ტრამპი აითოლას რეჟიმის ობიექტებს დაბომბავს, ირანი რაკეტების გაშვებით უპასუხებს და შემდეგ...? - კვირის პალიტრა

ტრამპი აითოლას რეჟიმის ობიექტებს დაბომბავს, ირანი რაკეტების გაშვებით უპასუხებს და შემდეგ...?

„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები!!! შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. ყველა შეხვედრა გავაუქმე ირანელ ოფიციალურ პირებთან, სანამ დემონსტრანტების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია“...

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ დაწერა, რითაც ხაზი გადაუსვა თავისივე გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ირანის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კულუარული მოლაპარაკებები დაიწყო თეთრ სახლთან და ოფიციალურ თეირანს შეიძლება შეეწყვიტა თავისივე მოქალაქეების მასიური დახვრეტა ქუჩებში...

სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალისტებმა შესძლეს ირანის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაებლოკათ ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ტერმინალების მუშაობა,გახდა იმის მიზეზი, რომ დასავლეთმა ვეღარ მიიღო იმის ვიდეოკადრები, თუ როგორ დაუნდობლად მასიურად ესვრიან ავტომატებიდან ირანის ქალაქებში გამოსულ დემონსტრანტებს...

შესაბამისად, დასავლეთის სპეცსამსახურებს გაუჭირდათ მსოფლიოში მასობრივი დიდი უარყოფითი მუხტის ოპერატიულად აგორება აითოლას რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე-თავად ირანელი ჩინოვნიკებიც კი აღიარებენ, რომ უკვე მოკლულია 2 ათასამდე ადამიანი (მათ შორის მცირე ნაწილი ირანის ძალოვანი სტრუქტურენის წარმომადაენელები, არიან, რომლებსაც ასევე არ ინდობენ დემონსტრანტები),თუმცა დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს...

ქუჩებში სამდღიანი მასიური დახვრეტებისა და დაჭერების ფონზე,რევოლუციური მუხტი ირანის ქალაქებში ნაწილობრივ ჩაცხრა,ხალხი სახლებში ემალება აითოლების დაუნდობელ რეჟიმს, თუმცა ბევრი მათგანი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ირანის პოლიციასა და სპეცსამსახურებს და მათი თანდათანობით დაკავება მიმდინარეობს,რის შემდეგაც ბევრ დემონსტრანტს ეტყობა ვერ აცდება სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის სახით...

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მოწოდება, იმის თაობაზე, რომ დემონსტრანტები არ შეჩერდნენ, გააგრძელონ სახელისუფლო ინსტიტუტების დაპყრობა და რომ „ამერიკული დახმარება გზაშია“, ორი დღით მაინც არის დაგვიანებული...

და თუკი ტრამპის ბრძანებით უახლოესს საათებში მაინც დაარტყეს ირანს, რა სახის და როგორი შეიძლება იყოს ეს ამერიკული ძალისმიერი ქმედება?

განსხვავებით 2025 წლის 22 ივნისისა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან გამოფრენილმა „სტელსის“ ბომბდამშენებმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს ირანის ბირთვულ ობიექტებს,ამჯერად ამერიკული დაბომბვის სამიზნეში სავარაუდოდ არ აღმოჩნდება ირანის არც ბირთვული და არც სარაკეტო ობიეტქები, რადგან მათი განადგურება ვერაფრით დაეხმარება ქუჩაში გამოსულ ირანელ დემონსტრანტებს.

მათთვის ყველაზე მეტი ფსიქოლოგიური, მორალური და ამასთანავე პრაქტიკული მხარდაჭერა გახდებოდა,თუკი ტრამპის ბომბები და რაკეტები გაანადგურებდნენ აითოლას რეჟიმის დამცველი სტრუქტურების, მათ შორის „ბასიჯისა“ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებს,რასაც მოჰყვებოდა ირანის ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნების ფიზიკური განადგურებაც...

მაგრამ,ღრმა ბუნკერებში მიმალული ირანის ხელისუფლების გადარჩენილი წარმომადგენლები აუცილებლად გასცემენ ბრძანებას ბალისტიკური რაკეტების გაშვებაზე, როგორც ისრაელის ქალაქების მიმართულებით, ისე რეგიონში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ...

ეს კი გამოიწვევს ისრაელის მხრიდან სასტიკ ამოქმედებას, ირანის მასიური დაბომბვისა და დივერსიული აქტების განხორციელების სახით-ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ხომ დღე და რამე იმაზე ოცნებობს,როგორმე ჩამოაგდოს აითოლების 47 წლიანი მმართველობა ირანში...

თუმცა, მარტო სარაკეტო დარტყმების გაცვლა ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუკი დასავლეთის და მათ შორის ისრაელის სპეცსამსახურებმა ვერ შესძლეს დემონსტრანტების დიდი მასის სასწრაფო დაორგანიზება და მათი გამოყენება იმ „სახმელეთო ძალად“, რომელიც ადგილებზე დაამხობს აითოლების რეჟიმის ადგილობრივ ინსტიტუტებს, ამ „სახმელეთო ძალას“ კი აშშ-სა და ისრაელის დიდი საჰაერო მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს...