ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
„ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
"ინტერპრესნიუსი"