დომინანტურად "ფეხებგაჩაჩხული" პუტინის 50 ელფერი: "რუსეთის დიქტატორის ბოტოქსიანი სახე კვლავ ჩანს ტელეეკრანზე. "ჩრდილოეთის მბრძანებელმა" "უკვდავების წამალი" რომ იშოვოს, სულ დავღუპულვართ და ეგაა"
დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს და ხშირად „სხეულის ენით“ ან წინასწარ განზრახვით უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით თანამოსაუბრის უსიტყვოდ დამცირება ხდება. ფსიქოლოგების აზრით საკუთარი დომინანტობისა და ჰეგემონიის ჩვენების სურვილი ადამიანში დაბუდებული არასრულფასოვნების კომპლექსების შედეგია. „ჩვეულებრივი“ ადამიანისგან ეს კიდევ ასატანია (ბოლობოლო მასთან ურთიერთობას შეწყვეტ), მაგრამ თუ „დაკომპლექსებული“ უზარმაზარი იმპერიის მბრძანებელია და ცდილობს, დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევით დაამციროს სხვა სახელმწიფოების მეთაურები? ეს უკვე სერიოზული საფრთხის შემცველია. ალბათ, მიხვდით: საუბარი რუსეთის მბრძანებლის, ვლადიმერ პუტინის „არადიპლომატიურ ხრიკებზე“ გვექნება. მისი მოქმედებები ისევე არაპროგნოზირებადი და ალოგიკურია, როგორც ამინდი გაზაფხულზე, ხოლო მიზანი უკვდავება თუ არა, 150 წლამდე სიცოცხლე (ღმერთმა დაგვიფაროს) ყოფილა. ჩინეთში ვიზიტისას პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი ერთად მისეირნობდნენ და იმაზე საუბრობდნენ, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და ჯანდაცვის განვითარება (განსაკუთრებით, ორგანოების გადანერგვა) საშუალებას იძლევა, ადამიანმა გაცილებით უფრო ხანგრძლივად იცხოვროს, ვიდრე დღესო. ორი იმპერიის მოხუცი მბრძანებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით რომ ზრუნავს, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. თვე არ გავა, რომ მსოფლიო მასმედიაში არ გამოქვეყნდეს ინფორმაცია პუტინის სხვადასხვა სახის დაავადებების შესახებ. თუმცა რუსეთის დიქტატორის ბოტოქსიანი სახე კვლავ და კვლავ ჩანს ტელევიზორის ეკრანზე.

ორი თუ ერთი პუტინი? 2025 წელი

2006 წელი
მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემა აღარ არსებობს, როდესაც ომი თუ მშვიდობა ერთი მოხუცი, ბოტოქსიანი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. პუტინმა "უკვდავების წამალი" რომ იშოვოს, მაშინ ხომ სულ დავღუპულვართ და ეგაა. ამჟამად ძალზე რთულია დღევანდელ „დაბოტოქსებული“ სახის ნაკვთებიან პიროვნებაში ოცი წლისწინანდელი პუტინი ამოიცნოთ. ხელოვნურად „გაახალგაზრდავების“ მცდელობებში პუტინი თავის უფროს მეგობარს, აწ განსვენებულ სილვიო ბერლუსკონის ჰბაძავს. გასარკვევია, მხოლოდ ბოტოქსის შედეგია პუტინის სახის ცვლილებები თუ რუსეთის დიქტატორს ორეულები ჰყავს? პუტინის ორეულებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მისი გარეგნობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შეიცვალა. საინტერესოა ისიც, რომ გარეგნობასთან ერთად შეიცვალა პუტინის ქცევის მანერები და იმიჯი: „უშიშარი და დაუმარცხებელი პუტინის“ პოლიტიკური ფიგურის შექმნა/რეკლამირება რუს „მუჟიკზეა“ გათვლილი. „დიპლომატიურ ფრონტზე“ კი რუსეთის მბრძანებელი „მაჩოს“ ნიღბის მორგებას ცდილობს.

დიპლომატიურ შეხვედრებზე მისი ჟესტები და ქცევა სხვა ქვეყნების ლიდერების პიროვნულ დამცირებას ისახავს მიზნად. ამ შემთხვევაში, პუტინი არ არჩევს „უცხოსა“ და „შინაურს“. ქვედა ფოტოზე თავად ხედავთ, თუ რა „ზრდილობიან პოზაში“ ესაუბრება ის ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ ვინ არის „ყმა“ და ვინ „ბატონი“. ლუკაშენკოს სავარძელში ჯდომის პოზა და ხელების მდგომარეობა ხსნის მისი, როგორც დაქვემდებარებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. პუტინი კი პირიქით: სავარძელში გადაშლილი და უზრდელურად "ფეხებგაჩაჩხული“ თანამოსაუბრისადმი სრულ დომინანტობას აფიქსირებს. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში მისი „ლოგიკური გაგრძელებაც“ მალევე გაჩნდა.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობის დღევანდელ მდგომარეობას ეს ფოტო ზუსტად ასახავს. უზომოდ პატივმოყვარე რუსეთის მბრძანებელი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევით ცდილობს, ყველას დასანახად დააფიქსიროს მისი, როგორც „მაჩოს“ უპირატესობა უცხოელ პოლიტიკოსებთან შედარებით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პუტინის ერთ-ერთი შეხვედრა.
პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამოსაუბრის არც ასაკს და არც სტატუსს, რაც კარგად ჩანს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის ამსახველ ფოტოზეც. რუსეთის მბრძანებლის დამამცირებელ „არადიპლომატიურ პოზებს“ ვერც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი გადაურჩა.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ვლადიმერ პუტინმა ლათინურ ამერიკაში ყველაზე ერთგულ მოკავშირეს, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს, დღეს კი ტრამპის პირად პატიმარ ნიკოლას მადუროსაც იგივე „საჩუქარი“ მოუმზადა.

ნიკოლას მადუროსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2015 წლის 15 იანვარს
მაშინ მადურომ პუტინს შესჩივლა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მცდელობით, ერთი ბარელი (დაახლოებით, 159 ლიტრი) ნავთობის მსოფლიო ფასი 70 დოლარი გახდა, რაც ნამდვილი უსამართლობაა და იქნებ ერთად ვეცადოთ, რომ ფასი 100 დოლარი გახდესო. ასეა: უყვართ დიქტატორებს სხვის ხარჯზე გამდიდრება. ამ ყაჩაღური ჩანაფიქრის განხორციელება ერთს არ დასცალდა, მეორეს რიგიც მალე მოვა.
ნათქვამია „ცუდი მაგალითი გადამდებიაო“ და პუტინის ახლო სამეზობლოში გამოჩნდა მეორე „მაჩო“,

პატარა და დიდი „მაჩო“: ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი
რომელიც უკვე აღარ ეპუება „ჩრდილოეთის მბრძანებლის“ დიპლომატიურ ხუშტურებს. პირიქით, მალე შესაძლოა გადაასწროს კიდეც.
პუტინის კიდევ ერთი გამორჩეული „დიპლომატიური იარაღი“ და “პროვოკაციული მოქმედება” ეს არის ოფიციალურ შეხვედრაზე დაგვიანება, რაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. ის ყველას ალოდინებდა: რომის პაპს და ამერიკის პრეზიდენტებს, ბრიტანეთის დედოფალს, შვედეთისა და ესპანეთის მეფეებს. 2021 წლის 11 იანვარს ახალარჩეულმა აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯო ბაიდენმა პროფესიონალი დიპლომატი უილიამ ბერნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. 2005-2008 წლებში ბერნსი აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში და მრავალჯერ შეხვედრია პუტინს. 2019 წელს კი თავისი დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ მან ძალზე საინტერესო მემუარები („უჩინარი ძალა, როგორ მუშაობს ამერიკის დიპლომატია“) გამოაქვეყნა. ბერნსი მემუარებში იხსენებს, რომ 2006 წლის 21 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავად ბერნსი ორ საათს ელოდნენ, როდის ინებებდა პუტინი მათ მიღებას. მემუარებში ბერნსი საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ის წერს, რომ პუტინს ხმის ტემბრისა და ინტონაციის, სკამზე “გაშხლართული” ჯდომის და სახის მიმიკის წინასწარ დამუშავებული მთელი არსენალი აქვს და იმისდა მიხედვით ცვლის, თუ რა დამოკიდებულება უნდა გამოხატოს თანამოსაუბრის მიმართ. ასევე, იგი ხშირად იყენებს “სტალინის მეთოდს“ - თვალებში ჩაშტერებით მოსაუბრის დაბნევის მცდელობას. თუ საუბრის თემას უნდა გვერდი აუაროს, სახეზე მოწყენილობა დაეტყობა. თუ ვინმე ეკამათება, პუტინი ძალზე აგრესიული და “მწარე” ხდება, ხოლო თუ თანამოსაუბრის დარწმუნება სურს, მას სიტყვის თქმასაც არ დააცდის და შეუძლია, ერთსაათიანი მონოლოგით მწყობრიდან გამოიყვანოს ის. უცნობია, ეს დაკვირვება თავად ბერნსს ეკუთვნის თუ ცსს-ს “სამხრეებიანი ფსიქოლოგების” შედგენილია.
(მეორე ნაწილის დასასრული)