"მარტო საქართველოში რომ იყოს, ნამდვილად შემაძრწუნებელი იქნებოდა, მაგრამ მსოფლიო ასეა" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე? - კვირის პალიტრა

"მარტო საქართველოში რომ იყოს, ნამდვილად შემაძრწუნებელი იქნებოდა, მაგრამ მსოფლიო ასეა" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე?

"როგორ ვეტყვი, ასე ნუ აკეთებო, ამას არც ჩემს თავს ვაკადრებ და არც თავად მომღერალს!"

"ძველით ახალი წელი ჩემთვის ორმაგად დღესასწაულია. ეკლესიურად - ნინა მქვია, დედაჩემი სულ აღნიშნავდა ამ დღეს, ტრადიცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გავაგრძელეთ", - ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე საახალწლო დღესასწაულებზე, ქართულ ტრადიციებსა და სიმღერებზე გვესაუბრა...

- ქალბატონო ნანი, ძველით ახალ წელს როგორ აღნიშნავთ?

- ძველით ახალი წელი ძალიან მიყვარს. მჯერა, რომ ყველაფერი ძველი მიდის და რაღაც ახალი მოდის, საუკეთესო. შემდეგი წელი აუცილებლად უკეთესი უნდა იყოს. 2025 წელი რთული იყო, მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის. 2026 წელი კი სიმშვიდის, სიყვარულის, სიწყნარის წელი უნდა იყოს.

ასე რომ, მომავალს დიდი იმედით ვეგებები.

ძალიან მიყვარს ნაძვის ხე და ყველაფერი, რაც კი ამ დღეს უკავშირდება. თანაც, ძველით ახალი წელი ჩემთვის ორმაგად დღესასწაულია. ეკლესიურად - ნინა მქვია, დედაჩემი სულ აღნიშნავდა ამ დღეს, ტრადიცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გავაგრძელეთ. წელსაც ვაპირებდით, მაგრამ დაპატიჟებული ვარ ერთ შესანიშნავ ოჯახში, ჩემი მეგობარია და ჩემი შვილები, ახლობლები და მეგობრები მასთან ვართ მიწვეული.

- როგორც გვახსოვს, ბედობას თქვენთან ბევრი სტუმარია.

- დიახ, ორ იანვარს ჩვენს სახლში სულ დიდი ზეიმია. წელს მხოლოდ უახლოესი ადამიანები მოვიდნენ. ყველაზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში დიდი სიხარულის დრო არ არის და მშვიდად გავატარეთ ეს დღე. რასაკვირველია, სიმღერები მაინც იყო. შარშან ვინ არ იყო, ძალიან სასიამოვნო ხალხი მოვიდა. ზოგიერთი მათგანი პირველად იყო ჩემს სახლში. ძალიან კმაყოფილები ერთმანეთს ვეფერებოდით.

- უთქვამთ, რომ ქართველებს არ გვაქვს საახალწლო ჰიმნი...

- ქართველებს რაც გვაქვს, ამაზე დიდი რაღა უნდა იყოს?! ამაზე არც მიფიქრია, ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ახალი წლის ჰიმნი?! ამდენი გენიალური სიმღერა ყველა ჰიმნია, მთავარია, სწორად და კარგად შესრულდეს... „მრავლაჟამიერი“ და რომელი ერთი დავასახელო...

- კულტურის სფეროს წარმომადგენელი წერდა, რომელ სიმღერებსაც ნანი ბრეგვაძე მღერის, სხვამ არ უნდა იმღეროსო...

ოდესმე ასე გიფიქრიათ?

- არა, რას ამბობთ! მაშინ გაჩერებულა ყველაფერი... ჩემს დროს ფოიერვერკი იყო, შესანიშნავი, ბუმბერაზი კომპოზიტორები. ახლა მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში შეჩერებულია ყველაფერი და კულტურის სფეროში აღარაფერი ხდება. თავად სხვის სიმღერას არასოდეს ვმღეროდი და მეგონა, ასეც უნდა ყოფილიყო. სხვების შემოქმედებაში არ ვიყავი ჩახედული, რადგან ჩემი შესანიშნავი სამყარო მქონდა. სანატრელია ის ყველაფერი და მადლობა ღმერთს, რომ იმ პერიოდში ვცხოვრობდი. არ დარჩენილა იმ გენიალური კომპოზიტორებიდან არც ერთი, ჩემთვის სიმღერა რომ არ დაეწერა.

ახლა ისეთი დრო მოვიდა, ყველაფერი შეჩერდა და მარტო საქართველოში რომ იყოს, ნამდვილად შემაძრწუნებელი იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოა ასე, ვერავინ ვერაფერს ახალს ვერ ქმნის. მთლიანად მსოფლიო უნდა დაწყნარდეს, სამყარო ზანზარებს და გაივლის, ალბათ, ეს ყველაფერი და ისევ აღორძინდება კულტურა.

უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობაა ჩემს ქვეყანაში, მათი დიდი იმედი მაქვს.

ჩემს სიმღერებს იმღერებენ თუ არა, არანაირი გართულება არ მაქვს, უკვე მივეჩვიე ამას, რომ უნდა იმღერონ. უბრალოდ, არის სიმღერები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლო, არ უნდა შეცვალო. მაგალითად მე, რაღაც სიმღერებში ნოტს ვცვლი, ჩემი მიმაქვს, ჩემებურად. ეს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, სიმღერა რომ არ გაფუჭდეს. კარგ სიმღერას მოფერება უნდა. ძალიან ფაქიზად უნდა მოექცე დიდი კომპოზიტორის დაწერილ სიმღერას.

როგორ ვეტყვი, ასე ნუ აკეთებ, ამას არც ჩემს თავს ვაკადრებ და არც თავად მომღერალს! ზოგიერთი იმდენად კარგად აკეთებს, მეც მიჩნდება სურვილი, ისე შევასრულო.

(სპეციალურად საიტისთვის)