"ალეკო ელისაშვილი შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით - სიცრუეა, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები" - პენიტენციური სამსახური - კვირის პალიტრა

"ალეკო ელისაშვილი შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით - სიცრუეა, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები" - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

უწყების განმარტებით, აღნიშნული განცხადებები პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.

ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.

2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.

IPN

გააგრძელეთ კითხვა