ვინ და რატომ სთხოვს ტრამპს ირანის დაბომბვის დროებით გადავადებას - ერთ-ერთი მათგანი ისრაელია?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ სთხოვს ტრამპს ირანის დაბომბვის დროებით გადავადებას - ერთ-ერთი მათგანი ისრაელია?!

ვინ და რატომ სთხოვს ტრამპს ირანის დაბომბვის დროებით გადავადებას?

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ კი მოუწოდა ირანელ დემონსტრანტებს, რომ გააგრძელონ აქტიური მოქმედებები და ახალ-ახალი სახელმწიფო შენობები დაიკავონ და თანაც დააიმედა, რომ „ძლიერი დახმარება უკვე გზაშია“...

თუმცა საქმე არც თუ ასე მარტივადაა...

როგორც ირკვევა, არაბული სამყაროს არანაკლებ სამი ქვეყანა - საუდის არაბეთი, კატარი და ომანი არაოფიციალურად სთხოვენ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ამერიკამ არ მიიტანოს საჰაერო იერიშები ირანის ობიექტებზე, რადგან ეს ძალიან არასასურველ შედეგს მოიტანს და, პირველ რიგში, თავად ამერიკისთვისო...

რას გულისხმობენ ამ არასასურველ შედეგებში სპარსეთის ყურის ეს, ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები?

პირველ რიგში, ნედლი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრ გაზრდას, რაც სერიოზულ გამოცდად გადაიქცევა ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვისო...

თუმცა ომების დაწყება აქამდეც არ შეუჩერებია იმის შიშს, რომ ნავთობი და, შესაბამისად, ბენზინი და დიზელის საწვავი, მკვეთრად გაძვირდებოდა - მსოფლიო ბაზარი შემდეგ თავად არეგულირებს ამ ფასებს.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ტრამპის ბრძანებით ვენესუელის პრეზიდენტი მადურო მოიტაცეს, ასევე, ბევრი პროგნოზირებდა ნედლ ნავთობზე ფასის ავარდნას, მაგრამ ასე არ მოხდა და თუკი აშშ-მა დაარეგულირა ვენესუელის მძიმე ნავთობის ოპერატიული გაყიდვის მექანიზმი (რაც აქამდე ვენესუელისთვის მოშლილი იყო, თუნდაც ამერიკული სანქციების გამო), ნავთობის ფასი პირიქით - უნდა შემცირდეს...

მაგრამ ირკვევა, რომ სპარსეთის ყურის ამ სამი ქვეყნის გარდა, თურმე, ტრამპს... თვით ისრაელიც კი სთხოვს ირანზე საჰაერო დარტყმების დროებით გადადებას...

ეს ნონსენსად მოჩანს, იმის ფონზე, რომ თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არწმუნებდა გასული წლის ზაფხულში ტრამპს, რომ ერთი ამერიკული დაბომბვა საკმარისი არ გახლდათ და პენტაგონს უნდა გაეგრძელებინა საჰაერო დარტყმების სერია, ირანული ბირთვული და სარაკეტო ობიექტების სრულ განადგურებამდე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი იქნებ აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის კრახში გადაზრდილიყო...

და ახლა, როდესაც მართლაც შეიქმნა ის ნიადაგი, რომ აიათოლების ხელისუფლება დაემხოს, იგივე ისრაელი ამერიკელებს სთხოვს, დროებით მოითმინონ ირანის სახელისუფლებო ობიექტების დაბომბვა?

საქმე ის არის, რომ ისრაელს კვლავ სურს ხელისუფლების შეცვლა ირანში, ოღონდ ისრაელის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული მდგომარეობა იმისთვის, რომ ტრამპის დაბომბვები ირანელ დემოსტრანტებს აიათოლების ჩამოგდებაში წარმატებულად დაეხმაროს...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი აითოლას რეჟიმის ობიექტებს დაბომბავს, ირანი რაკეტების გაშვებით უპასუხებს და შემდეგ...?

"ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან ამიფეთქდა" - რა ზესაიდუმლო იარაღი გამოიყენეს ტრამპის სპეცრაზმელებმა, რომ მადუროს დაცვა საკუთარ პრეზიდენტს ვერ გადაეფარა?!

ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო...

რუსეთმა 19 გენერალი დაკარგა უკრაინასთან ომში...

ამასთან, ისრაელი შიშობს და - არცთუ უსაფუძვლოდ, რომ პირველი ამერიკული ბომბის აფეთქებისთანავე ირანელი გენერლები ბალისტიკური რაკეტების ზალპს სწორედ ისრაელის ქალაქების მიმართულებით განახორციელებენ...

ვიდრე ასეთი კულუარული პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, ირანის ქუჩაში ყოველდღიურად კლავენ დემონსტრანტს (უცხოური მედია სხვადასხვა ციფრებს ასახელებს) და იჭერენ, ხოლო დღეიდან კი დაპატიმრებული დემონსტრანტების სახალხოდ დასჯა-ჩამოხრჩობას იწყებენ...

ტრამპი კი ირანელ დემონსტრანტებს დაპირდა, -თქვენ არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ ქუჩებში, დახმარება უკვე გზაშიაო...