"ციხის უფროსმა დამიყვირა - მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო და გინებით გავარდა კამერიდან" - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
"მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნება", - ასე უთხრეს ცხინვალის ციხეში ქართველ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, რომელიც 22 დეკემბრის ღამეს დააკავეს და "საქართველოს სასარგებლოდ" ჯაშუშობა დასდეს ბრალად. ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად მან შიმშილობა დაიწყო. 31 დეკემბერს სეპარატისტული რეჟიმის სასამართლომ მეარაყიშვილი საქართველოს არაოკუპირებულ მხარეს გამოაძევა და შინ დაბრუნება აუკრძალა. "მე ახლა ჩემს სამშობლოშივე გამოძევებული ვარ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
- 22 დეკემბერს "ფეისბუქზე" დავდე ვიდეომიმართვა, ალან გაგლოევთან ან ე.წ. პარლამენტის სპიკერ ალან მარგიევთან ვითხოვდი შეხვედრას, უარის შემთხვევაში ერთკაციან აქციას დავიწყებდი. მეორე დღეს ცხინვალში, ნაქირავები ბინიდან ამიყვანეს. უკვე ბნელოდა, კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. უცხო მამაკაცები იყვნენ. თავი არავის წარმოუდგენია. შემეშინდა და მეგობრებთან დარეკვა დავიწყე, რაღაც ხდება და თუ შეგიძლიათ, მოდით-მეთქი. ვინც ქალაქში იყო, ყველა მოვიდა. მხოლოდ ერთმა პირმა შეძლო ბინაში შემოღწევა - ალან კულუმბეკოვმა. ყოფილი პროკურორია და რატომღაც შემოუშვეს, რომელიც მერე ჩემთან ერთად დააპატიმრეს. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და კარს რომ არ ვაღებდი, აივნიდან შემოძვრნენ ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანები. 20-ზე მეტი იყვნენ და ყვიროდნენ, იატაკზე დაწექითო. ტელეფონები ჩამოგვართვეს და ბინის გაჩხრეკა დაიწყეს. შემდეგ მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. იგივე ბრალდება წაუყენეს ჩემს მეგობარსაც და ორივე პროკურატურაში გადაგვიყვანეს. როცა გარეთ გამოგვიყვანეს, მთელი შენობა ალყაში იყო. ალბათ, 100-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი იდგა. რად უნდოდა ამხელა სპეცოპერაცია ჩემს დაკავებას? უწყება რომ გამოეგზავნათ, აუცილებლად მივიდოდი პროკურატურაში. რაში მჭირდებოდა შუაღამისას სპეცრაზმი?! გაგლოევს ძალის დემონსტრირება უნდოდა და ვითომ საშიში დამნაშავე დამიჭირა...
ბრალის წაყენების შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. დღე-ნახევრის შემდეგ გაიმართა წინასასამართლო სხდომა, ადვოკატი დაგვინიშნეს. კულუბეკოვს ბრალდება მოუხსნეს და გაუშვეს, მე 2 თვით პატიმრობა მომისაჯეს და ციხეში წამიყვანეს.
იქ გავიგე, რას მედავებოდნენ - ერთ ჩემს ინსტაგრამ-ვიდეოზე გამოჩნდა იქაური მობილურის ანძა. მითხრეს, ჯაშუში ხარ, ამ ფოტოს ქართული სპეცსამსახურები გამოიყენებენო. ვუთხარი, თუ ვინმესთვის ინფორმაციას ვაგროვებდი, რატომ გამოვაქვეყნებდი, პირადში გავუგზავნიდი-მეთქი.…
ადვოკატმა ბრალდება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა ბრალდება ძალაში დატოვა. ახალი ვითომ სამხილიც "აღმოაჩინეს" - ჩემს კურატორად გამოაცხადეს ქართველი ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი "ფეისბუქზე" მიმოწერის გამო. მე და ირაკლი "ფეისბუქით" ვმეგობრობთ. მიწერილი მქონდა, ხვალ მოედანზე პროტესტის დაწყებას ვაპირებ, შეიძლება ამათ ხელი შემიშალონ, გამიტაცონ, პირდაპირი ეთერი მექნება და გთხოვ, ჩემს ლაივზე იყავი-მეთქი. ეს წაიკითხეს და სასამართლოზე გამომიცხადეს, რომ ირაკლი ქართული უშიშროების თანამშრომელია და დავალებებს მაძლევდა. ორივე სხდომა დახურული იყო, ჩემი მშობლებიც არ შემოუშვეს.
პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე, უკანონო პატიმრობას ვაპროტესტებდი. თავიდან ცოტა წყალს ვსვამდი წამლების მიღების გამო. იმ დღეებში სულ ცდილობდნენ შიმშილობა შემეწყვიტა. კარგად მექცეოდნენ - არც ძალადობა ყოფილა, არც ყვირილი. ერთხელ იყო, ციხის უფროსი შემოვიდა და ყვირილით მითხრა, რატომ შიმშილობ, რისი მიღწევა გინდა ამითო. მერე დამიყვირა, მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო და გინებით გავარდა კამერიდან. ამის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავედი. ძალიან დავსუსტდი, თავბრუსხვევა დამეწყო, მოძრაობა მიჭირდა. ექიმებმა სისხლის ანალიზი ამიღეს - ცვლილებები იყო. ციხის ადმინისტრაცია, იქაური უშიშროება და ომონი ჩარიეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს.
იქ მითხრეს, თუ შიმშილობას გააგრძელებ, დიალიზი დაგჭირდება და აქ ამის საშუალება არ არის, თბილისში უნდა გადაგიყვანოთო. უარი ვთქვი.
31 დეკემბერს მითხრეს, რომ სასამართლო მქონდა და საავადმყოფოდან სხდომაზე მიმიყვანეს. განმიცხადეს, რომ მოქალაქეობის საკითხს განიხილავდნენ. ძლივს ვიდექი სხდომაზე - თავბრუ მესხმოდა. ველოდი, რომ გამიშვებდნენ, იტყოდნენ, რომ სამხილები არ აღმოაჩნდათ, მაგრამ უცებ გადაწყვიტეს, რომ გამოვეძევებინე.
- თუკი ბრალი ჯაშუშობაზე გედებოდათ, რატომ არ გამოიძიეს, რა ინფორმაციას აწვდიდით "ქართულ მხარეს"? მოიხსნა ეს ბრალდება?
- ჯაშუშობის ბრალდება დარჩა და დაემატა ადმინისტრაციული ბრალდება. თქვეს, რომ "რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი საბუთების გარეშე. 9 წელია სწორედ ამას გავიძახი, არ შეიძლება ადამიანი საკუთარ ქალაქში საბუთების გარეშე იყოს და მომეცით-მეთქი. სწორედ ამას ვაპროტესტებდი და ამის გამო ვითხოვდი გაგლოევთან შეხვედრას. ეს გახადეს ჩემი გამოძევების მიზეზი და 2.000 რუბლით დამაჯარიმეს.
- გაგლოევმაც დაადასტურა, რომ კრიტიკის გამო დაგაკავეს. თქვა, მეარაყიშვილი "ხელისუფლებაზე" შეურაცხმყოფელ ტერმინებს იყენებდა და მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ვინმეს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება სურს, წავიდეს და პროტესტი თბილისის ცენტრში გამართოსო.
- როცა განცხადებებს ვაკეთებდი, ყოველთვის პატივისცემით მივმართავდი. თუმცა მე მოურჯულებელი ადამიანი ვარ მისთვის და ამის გამო დამსაჯა. მე გაგლოევის პირადი პატიმარი ვიყავი.…
- როგორ ფიქრობთ, მტკიცებულებების უქონლობის მიუხედავად, რატომ გადაწყდა, რომ ასეთი მძიმე ბრალდება - ჯაშუშობა წაეყენებინათ?
- არსად არ ვმუშაობდი, რომ ფულის მოპარვა და კორუფცია დაებრალებინათ. გაგლოევმა იფიქრა, რომ ქართველისთვის ჯაშუშობის დაბრალება კარგი აზრია, ოსებში კარგად გაიყიდება - აი, თქვენ რომ კარგი გოგო გეგონათ, ჯაშუშია და ინფორმაციას აგროვებდაო. ვერ წარმოიდგინა, რომ ეს უკუღმა შემოუტრიალდებოდა და არავინ დაიჯერებდა. ციხეში ჩემთან რომ შემოდიოდნენ, ვეკითხებოდი, გჯერათ, რომ მე ჯაშუში ვარ-მეთქი? და მპასუხობდნენ, არა, რა სისულელეაო.
ჩემს დასაცავად მთელი ოსი საზოგადოება გაერთიანდა. გავლენიანი და პატივსაცემი ადამიანები გამოხატავდნენ სოლიდარობას. ჩემი ახალი ნომერიც უცებ გაიგეს და მირეკავენ, მწერენ, მგულშემატკივრობენ. ერთმა უცნობმა ქალმა მომწერა, ცხინვალში ახალ წელს შენი სადღეგრძელო დავლიეთო.
ჩემი დაკავება და გამოძევება იმის მაგალითი იყო, რომ სხვებმა ხმა არ ამოიღონ. გაგლოევმა ჩემი გამოძევებით ამოისუნთქა, ერთ წელში "საპრეზიდენტო არჩევნებია", რამდენიმე თვეში დაიწყება ე.წ. საარჩევნო კამპანია და არ აწყობდა ჩემი ცხინვალში ყოფნა. ელოდა, რომ ამდენხნიანი შევიწროების შემდეგ დავნებდებოდი, მე კი პირიქით, ვამბობდი, არსად არ წავალ, აქ, ახალგორშია ჩემი სახლი-მეთქი.