"ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან ამიფეთქდა" - რა ზესაიდუმლო იარაღი გამოიყენეს ტრამპის სპეცრაზმელებმა, რომ მადუროს დაცვა საკუთარ პრეზიდენტს ვერ გადაეფარა?!
ისეთი რა ზესაიდუმლო იარაღი გამოიყენეს ტრამპის სპეცრაზმელებმა, რომ მადუროს პირადი დაცვა „სისხლს ანთხევდა“ და საკუთარ პრეზიდენტს ვერ გადაეფარა?
დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა გრძელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ „სუფთად“ შეძლო ამერიკული „დელტას“ რამდენიმე ათეულკაციანმა სპეცდანიშნულების რაზმმა ვენესუელის პრეზიდენტის -ნიკოლას მადუროს გატაცება, რომ მსხვერპლი არ ჰყოლია...
თუმცა მეორე მხარისთვის ეს სპეცოპერაცია სისხლიანი გამოდგა - საერთო ჯამში, დაიღუპა ასამდე ვენესუელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ასევე, ის 32 კუბელი სამხედრო, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ვენესუელის პრეზიდენტის პირად დაცვას...
ის, რომ პენტაგონი ამ სპეცოპერაციის დაწყებამდე აუცილებლად ფართოდ გამოიყენებდა რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოელექტრონული ჩახშობის მძლავრ საშუალებებს, ვენესუელის რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკატორების „დასაბრმავებლად“, ისედაც იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა - ვერც ერთმა მოდერნიზებულმა „ბუკმა“ ვერ იმუშავა და „ბუკის“ ორი-სამი რაკეტის არასანქცირებული სტარტი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ამერიკელების წერტილოვანი დარტყმების შედეგად ამ „ბუკებს“ ხანძარი გაუჩნდათ...
მაგრამ ვენესუელის სამხედროებმა ასევე ვერ შეძლეს რუსული „იგლას“ ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაც, რომელზეც არანაირად არ მოქმედებს რადიოელექტრონული ჩახშობის ტექნიკური საშუალებები და თანაც - ასეთი მოდერნიზებული „იგლა“ ვენესუელის არმიისთვის, თურმე, არანაკლებ ხუთი ათასი მიუწოდებია რუსეთს...
და ამის ასახსნელად შეიძლება გამოდგეს New York Post-ის სენსაციური ინტერვიუ სათაურით -„აშშ-მა გამოიყენა ძლიერი, იდუმალი იარაღი, რომელმაც ვენესუელელი ჯარისკაცები მუხლებზე დააგდო, მადუროს რეიდის დროს - თვითმხილველის ჩვენება“.
„...აშშ-მა გამოიყენა ძლიერი, იდუმალი იარაღი, რომელმაც ვენესუელელი ჯარისკაცები მუხლებზე დააგდო, „ცხვირიდან სისხლდენა“ და სისხლიანი ღებინება გამოიწვია დიქტატორ ნიკოლას მადუროს დასაჭერად განხორციელებული გაბედული რეიდის დროს, ნათქვამია მოწმის ჩვენებაში, რომელიც შაბათს X-ზე გამოქვეყნდა, თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ.
გასაოცარ ინტერვიუში მცველმა აღწერა, თუ როგორ გაანადგურეს ამერიკულმა ძალებმა ასობით მებრძოლი, ერთი ჯარისკაცის დაკარგვის გარეშე, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მას ოდესმე უნახავს ან სმენია.
„ჩვენ მორიგეობაზე ვიყავით, მაგრამ მოულოდნელად ჩვენი ყველა რადარი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაითიშა“, - თქვა მცველმა. „შემდეგი, რაც დავინახეთ, იყო დრონები, ბევრი დრონი, რომლებიც ჩვენს პოზიციების თავზე დაფრინავდნენ. არ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა“.
რამდენიმე წამის შემდეგ, რვამდე შვეულმფრენი გამოჩნდა, რომლებმაც, მისი შეფასებით, ტერიტორიაზე მხოლოდ 20 ამერიკელი ჯარისკაცი თუ გადმოსვეს.
მაგრამ ის რამდენიმე კაცი, -თქვა მან, - იარაღზე გაცილებით ძლიერი რაღაცით იყო შეიარაღებული.
მისი თქმით, რაც მოჰყვა, ბრძოლა კი არა, ხოცვა-ჟლეტა იყო.
„ასობით ვიყავით, მაგრამ შანსი არ გვქონდა“, - თქვა მან. - „ისინი ისეთი სიზუსტითა და სიჩქარით ისროდნენ; ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს თითოეული ჯარისკაცი წუთში 300 ტყვიას ისროდა“.
შემდეგ გამოჩნდა იარაღი, რომელიც დღემდე აწუხებს მას.
„ერთ მომენტში მათ რაღაც გაუშვეს; არ ვიცი, როგორ აღვწერო ეს“, - თქვა მან, - „ეს ძალიან ინტენსიური ბგერითი ტალღის მსგავსი იყო. უეცრად ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან ამიფეთქდა“.
ეფექტები მყისიერი და საშინელი იყო.
„ყველას ცხვირიდან სისხლდენა დაგვეწყო“, - თქვა მან. „ზოგი სისხლს აღებინებდა. მიწაზე დავეცით, ვერ ვმოძრაობდით. იმ ხმოვანი იარაღის - ან რაც არ უნდა ყოფილიყო ეს - შემდეგ ადგომაც კი არ შეგვეძლო ...“
თუკი ვენესუელელი სამხედროს ეს ინტერვიუ სიმართლეს შეესაბამება (არადა New York Post-ი სერიოზულ ამერიკულ გამოცემად ითვლება, რაშიც ამ ბლოგის ავტორი თავადაც დარწმუნდა, როდესაც ამ ოციოდე წლის წინ მათ რედაქციას ესტუმრა), გამოდის, რომ ამერიკულმა სპეცრაზმმა პირველად გამოიყენა მიკროტალღური იარაღი და თანაც - დიდი სიძლიერის, რადგან მისგან გაჩენილი სიმპტომები, რასზეც თვითმხილველი ვენესუელელი სამხედრო ლაპარაკობს, შეესაბამება სწორედ დიდი სიმძლავრის მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედებას ადამიანების ორგანიზმებზე...
ასევე დაგაინტერესებთ: ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო...
რუსეთმა 19 გენერალი დაკარგა უკრაინასთან ომში...
პუტინის შურისძიება - კრემლის ბინადარმა ლვოვს "ორეშნიკით" დაარტყა
რა პრინციპით მოქმედებს მიკროტალღური იარაღი?
მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც მიკროტალღურ ღუმელში, სადაც გუშინდელ წვნიანს ხელახლა აცხელებთ, მხოლოდ უფრო დიდი სიმძლავრითა და დიაპაზონით.
ულტრამაღალი სიხშირეები (როგორც მიკროტალღურებია ცნობილი) სანტიმეტრიან დიაპაზონში ტალღების სპექტრია ანუ - ულტრამოკლე ტალღებია. ისინი დიდი ხანია, გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, არა მხოლოდ სამხედრო ინდუსტრიაში - უკაბელო კომუნიკაციებში, რადარებში, თანამგზავრულ კომუნიკაციებში და, ზოგადად, მეცნიერებასა და მედიცინაშიც კი. 300 MHz-დან 300 GHz-მდე ან 1 მეტრიდან 1 მილიმეტრამდე სიხშირის ტალღების სპექტრი მიკროტალღური იარაღის ფარგლებში ხვდება.
ამ ტალღების გამოყენებით, რადარებს შეუძლიათ ობიექტების აღმოჩენა მათი უკან არეკვლის გზით. ადამიანის აღმოჩენაც კი შესაძლებელია, მაგალითად, პარაშუტით დაშვებისას, ისე, რომ ვერაფერს გრძნობს. თუმცა, თუ გამოსხივება საკმარისად ძლიერია, ეფექტი იგრძნობა.
სიხშირისა და სიმძლავრის ექსპერიმენტებით შესაძლებელია ისეთი გამოსხივების შექმნა, რომელიც ობიექტს გააცხელებს, რაც ელექტრონული კომპონენტების დნობას და საბოლოოდ მის გაუმართაობას გამოიწვევს. ეს ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის ქსოვილების გაცხელებით და ფიზიკური დაზიანების, სიკვდილის გამოწვევითაც კი.
რაკეტების ფრენის დროს მათი დიდ მანძილზე დნობა შეუძლებელია, თუმცა მათი ნავიგაციის, პროგრამირებადი ფრენის მართვის ან დისტანციური მართვის ფუნქციის დარღვევა სრულიად შესაძლებელია.
ადამიანის მოკვლა ან დასახიჩრება აუცილებელი არ არის - როგორც წესი, მისი სხეულის ტემპერატურის 40-45 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელებამ შეიძლება ის იმდენად დააავადოს, რომ საბრძოლო სული გაქრეს და ისინი მხოლოდ თავშესაფარს ეძებენ.
აშშ-ს უკვე აქვს ასეთი მიკროტალღური დანადგარები. ის მუშაობს ადამიანის ორგანიზმში წყლისა და ცხიმის მოლეკულების დაახლოებით 45°C-მდე გაცხელებით, რაც შეუძლებელს ხდის მათ დაუცველად დარჩენას და აიძულებს ადამიანს, უკან დაიხიოს, მისი საბრძოლო სულისკვეთების მიუხედავად.
ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს მძიმე დამწვრობა არ დაფიქსირებულა; მხოლოდ მაშინ გაჩნდა მეორე ხარისხის დამწვრობის ნიშნები, როდესაც ტემპერატურა 58 გრადუს ცელსიუსამდე აიწია. მცირე ზომის ბუშტუკები მოხალისეების 0,1%-ს გაუჩნდა. მილიმეტრიანი ტალღების გამოყენება ხელს უშლის რადიაციის კანში ღრმად შეღწევას. ცხოველებზე ჩატარებულმა უფრო ექსტრემალურმა ცდებმა ასევე არ აჩვენა კანის კიბოს, ბადურის დაზიანების ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის გაზრდილი რისკი.
თუ რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანის სხეულს მასზე მიკროტალღური იარაღის დიდი სიმძლავრის გამოსხივების მიმართვისას, ვიზუალურად მეტ-ნაკლებად სწორედაა ნაჩვენები მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ფილმის - „წარმოუდგენელი ჰალკის“ იმ ეპიზოდში, როდესაც მისი განეიტრალება სურთ უნივერსიტეტის ეზოში და „ჰამვის“ სახურავზე დამონტაჟებული სპეციალური ანტენის საშუალებით ჰალკზე დიდი სიმძლავრის მიკროტალღურ გამოსხივებას მიმართავენ...
ინფორმაციისთვის - 2007 წლიდან თბილისში მიტინგების დაშლისას თუ დარბევისას გამოყენებული LRAD-ის ტიპის აკუსტიკური იარაღი (დაყენებულია მრგვალი ანტენების სახით პიკაპებისა და ჯავშანმანქანების ძარაზე) არ მიეკუთვნება მიკროტალღურ იარაღის კლასს, რადგან სხვა ფიზიკური პრინციპით მოქმედებს.