის ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს ასევე ქართველ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მეუღლეს უწოდებს, და მასთან ერთად თაღლითობს.
როდესაც თაღლითობაში ვამხილეთ, თავდაპირველად ორივე გვპასუხობდა და ასე ვთქვათ, ნამუსზე გვაგდებდა, ვითომ უბრალო დაგვიანებაზე რა ალიაქოთი ატეხეთ, ბიზნესი ახალდაწყებული გვაქვს და ცოტა დავიბენით, მალე შეკვეთების დარიგებას დავიწყებთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ბევრმა სხვამაც დაგვამუნათა, ძალიან აგრესიული ხალხი ვართ, პატარა დაგვიანებისთვის რა ამბავი ატეხეთო! თუმცა ცოტა ხანში, როდესაც თაღლითებმა გვერდი წაშალეს, ყველაფერი ცხადი გახდა.
- საინტერესოა, რა თანხები მიიღო ამ ხალხმა ასეთი ქმედებით.
- სავარაუდოდ, ძალიან დიდი. მართალია, ზოგმა მხოლოდ ბე გადარიცხა, მაგრამ ძალიან ბევრმა, როგორც გითხარით, სრული თანხა, 450 ლარი წინასწარ გადაიხადა.
- სოციალურ სივრცეში ახალშექმნილმა გვერდმა, რომელსაც გამომწერები არ ჰყავდა, ეჭვი როგორ არ გააჩინა?
- ვინც დაეჭვდა, თაღლითები ამ კითხვის არიდებაშიც პროფესიონალები აღმოჩნდნენ. პასუხობდნენ, ბიზნესის ძველი და პოპულარული გვერდი დაგვებლოკა, ამიტომ გავხსენით ახალიო...
გარეწარმა პასუხი უნდა აგოს. არა მგონია, თაღლითს პოლიცია უცხოეთში მისწვდეს და დააპატიმროს, მაგრამ ვერც ამ თაღლითობის ორგანიზატორი და ვერც მისი დამხმარე ქვეყანაში ვერ უნდა დაბრუნდნენ პასუხისგების შიშით და თუ ასე მოხდება, დაბრუნებისთანავე უნდა აგონ პასუხი!..
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, როდესაც მომხმარებელი ლიცენზიის არმქონე ბიზნესს მიმართავს, ბიზნესის კანონმდებლობის წინაშე დაყენება შეუძლებელი თუ არა, ურთულესია. რადგან ამ შემთხვევაში იმის დადგენაც რთულდება, რომ თანხა ბიზნესშია გადახდილი და არა პირადი ურთიერთობებით.