ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება
მერაბიშვილი, პრორუსული ძალები და ოპოზიციის ნაწილი დაკვირვების "ობიექტივში"?!
ბოლოს და ბოლოს ვინ მოიპოვა სკანდალური ფირი და რატომ გადაეკიდნენ მოკავშირეები ერთმანეთს
"ბლადაძემ ბედუკაძეს სასმელში რაღაც ჩაუყარა და გათიშა. მერე ისე სცემა, კაცმა ტვინის შერყევა მიიღო"
პატიმრების წამების ამსახველი მასალის გამომააშკარავებელი ვლადიმერ ბედუკაძე დიდი ხანია თავისი ოჯახის თურქეთიდან ბელგიაში ჩაყვანას ითხოვს, რაც არა და არ ხერხდება. ამ ხნის განმავლობაში მასა და მერაბ ბლადაძეს (ბრიუსელში "ობიექტივის" წარმომადგენელი) შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბლადაძემ აღიარა, რომ ბედუკაძეს სცემა და ჯალათი უწოდა. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი მასთან ცხოვრობდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ბლადაძემ ბრიუსელში "ობიექტივის" წარმომადგენლის პოსტი დატოვა. ბედუკაძე ამჟამად საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილ მოადგილესთან, დაზვერვის პირველი რანგის კაპიტან ვიქტორ ჭელიძესთან ცხოვრობს და ამბობს, რომ მას ჭელიძის გარდა, ყველამ უღალატა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბლადაძე ვიქტორ ჭელიძესაც დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი და რა დეტალები იკვეთება სკანდალური ვიდეომასალის გამომზეურებისა და გავრცელების საქმეში? "კვირის პალიტრა" ბელგიაში მყოფ ვიქტორ ჭელიძესა და ვლადიმერ ბედუკაძეს ესაუბრა:
ვიქტორ ჭელიძე: - მერაბ ბლადაძემ ბედუკაძეს სასმელში რაღაც ჩაუყარა და გათიშა. მერე ისე სცემა, რომ კაცმა ტვინის შერყევა მიიღო. რისთვის იყო საჭირო ასეთი ტერორი? ცხადია, ამ კაცს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ არჩევნებამდე მოხერხებულიყო მისი საქართველოში ექსტრადიცია, სადაც დაიჭერდნენ და ათქმევინებდნენ, თუ როგორ აძლევდა თამაზ თამაზაშვილი დავალებებს. სხვა ახსნა ამ ამბავს არა აქვს. "ობიექტივის" წარმომადგენლებმა ბედუკაძეს ურჩიეს, ბელგიის კომისარიატში მისულიყო და ეთქვა, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ამით მან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი დაკარგა, სწორედ ეს იყო "ობიექტივის" წარმომადგენელთა ჩანაფიქრიც. ბედუკაძე მოგვიანებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ისეთი იმიჯი შეუქმნეს, თითქოს თავად იყო კაცის მკვლელი, პატიმრების მწამებელი. მოკლედ, გარეთ ცხვირს ვეღარ ჰყოფდა. ბელგიაში მყოფ ბევრ ქართველს მისი დანახვა აღიზიანებდა და შეიძლებოდა ვინმე თავსაც დასხმოდა. ბედუკაძე თანდათან ბლადაძის მძევალს დაემსგავსა. ამის შემდეგ დახმარება მთხოვა. მე მას სამართლებრივი ბრძოლის გზა დავანახე. ეს მისთვის ერთადერთი ხსნა იყო. ხელახლა მივიდა კომისარიატში, საკუთარ თავზე სწორი მონაცემები მისცა და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
- ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მას ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალა შს მინისტრის მოადგილემ მიაწოდა.
- სიცრუეა. დააზუსტოს ინაშვილმა, ვინ მიაწოდა მასალა. სინამდვილეში ბედუკაძემ ერთ კაცს სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გაეღწია და ეს მასალა გაეტანა. იმ პერსონის სახელსა და გვარს ამჯერად არ დავასახელებ და იქსად მოვიხსენიებ, თუმცა დავაზუსტებ, რომ არც მერაბიშვილის მოადგილეა და არც შსს-ში მუშაობს. ეს პერსონა ერთ-ერთ გაოპოზიციონერებულ ქალბატონთან მუშაობდა. სწორედ ამ იქსმა უთხრა ბედუკაძეს, ჩახვალ ბრიუსელში, სადაც გიორგი ფოფხაძე დაგხვდებაო, ფირი კი თავად დაიტოვა და ბედუკაძეს დაჰპირდა, რომ მასალას როგორღაც მიაწვდიდა ბრიუსელში. თუმცა ამ იქსმა პარალელურად ინფორმაცია მერაბიშვილს მიაწოდა. საბოლოოდ ირმა ინაშვილმა მხოლოდ კურიერის ფუნქცია შეასრულა და ფირი ბრიუსელში ჩაიტანა.
ვლადიმერ ბედუკაძე: "საზღვარზე გადასვლისას სულ ვფიქრობდი, რომ დამაკავებდნენ. ინაშვილის თქმით კი გამოდის, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა გამაცილეს, რაც სიცრუეა".
ვიქტორ ჭელიძე: "როცა ბედუკაძემ დახმარება სთხოვა იქსს, ისიც უთხრა, ეცადე, ამ საქმეში არ ჩარიო ქურდები და რუსები (რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული ძალები იგულისხმება. - ე.ა.). თავად ბედუკაძემ აარჩია ზუსტი დრო და მიიღო ეს საჭირო გადაწყვეტილება. ახლა კი მისი გაკეთებული საქმით ქულებს სხვები იწერენ, გაიძახიან, შს სამინისტროსგან მოგვაწოდეს ინფორმაციაო. ლადოს კი ეუბნებიან, ჭკვიანად თუ არ იქნები, დაგიჭერენო. ბლადაძემ თავად თქვა, ბედუკაძე ჯალათია და დიახაც, ხელს ვუშლიდი, რომ მასთან თურქეთიდან ცოლ-შვილი ჩაეყვანათო".
ლადო ბედუკაძე: "ბლადაძე ამბობს, რომ თურმე ჩანაწერში ჩემი ხმა გაიგო და აღშფოთდა. ეს ჩანაწერი მე გამოვიტანე იმ დახშული სივრციდან, სადაც ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა. დიახ, მე ვიღებდი ზემდგომების დავალებით, რომლებიც მენდობოდნენ და სწორედ ამიტომ გამოვიტანე ჩანაწერი. რა გასაკვირია, თუ იქ ჩემი ხმა ისმის და არა ბებიაჩემის? ზემდგომები იმიტომაც მენდობოდნენ, რომ იცოდნენ, ჩემი იქ ყოფნა ჩემივე კომპრომატიც იყო, ამიტომაც ვერ წარმოედგინათ, ჩანაწერს რომ გამოვიტანდი.…ახლა კი რა გამოდის? თურმე ბლადაძემ ჩემი ხმა გაიგო და აღშფოთდა? კი მაგრამ, სამი თვის წინ ჰქონდა ეგ კასეტა ნანახი და ახლა რამ აღაშფოთა?"
ვიქტორ ჭელიძე: - როგორც უკვე გითხარით, ბედუკაძემ თავად დაგეგმა ამ კადრების გამომზეურება, სხვები კი უცბად აღმოჩნდნენ "გმირები", რაშიც ჩემი აზრით, ფულიც აიღეს.
- რა იცით?
- ბედუკაძეს ფოფხაძემ უთხრა, რაღა გინდა, შენზე ვზრუნავთ, ბლადაძის ბინაში ხარ და შენთვის მოსაცემ ფულს ბლადაძეს ვაძლევთო.
- დაუჯერებელია, რომ ბედუკაძე ისე წავიდა რისკზე, უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონია.
- არ ჰქონია. მას გაუკეთეს ტურისტული ვიზა, პასპორტი და გამოუშვეს. სხვათა შორის, "ობიექტივის" ჟურნალისტების ჯგუფმა გადაიყვანა ბედუკაძის ოჯახი თურქეთში. ერთ-ერთი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა იყო. რამდენადაც ვიცი, მისი ძმა მერაბიშვილთან მუშაობდა. საინტერესოა, ინაშვილმა ვიდეომასალის მომწოდებლად სწორედ ის ხომ არ გაასაღა? მაშ, ვის გულისხმობდა, როცა თქვა, კასეტა შს მინისტრის მოადგილემ მომაწოდაო? ამ ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე რომ მივიდა ვანოსთან, ეს ფაქტია. ამიტომაც იყო, რომ შსს-მ დაასწრო ყველას და ფრაგმენტულად რაღაც კადრი პატიმრის ცემის შესახებ გაავრცელა.
ლადო ბედუკაძე: - სწორედ ეს კადრი იყო დადგმული, რომელიც შსს-მ აჩვენა. გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ლევან ფურცხვანიძემ (რომელიც შსს-ს ჩანერგილი იყო ამ სისტემაში) წაიყვანა თანამშრომლები - ბესო ფარულავა, ლევან ფხალაძე და მათ პატიმრის ცემა უბრძანა. გამორიცხული იყო მათ წინააღმდეგობა გაეწიათ და გადაუღეს კიდეც ამ პროცესს და კადრები გაავრცელეს. მერაბიშვილმა ამ დროს უკვე იცოდა, რომ ვიდეომასალა ციხიდან გატანილი მქონდა და ფხალაძე, ისევე როგორც ფარულავა, სულ ტყუილად შესწირეს ამ საქმეს".
ვიქტორ ჭელიძე: "შსს-მ როგორც კი ეს კადრები აჩვენა, ბედუკაძემ თქვა, მოცდა აღარ შეიძლება და მასალა ახლავე უნდა გამომზეურდესო. ფოფხაძესა და ბლადაძეს კი არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრეც კი უნდოდათ ამ ფირის გაშვება, მივიდნენ ბედუკაძის ბელგიელ ადვოკატთან და კასეტა მოსთხოვეს, უნდა გავამჟღავნოთო, მაგრამ ადვოკატმა უფლება არ მისცა. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ადამიანები, ერთი მხრივ, მერაბიშვილის თამაშს ხომ არ თამაშობდნენ, მეორე მხრივ მათი კავშირი გავშიფრე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მყოფ პირებთან.
- მაინც ვისთან?
- რუსეთში მოღვაწე ვლადიმერ ხომერიკთან, ბადრი მელაძესთან და სხვ. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი მივიდა ხომერიკთან და მასთან საუბარი ჩაწერა. ეს კაცი ხომერიკს პირდაპირ ეუბნება, ბედუკაძე ბრიუსელში ჩაიყვანეს და ძალიან ცუდად ექცევიანო. "რას ამბობთ?" - უკვირს ხომერიკს, ბედუკაძე იქ ჩემს ხალხთან არისო, - ბლადაძე იგულისხმა... ხომერიკი ბელგიაში ხუთჯერ ჩამოვიდა და მაქვს მისი "ობიექტივის" წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველი მასალაც, რასაც სასამართლოს გადავცემ. ყველას ხელს აძლევდა, ბედუკაძე მძევალივით ჰყოლოდათ. ბევრს არ უნდოდა, რომ საქართველოში ყველაფერი მშვიდობით დასრულებულიყო. ახლა კი ეს წრე იმაზეც ზრუნავს, რომ ბიძინას მძლავრი ოპოზიცია შეუქმნას. ნახავთ, სულ მალე დაიწყება ეს პროცესი, სადაც მონაწილეობას არა მხოლოდ "ნაციონალები", არამედ დღევანდელი ოპოზიციის ნაწილიც მიიღებს. ბედუკაძე კარგი გამოსაყენებელი იყო ამ საქმისთვის, მაგალითად, ალაპარაკებდნენ, როგორ და ვისი დაკვეთით იღებდნენ წამების ამსახველ მასალას, ვისთან ჰქონდა კონტაქტი და ა.შ., რაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდაც გამოეყენებინათ. მოკლედ, არსებობს როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც ძალა, რომელიც ცდილობს ივანიშვილის დასაშანტაჟებელი მასალის შექმნას, წყაროების მოპოვებას, რათა ზეგავლენა იქონიოს მასზე მომავალ პოლიტიკურ პროცესებში.
მისდა უნებურად ბედუკაძემ ამას ხელი შეუშალა და ამიტომაც გაგიჟდნენ, სცემეს. ჩემთანაც ამიტომ არიან აგრესიულები. ამჟამად ყოველი ჩვენი გადაადგილების შესახებ ვატყობინებ ბელგიის პოლიციას, რაც "ობიექტივის" წარმომადგენლებს ძალიან არ მოსწონთ. "მაკდონალდსში" ვიყავით, როცა ბლადაძე თავს დამესხა, კასტეტი გამწარებით ჩამცხო. სამედიცინო ექსპერტიზა გავიარე და ცნობა პოლიციას წარვუდგინე. ბელგიის პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება, მიმდინარეობდა თუ არა ზეწოლა ბედუკაძეზე. ახლა მხოლოდ სიმართლის დადგენის იმედი გვაქვს. ვიმეორებ, ამ საქმეზე უკვე ძიებაა დაწყებული ბელგიაში სწორედ იმის გამო, რომ ბედუკაძეს აშანტაჟებდნენ. ამ ვითარებაში დიდი საშიშროების წინაშე არიან მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი თურქეთში. ვფიქრობ, ამასაც ბედუკაძეზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებენ".
- ბატონო ვლადიმერ, ეთანხმებით ჭელიძის შეფასებებს?
- ახლა ზედმეტი კომენტარებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის. ერთი კი შემიძლია გითხრათ, - ირმა ინაშვილი სატელევიზიო ჩართვისას გავიცანი, მანამდე არც მენახა. ფოფხაძემ კი ახლახან მითხრა, ხელები დამიბანია, თამაშიდან გავდივარო. როგორც ვხედავ, მათი თამაში მე სიცოცხლის ფასად მიჯდება.
სხვადასხვა საიტიდან ვიგებ, რომ თურმე ინაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა უნდა, თარხან-მოურავს - მინისტრობა, ბლადაძეს - ელჩობა, ფოფხაძეს კიდევ რაღაც და ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩართული ვიქნებოდი ასეთ ბინძურ თამაშში და ყველა თუ მიღალატებდა. სწორედ ამის გამო ერთ-ერთ ინტერვიუში სასოწარკვეთილმა განვაცხადე, დაე, მოეკლათ და ეწამებინათ პატიმრები, რას დავეძებდი, თავი რატომ გადავდე-მეთქი. შეიძლება, მიშა მართლაც მაგარია და თუ რატომ ვამბობ ამას, ალბათ მალევე გაიგებთ(?!).
ამ სკანდალური განცხადებების შემდეგ "ობიექტივის" ჟურნალისტს, ირმა ინაშვილს დავუკავშირდით:
- ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია, რომ ბელგიის პროკურატურა ჩვენი მხრიდან ბედუკაძის დაშანტაჟების ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.
პირიქით, ჩვენი ადვოკატი იცავს ბედუკაძეს. იმასაც ვადასტურებ, რომ ბელგიის პროკურატურამ მიიღო ამ ადვოკატის სარჩელი იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ციხეებში დანაშაულს სჩადიოდა.
- რატომ განაცხადა ბლადაძემ, რომ ეწინააღმდეგებოდა და ხელს უშლიდა ბედუკაძის ცოლ-შვილის ჩაყვანას ბელგიაში?
- ბლადაძე უკვე აღარ არის "ობიექტივის" წევრი და წარმომადგენელი. მას ფიზიკურად არ შეეძლო ამ პროცესისთვის ხელის შეშლა. სხვა საკითხია ის, რაც მან ემოციურ ფონზე განაცხადა... ისე, "ობიექტივის" ჟურნალისტებმა გადაიყვანეს ბედუკაძის ოჯახი თურქეთში და ბოლო დრომდე მათთან იმყოფებოდნენ. როცა მივხვდით, რომ ოჯახს არ უნდა ჩვენი ჟურნალისტების იქ ყოფნა, გამოვიწვიეთ კოლეგები თბილისში.
- ნინო ჯღარკავა გაჰყვა ბედუკაძის ცოლ-შვილს თურქეთში?
- ოთხი ჟურნალისტი გაჰყვა, ერთ-ერთი ნინო ჯღარკავა იყო.
- ვიქტორ ჭელიძე ამბობს, რომ ნინო ჯღარკავას ძმა მუშაობდა მერაბიშვილთან მაღალ თანამდებობაზე.
- საერთოდ, ვინ არის ეს ვიქტორ ჭელიძე? რა შუაშია ამ ყველაფერში? მე მის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ბედუკაძის გარემოცვა ეჭვს იწვევს. ვფიქრობ, მის უსაფრთხოებას რაღაც ემუქრება. ჭელიძეს რა მიზნები ამოძრავებს, არ ვიცი.
- და მაინც, "ობიექტივის" წარმომადგენლებს ბედუკაძის შესახებ გქონდათ თუ არა საუბარი ან შეხვედრა რუსეთში ვლადიმერ ხომერიკთან?
- ეს სისულელეა! პირიქით, მაქვს ინფორმაცია, რომ ჭელიძე და სხვა ამხანაგები იყვნენ ხომერიკებსა და მისთანებთან დაკავშირებული და პარალელურად, ქართული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდნენ. ამჯერად მათი მიზანი "ობიექტივის" დისკრედიტაციაა.
- ანუ გამორიცხავთ ისეთი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალის არსებობას, სადაც ხომერიკთან "ობიექტივის" წარმომადგენლების შეხვედრები იქნება ასახული?
- ასეთი მასალა არ არსებობს. ხომერიკს არ ვიცნობ, თვალით არ მინახავს და მეტსაც გეტყვით, მასზე კარგი წარმოდგენა არა მაქვს.
P.S. გიორგი ფოფხაძემ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მოისურვა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ბედუკაძე-ჭელიძისთვის უკეთესია, ბლადაძესთან გაარკვიონ ურთიერთობა, მას კი თავი დაანებონ. არ არის გამორიცხული, ბედუკაძის საქმეზე, რომელსაც ახლა პროკურატურა იძიებს, არაერთი სკანდალური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახმაურდეს.