"5 წელი ვიწვალე, რომ ბავშვი გამეჩინა. თუნდაც შვილი არ მყოლოდა, გოჩას არასდროს უთქვამს, რომ ერთად აღარ ვიქნებოდით, არადა, ამის გამო, წყვილებს სერიოზული - კვირის პალიტრა

"5 წელი ვიწვალე, ბავშვი რომ გამეჩინა. თუნდაც შვილი არ მყოლოდა, გოჩას არასდროს უთქვამს, რომ ერთად აღარ ვიქნებოდით, არადა, ამის გამო, წყვილებს სერიოზული უსიამოვნებები აქვთ"

რას ამბობს თეონა ცირამუა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე

"ჩემი საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია"

გორის ქალთა გუნდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში, ამ გუნდს შეუძლია ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს კლასიკა, ჯაზი, ხალხური სიმღერები, საგალობლები... გუნდის მხატვრული ხელმძღვანელი, ნიჭიერი დირიჟორი - თეონა ცირამუა მსმენელებს უმტკიცებს, რომ მუსიკის ენით უფრო მეტის გადმოცემა შეიძლება, ვიდრე - სიტყვებით.

თეონა ცირამუა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრება:

- ქალბატონო თეონა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ალბათ, იმ დღიდან, როცა კონსერვატორიაში სწავლა დავიწყე. მართალია, მაშინ არ მქონია მკაფიო გეგმა, რომ აუცილებლად გუნდის დირიჟორი უნდა გავმხდარიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ ჩემი საქმით მოწამლული ვიყავი, ამიტომ, მთელ ჩემს ენერგიას სწავლაში ვხარჯავდი. ჩემი სტუდენტობა ძალიან მძიმე, 1990-იანი წლების დასასრულს დაემთხვა, სულ ვამბობ: კონსერვატორია ერთი ჯინსით დავამთავრე-მეთქი.

in-xgpyw-1768231896.jpg

პარალელური სამსახურის შოვნა მაშინ რთული იყო, მაგრამ არც მიცდია, რადგან ვიცოდი, ეს დროს წამართმევდა და ჩემი საქმის შესწავლაში ხელს შემიშლიდა. დირიჟორობა შორიდან ჩანს ადვილი, მაგრამ ეს ურთულესი, ძალიან შრომატევადი საქმეა. ამიტომ, სტუდენტობის წლები მთლიანად სწავლას დავუთმე, ძალიან დიდმა შრომამ შემიწყო ხელი, რომ ჩემს პროფესიაში რაღაცისთვის მიმეღწია. გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი 2013 წლიდან ვარ, გოგონებს მისვლისთანავე ვუთხარი: საზოგადოებას ხარისხი უნდა ვაჩვენოთ, სხვა ყველაფერი თავისთავად მოვა-მეთქი. ვფიქრობ, რომ ამ მიდგომამ გაამართლა.

- არაჩვეულებრივი ტყუპის დედა ხართ, ალბათ, ძალიან გიჭირთ ოჯახის და პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება...

- ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მით უმეტეს, მე არასდროს ვეკუთვნოდი იმ ქალთა კატეგორიას, რომელიც კარიერას პირველ ადგილზე აყენებს და ამბობს, ოჯახი და შვილი რაში მჭირდებაო. ასეთი რამ არც მიფიქრია, მაგრამ ჩემი პროფესია იმდენად მიყვარდა, რომ ყველა ვერ გაბედავდა, ჩემი ქმარი გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, ოჯახის შექმნა გვიან გადავწყვიტე, თუმცა, მანამდე იმისთვისაც მზად ვიყავი, რომ მარტო დავრჩენილიყავი - როცა შენი საქმე გაქვს, მოსწავლეები გყავს, უამრავ საქმეს აკეთებ, მარტოობას იმდენად ვერ გრძნობ.

37 წლის ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე - გოჩა ჭანტურია გავიცანი და ორი წლის შემდეგ დავქორწინდით. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ღმერთის ნება იყო.

teona-ciramua-1748004906.png

ყველამ ვიცით, ქართულ რეალობაში როგორ აღიქვამენ, როდესაც გოგონას ასაკი ემატება და ოჯახის შექმნას აგვიანებს: ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, რომ გოგო 25 წელს თუ გადააცილებს, უკვე აგვიანდება.

თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, ეს სწორიცაა, მაგრამ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. ჩემს ოჯახშიც ძალიან განიცდიდნენ, რომ ვაგვიანებდი და კიდეც მსაყვედურობდნენ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო გვერდით პიროვნება მყოლოდა - ისეთი ადამიანი, რომელიც გამიგებდა და ჩემს რეჟიმს შეეგუებოდა. ალბათ, ღმერთმა ინება, რომ სწორედ ასეთი პიროვნება შემხვედროდა. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში სწორედ დროზე გამოჩნდა. მანამდე კი, სახლში გამოცხადებული მქონდა: მხოლოდ მაშინ გავთხოვდები, თუკი ვინმე შემიყვარდება-მეთქი. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ მე თუ რაღაცას ვიტყვი, აღარ გადავთქვამ და ამიტომ, ჩუმად იყვნენ. ვიდრე ჩემი მეუღლე კარგად არ გავიცანი, ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია. მიხარია, რომ ჩემმა არჩევანმა გაამართლა.

რთულია თუ არა ბავშვებთან ერთად გუნდის გაძღოლა? - რა თქმა უნდა, რთულია. მით უმეტეს, რომ ჩემს სამსახურს ფიზიკური დატვირთვაც ახლავს და ემოციურიც: თბილისიდან გორში ჩასვლა, რეპეტიციები, ბავშვების გამო ღამისთევა და ნერვიულობა - ეს ყველაფერი უდიდეს ენერგიას მოითხოვს. არის წუთები, როცა კონტროლს ვკარგავ, მაგრამ ის მშველის, რომ ყველაფერი თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა - ვიცოდი, რომ შვილის აღზრდა ადვილი არ არის.

- ძიძის აყვანაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ყველა სირთულის მიუხედავად, გადავწყვიტე, რომ ძიძა არ ამეყვანა. მართალია, ორ ბავშვთან ერთად გორში ჩასვლა და საღამოს უკან დაბრუნება ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით მაინც კმაყოფილი ვარ: შესვენებაზე რომ გამოვალ და ბავშვებს დავინახავ, უკვე მშვიდად ვარ. ვიდრე მე რეპეტიციას ვატარებ, პატარებს ჩემი თანამშრომელი უვლის და ვიცი, რომ ორივე საიმედო ხელშია, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძიძა რომ ამეყვანა, საღამომდე ჩემს შვილებს ვერ ვნახავდი, ფიზიკურად კი დავისვენებდი, მაგრამ გონებით თბილისში უნდა ვყოფილიყავი. ეს ვერ წარმომედგინა, ახლა კი, სულ ჩემ თვალწინ არიან და რეპეტიციაზე მთელ ძალას, ენერგიას ვხარჯავ ისე, როგორც მჩვევია.

k8yrhzk4-1768231949.jpg

- როგორები არიან ისინი - თქვენი პატარები?

- თუთა უფრო მშვიდი და დამჯერია, ხოლო კირა - მტირალა - სულ მცირე დისკომფორტის დროსაც კი ბოლო ხმაზე ჩხავის. 5 იანვარს ორივე 10 თვის გახდა. ძალიან პატარები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, სხვა სამსახურზე არასდროს მიფიქრია, ვერც კი წარმომიდგენია, გუნდს ზურგი ვაქციო და ჩემს კომფორტზე ვიფიქრო, ამის არც უფლება მაქვს და არც სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შვილებს ვზრდი, სამსახურს ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა.

გორის ქალთა გუნდი ჩემამდეც წარმატებული იყო, მაგრამ მიხარია, რომ ამ ტრადიციას დღესაც ვაგრძელებთ.

ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მეუღლისა, რომელიც ყველანაირად მეხმარება. მისგან არასდროს გამიგია საყვედური - შინ იყავი და ოჯახს მიხედეო... პირიქით, ჩემზე მეტად განიცდის და ნერვიულობს, როცა კონცერტი გვაქვს. ასეთ დროს ვეხუმრები: დამშვიდდი, შენი ნერვიულობა აღარ მინდა-მეთქი. როცა წარმატებული კონცერტი გვაქვს, ჩემზე მეტად უხარია, ასეთ დროს მის თვალებში ცრემლიც შემინიშნავს. ალბათ, ოჯახის სიმყარის საიდუმლოც ეს არის - დათმობა და ურთიერთგაგება.

ხუთი წლის განმავლობაში ვიწვალე, რომ ბავშვი გამეჩინა - ხან საშვილოსნოს გარე ორსულობა მქონდა, ხან შეწყვეტილი ორსულობა, მიუხედავად ამისა, გოჩასგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი. თუნდაც შვილი არ მყოლოდა, არასდროს უთქვამს, რომ ერთად აღარ ვიქნებოდით, არადა, ამის გამო, წყვილებს სერიოზული უსიამოვნებები აქვთ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მეორე ნახევრის პოვნა ყველაზე მთავარი ყოფილა - ძნელია, სწორი არჩევანი გააკეთო და ის ადამიანი იპოვო, ვინც ჭირსა და ლხინში მხარში დაგიდგება. ქალების 80 პროცენტი ამ საკითხს ნაჩქარევად წყვეტს - ან გარეგნობით იხიბლება, ან სიმდიდრით და მერე, ცხოვრების სირთულეები თავს რომ დაატყდება, ვეღარ უძლებს.

- ქალბატონო თეონა, რას ფიქრობთ იმაზე, რომ თანამედროვე წყვილები ერთზე მეტ შვილს არ აჩენენ? მით უმეტეს, როცა ჩვენი ერი, დემოგრაფიული თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაშია?

rj2ndcmw-1768231973.jpg

- როცა პრობლემა არ გაქვს, 21-22 წლის ხარ და მაინც ამბობ, რომ ერთი შვილის მეტი არ გინდა, ეს ჩემთვის გაუგებარია. ასევე გაუგებარია ბავშვის ნაცვლად კატის ან ძაღლის აყვანა. ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორ შეიძლება ისინი ბავშვს შეადარო?

ბედნიერი ვარ, რომ ერთის ნაცვლად ტყუპი გამიჩნდა, რომ რძე არ გავიშრე და თუთას ისევ ძუძუს ვაწოვებ. ძალიან განვიცდი, როცა უშვილოა ქალი, რომელიც საუკეთესო შვილებს აღზრდიდა და ამ დროს, ვიღაცას, ვისაც დედობის მნიშვნელობა გაცნობიერებული არ აქვს, 3-4 შვილი ჰყავს. შეიძლება ყველამ შვიდი შვილი ვერ გააჩინოს, მაგრამ ორი და სამი ბავშვი ყველას უნდა ჰყავდეს - ამის გარეშე ყველაფერი მეათეხარისხოვანია. გამრავლება - 21-ე საუკუნეში, ქართველებს, მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს.

- და ბოლოს, ისევ თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ: რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი, რომელიც გორის ქალთა გუნდმა თქვენი ხელმძღვანელობით გამართა?

- დიდ წარმატებად მიმაჩნია ევროტური, რომელიც ქეთი მელუასთან ერთად ორჯერ გავმართეთ - 2016 და 2018 წლებში. მთელი ევროპა შემოვიარეთ და მეორე ტურის დროს 37 კონცერტი ჩავატარეთ. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი აფეთქება იყო, რადგან საქართველოდან საგუნდო კოლექტივი ამხელა ტურზე არასდროს ყოფილა.

მეამაყება, როცა რომის პანთეონში გამართული კონცერტი მახსენდება - პირველი შემთხვევა იყო, როცა იქ ქართული გუნდი გამოვიდა და ამ მხრივაც პირველები ვიყავით. აქვე უნდა ვთქვა, რომ გორის ქალთა გუნდი მარტო მსუბუქ მუსიკას კი არა, გაცილებით რთულ კომპოზიციებსაც ეჭიდება. მარტო გოგი ჩლაიძის მუსიკა რომ ვახსენო, ესეც საკმარისია.

შარშან, მანანა მენაბდესთან ერთად გავაკეთეთ კონცერტი, რომელიც ბევრს მოეწონა - ყველა ამბობდა, რომ ეს ისტორიული საღამო იყო და არა - უბრალოდ კონცერტი. ქალბატონი მანანა ცოტა ხანში გარდაიცვალა, მაგრამ ეს საღამო ჩემს საუკეთესო მოგონებად დარჩება.

მინდა, ჩვენს მსმენელს დავპირდე, რომ გორის ქალთა გუნდის რეპერტუარი მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)