„ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას" - გურამ მაჭარაშვილი ინფორმაციაზე, რომ პარტიაში თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს
„ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას - ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს.
„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება იქ განხილული. დანარჩენი ჩვენ არ გვადარდებს და არც დანარჩენ საქართველოს. ძალიან კარგად ვიცით, რა პროცესები მიდის „ნაცმოძრაობაში“. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ. არა მარტო სამართლებრივი, პრაქტიკულადაც უკვე მათ მხარდაჭერები აღარ ჰყავთ. ახლა უკვე ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას - კითხვაზე, თუ რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას, მათ შორის, გაერთიანების კუთხით, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ „ეს ადამიანები თავად საუბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა“.