სკანდალური სტატია: „მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც" - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც" - The Daily Telegraph

„მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც: დანიის მიმართ დონალდ ტრამპის მუქარებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სულ უფრო მეტად ემსგავსება რეკეტულ ორგანიზაციას“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 11 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ფილიპ კანლიფი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი.

პუბლიკაციაში კრიტიკულად არის განხილული ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შექმნილი სიტუაცია, როცა ნატოს ერთი წევრი მეორე წევრს ტერიტორიის ხელყოფით ემუქრება ანუ საფუძვლიანად ირღვევა ალიანსის წევრების თანასწორობა და კოლექტიური თავდაცვის პრინციპი. ასეთ სიტუაციაში აუცილებელი ხდება, უპირველესად ყურადღება მიექცეს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას და არა - მოკავშირეობის ვალდებულებას. დროა, დიდმა ბრიტანეთმა იგივე ნაბიჯი გადადგას ნატოს მიმართ, როგორიც ევროკავშირის მიმართ გააკეთა - უარი თქვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ნატო ოდესმე წარმოუდგენელ სიტუაციამდე მივიდა - ალიანსის ერთ წევრს მეორე წევრი ტერიტორიის წართმევით ემუქრება: ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ დანიის სამეფოს კუთვნილი არქტიკული კუნძულის, გრენლანდიის ანექსირება მოახდინოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავისას მიაღწევს, უკან არ დაიხევს სამხედრო ძალის გამოყენებისაგან, გრენლანდის დასაპყრობად.

მსოფლიო გროტესკული სურათის წინაშე დადგება: აშშ-ის ჯარები ცეცხლს გაუხსნიან დანიის არმიის ქვედანაყოფებს - იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პატარა დანიამ თითქმის იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთში აშშ-ის დასახმარებლად, რამდენიც თვითონ აშშ-მა, მცხოვრებთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით.

დანიას იმედი აქვს, რომ ამერიკას დაამშვიდებს - მისცემს მას ყველა შესაძლო უფლებას, კუნძულზე საქმიანობისათვის, სუვერენიტეტის გარდა. ამასთან, დანიამ დაიწყო იმ მძიმე გაკვეთილის უფრო ღრმად გაცნობიერება, რომ უპირველესად წინ ყოველთვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა დააყენოს, ვიდრე - სამოკავშირეო მოვალეობის შესრულება.

დანიის მაგალითზე, ბუნებრივია, იბადება კითხვა: რაში გამოიხატება დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები ამგვარ სიტუაციაში?

ფორმალურად ნატო შეიქმნა 1949 წელს იმ მიზნით, რომ საბჭოთა კავშირს დასავლეთ ევროპის დაპყრობის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდ ჰასტინგს ისმეიმ, როგორც ცნობილია, ორგანიზაციის არსებობის უფრო ფართო ლოგიკა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით და გერმანელები ქვემოთ“ [„არ დავუშვათ რუსები, შევინარჩუნოთ ამერიკელები და მორჩილებაში გვყავდეს გერმანელები“]. დღევანდელი გეოპოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს.

რუსებს ისიც კი არ შეუძლიათ, რომ უკრაინას რუსულენოვანი ნაწილი წაართვან, არათუ დასავლეთ ევროპაში შეჭრა და ლა-მანშის ნავსადგურებამდე მისვლა. რუსულ ნაქებ ე.წ. ჰიბრიდულ ომზე და ინტერნეტდივერსიებზე ლაპარაკის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ „ჰიბრიდული ომი“ უფრო სისუსტის მაჩვენებელია, ვიდრე ძლიერებისა - მას მოწინააღმდეგე იმ დროს მიმართავს, როცა რეალურ სახმელეთო ოპერაციებში წარმატებას ვერ აღწევს. 1945-1989 წლების ცივი ომისაგან განსხვავებით, ამჟამად რუსეთის „ევროპული ლაშქრობის“ პერსპექტივა დღის წესრიგში აღარ დგას.

რაც შეეხებათ გერმანელებს, ისინი, რა თქმა უნდა, დაცემის პირას არიან: გერმანია ისე აქტიურად არის დაკავებული საკუთარი დეინდუსტრიალიზაციით, თითქოსდა, მისი ტერიტორია უცხოელ დამპყრობელს აქვს ოკუპირებული და განზრახული აქვს, გერმანია მეორეხარისხოვან აგრარულ სახელმწიფოდ გადააქციოს.

ასე რომ, ლორდ ჰასტინგ ისმეის ცნობილი ტრიპტიხიდან მხოლოდ ერთი საკითხიღა რჩება: გვსურს თუ არა ჩვენ ნატოში აშშ-ის შენარჩუნება? შექმნილ სიტუაციაში პარალელები აშკარაა: რუსები თავიანთ აღმოსავლეთევროპელ მეზობლებს ემუქრებიან, ხოლო ამერიკელები - დანიელებს, რომელთა ქვეყანა, დანიის სამეფო, ისევე, როგორც ჩვენი - დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაშიც და ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც.

დონალდ ტრამპის ექსპანსიონიზმის შედეგი ის იქნება, რომ ნატოს მეტად აღარ ექნება არავითარი ავტორიტეტი თავისი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ყველაფერი ნათელია: დღევანდელ სიტუაციაში ნატოს თავდაცვით ალიანსს უკვე ვეღარ ვუწოდებთ. როცა კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მქონე ალიანსში ერთი უძლიერესი წევრი მეორე სუსტ წევრს ტერიტორიის წართმევას უპირებს, ეს უფრო რეკეტს ჰგავს, ვიდრე - კოლექტიურ თავდაცვას. რეკეტის დროს განგსტერები თქვენ ფულს გართმევენ, გძალავენ და გეუბნებიან, რომ ისინი დაგიცავენ იმ მუქარა-საფრთხეებისაგან, რომელიც მათ თვითონ შეგიქმნეს.

დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ათი წლის წინ ხმა მისცა ევროკავშირიდან გასვლას და თავისი ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენას, არ შეუძლია დარჩეს იმ კლუბში, რომელიც დღეს ღიად ცდილობს საკუთარი წევრი-ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ჩვენი დიდი სირცხვილი იქნება, თუ ამ რეკეტის მონაწილეები დავრჩებით და ზომებს არ მივიღებთ. მოკლედ, ნატოდან გასვლა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

რა თქმა უნდა, ნატოში ადრეც ხდებოდა ხოლმე შიდაკონფლიქტები წევრ ქვეყნებს შორის, მაგალითად, კვიპროსის კრიზისი 1974 წელს, როცა ალიანსის წევრები საბერძნეთი და თურქეთი ერთმანეთთან ომის ზღვრამდე მივიდნენ კუნძულზე მცხოვრები ბერძნული და თურქული თემების დაცვის საკითხში. მაგრამ კვიპროსის კრიზისი არ იყო დაკავშირებული აშშ-ის პრეტენზიებთან, რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართ. გრენლანდიის შემთხვევა ყველა სხვა შემთხვევისაგან ძირეულად განსხვავდება: აშშ - ნატოს წევრი ძლიერი სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებს დანიის - უფრო სუსტი წევრის ტერიტორიის მიმართ იმ საფუძველზე, რომ მას შეუძლია უფრო კარგად დაიცვას გრენლანდიის უსაფრთხოება... გაგიგონიათ ოდესმე და სადმე ასეთი [აბსურდული] პრინციპით სარგებლობა?

რამდენადაც დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გლობალიზმთან კავშირი გაწყვიტა და 2016 წელს ხმა ბრექსიტს მისცა, ჩვენმა სახელმწიფომ ახლაც ისეთივე გაბედულება უნდა გამოიჩინოს და ახალი გეოპოლიტიკის შექმნის გზა გააგრძელოს, რომელიც ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობაზეა დაფუძნებული. ჩვენ უნდა ვუხელმძღვანელოთ ალიანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, უნდა ვეცადოთ მასში ისეთი ახლო მეზობლების გაწევრებას, რომლებიც ძალით და პოტენციალით ჩვენი თანასწორები არიან - საფრანგეთისა და გერმანიის მიღებას.

ასევე დაგაინტერესებთ: "2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

"რატომ აშენებს სომხეთი მსოფლიოში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალ ძეგლს?!" - Der Spiegel

რა დასამალია და, ორივეს - გერმანიასაც და საფრანგეთსაც - მათაც კი ხშირად ისეთივე პრობლემა აწუხებთ, როგორიც ნატოს სხვა წევრებს: ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ ძლიერ წევრ-ქვეყანაზე არიან დამოკიდებულები და მათაც სჭირდებათ ეროვნული განახლების გზის პოვნა - ისეთისა, რომელზეც დიდი ბრიტანეთი მიაბიჯებს, ბრექსიტის შემდეგ.

აშშ-ის დამოკიდებულებიდან თავის დაღწევა იოლი არ იქნება. ამისთვის აუცილებელი გახდება ისეთი სახელმწიფოებრივი მმართველობისა და აზროვნების დონე, ისეთი უნარები, რომელიც ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ კლასს არ ყოფნის. მაგრამ სწორედ ეს იქნება ჩვენი, როგორც ერის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ნამდვილი ისტორიული შემოწმება და გამოცდა.

დიდ ბრიტანეთს საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი კურსის გატარების მდიდარი ისტორიული გამოცდილება აქვს. ბოლოსდაბოლოს, სწორედ ლორდმა ჰენრი პალმერსტონმა წარმოთქვა 1848 წელს თავისი ცნობილი ფრაზა: „ჩვენ - ბრიტანეთს არ გვყავს მუდმივი მოკავშირეები და მტრები, გვაქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები“. ჩვენ ნატოს წევრები ვართ თითქმის 80 წლის განმავლობაში და, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ ვილსონის უარს, ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე - ყოველთვის ვიყავით აშშ-ის მორჩილი მიმდევარი ყველა საქმეში, სუეცის 1956 წლის კრიზისიდან მოყოლებული.

დავსვათ კითხვა: უნდა იყოს თუ არა ჩვენი ურყევი ერთგულება აშშ-ისადმი მუდმივი? დონალდ ტრამპმა თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობის გამართლების საფუძველი მარადიული არ არის. საერთოდ, ამქვეყნად არაფერი მუდმივი არ არის და ატლანტიზმმაც თავისი თავი ამოწურა. მოვიდა ჰენრი პალმერსტონისეული საგარეო პოლიტიკის ცხოვრებაში განხორციელების დრო - მისი ნათქვამი რეალობად უნდა იქცეს.

დროა, ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. დროა, ნატოდან გავიდეთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო