"დილამდე "ტანცი, შმანცი, აბნიმანცი" იყო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის დიდ დარბაზში" - რას იხსენებს ლედი წულაძე? - კვირის პალიტრა

"დილამდე "ტანცი, შმანცი, აბნიმანცი" იყო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის დიდ დარბაზში" - რას იხსენებს ლედი წულაძე?

ქალბატონ ლედი წულაძეს ახალი წლის მისალოცად დავურეკე და მოკითხვის შემდეგ ასეთი შეკითხვაც დავუსვი: ახალ წელს როგორ შეხვდით-მეთქი? მისმა პასუხმა მომცა ინსპირაცია, რომ ეს პატარა წერილი დამეწერა.

ქალბატონი ლედი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - ბაადურ წულაძის და გახლავთ.

ლედი წულაძე:

- გადავწყვიტე, რომ მას მერე რაც ბაადური გარდაიცვალა, ახალ წელს არ უნდა შევხვდე... ვაცილებ ძველ წელს, ეს უფრო ორიგინალურია. ასე რომ, ახალი ტრადიცია შემოვიტანე. 31 დეკემბრის თორმეტ საათზე ძველი წელი შესანიშნავად გავაცილეთ მე და ჩემმა ახლობელმა (მეზობელია), რომელიც მალევე წავიდა დასაძინებლად. მე ჯერ ფოიერვერკებს ვუყურე, დიდი სიამოვნებით და შემდეგ დავიძინე. დილით უკვე ვიცი, რომ ახალი წელი მოსულია და მორჩა... (იცინის).

სხვათა შორის, ბაადური ემზადებოდა ახალი წლისთვის და ყოველთვის ყიდულობდა ფერად-ფერად შუშხუნებს, ძალიან უყვარდა. ყოველ მომდევნო წელს უფრო დიდი ზომის შუშხუნებს ყიდულობდა. ბოლო წელს ორი უზარმაზარი შეკვრა მოიტანა, გაკვირვებულმა ვკითხე: ეს რა არის-მეთქი? მითხრა: ლედი, ორი „ზარბაზანი“ ვიყიდეო (იცინის). მართლაც, ძალიან გავერთეთ, მიყოლებით ისროდა კარგა ხანს. ჩვენი ბინიდან საშიში არ არის ფოიერვერკის გასროლა, ახლოს არც ერთი სახლი არ დგას.

- ძველით ახალი წელიც გიყვართ, არა? როგორც მახსოვს, ამ დღეს ბატონ ბაადურთან სტუმრად მისი სტუდენტები მოდიოდნენ.

- ძველით ახალი წლის მიმართ სიყვარული მაინცდამაინც არ გვქონია. ერთხელ მოვიდნენ ბაადურის სტუდენტები იმიტომ, რომ ოლიკო ჟღენტს უნდოდა მათი გადაღება (ბაადურზე ფილმს აკეთებდა) და მაგ დღეს დავამთხვიეთ. მაშინაც გავერთეთ ფოიერვერკებით. ისინი რომ მოვიდნენ, ჩვენ ვისროდით.

- ბატონი ბაადური 31 დეკემბერს, სუფრასთან რა სადღეგრძელოს ამბობდა ხოლმე?

- სუფრას ვერ დავარქმევდი, ჩვენ ღამით არაფერს მივირთმევდით, ამიტომ, მოკრძალებულად ვაწყობდი მაგიდას, მხოლოდ 2 თუ 3 რამ მომქონდა. ისეთი არაფერი, მაგრამ აუცილებლად იყო ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური. ბაადური 12 საათის დადგომამდე 10 წუთით ადრე იწყებდა ასეთ რიტუალს: აბა, ლედი, მოიტანე შამპანური. მერე გადიოდა გარეთ, რომ გაეხსნა. იწყებდა ნერვიულობას - ვაა, არ იხსნება...

ბოლოს, გახსნიდა და იტყოდა - ვაა, მოვასწარით და აუცილებლად ასეთ რამეს ამბობდა:

მადლობა ძველ წელს ყველაფრისთვის და, ნეტავ, ეს წელი წინაზე უკეთესი იყოს და არა - უარესიო. სულ ეს იყო.

- ბათუმში გატარებული ბავშვობის ახალი წლები როგორ გახსენდებათ?

- საბავშვო ბაღში როცა დავდიოდი, აი, იქ იყო დღესასწაული იმიტომ, რომ იდგა ძალიან ლამაზი ნაძვის ხე. ჩვენთვის საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რადგან დედაჩემი ამ ბაღში მუშაობდა. ეს კარგად მახსოვს. სახლში ზეიმები არ გვქონია, ადრე ვიძინებდით, სამამულო ომი იყო. სკოლაშიც არ ტარდებოდა ისეთი ღონისძიებები, რასაც ზეიმს დავარქმევდი. ერთხელ, დედამ დამრთო ნება, რომ სახლში მომეყვანა სკოლის მეგობრები. იმ ღამეს ყველა ჩვენთან დარჩა, ადგილი არ იყო და ყველას იატაკზე გვეძინა.

- უმაღლესში მოსკოვში სწავლობდით, სადაც ბევრი ქართველი იყო იმ დროს და ახალ წელს ერთად ხვდებოდით?

- მე არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩვენთან მხოლოდ ერთი ბიჭი იყო ქართველი, სახელი აღარ მახსოვს, გვარად ბაგრატიონი იყო. მე რომ ჩავაბარე, ის მეხუთე კურსზე სწავლობდა. ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა გამოიძახა ის ბიჭი და ჩემზე უთხრა: ეს ბავშვი საქართველოდან ჩამოვიდა და უნდა მიხედო. ამას რამე რომ გაუჭირდეს ან დასჭირდეს, შენთან უნდა მოვიდეს და რომ არ დაეხმარო, მე ვიცი, რასაც გიზამო. შეშინებული უსმენდა, მაგრამ მისგან არაფერი დამჭირვებია, იმიტომ, რომ მისი კურსელები „მივლიდნენ“ და ბოლომდე გვერდში მედგნენ.

სტუდენტები, ვინც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, ყველანი ერთად ვიკრიბებოდით ახალი წლის ღამეს, დიდ დარბაზში, რომელიც საერთო საცხოვრებელს ეკუთვნოდა და იყო დილამდე „ტანცი, შმანცი, აბნიმანცი“.

- საახალწლო სურვილს ნუ გამიმხელთ, მაგრამ რამე თუ ჩაიფიქრეთ?

- მე რადგანაც ერთი დღით ვცხოვრობ, არავის არაფერს ვთხოვ. რაც იქნება, იქნება - ან ჩემთან ერთად, ან უჩემოდ.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)