ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას შუამდგომლობდნენ. ისინი მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, ელისაშვილმა შუშა ჩაამტვრია, რომლის ღირებულებაც 110 ლარს შეადგენს და ახლა პროკურატურა ცდილობს ამის ტერაქტის მცდელობად წარმოაჩინოს. ჩოფიკაშვილის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ელისაშვილს მეზობელ ქვეყანაში[რუსეთი] 6 წელი აქვს მისჯილი, იმისთვის, რომ უკრაინელებს დაეხმარა.
ალეკო ელისაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებამდე, მოსამართლემ ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
IPN