საია: "სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება"
სტრასბურგის სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.
„პირველ საქმეზე, (პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები) საია-მ წერილობითი პოზიცია წარადგინა; მეორე საქმეზე (ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდარღვევები) ევროსასამართლომ ახალი საჩივარი დაარეგისტრირა.
პირველი საქმე (Amaghlobeli v. Georgia, no. 13661/25) ეხება 2025 წლის 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებული და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შემდეგი უფლებების დარღვევას: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-18 მუხლი (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები). აღნიშნულთან დაკავშირებით საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.
2025 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. სახელმწიფომ დარღვევები არ აღიარა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2025 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს ორჯერ.
2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გაკვრის გამო, რა დროსაც მზია ამაღლობელი სარგებლობდა კონსტიტუციითა და კონვენციით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლებით და სოლიდარობას უცხადებდა მიმდინარე აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებულ პირებს. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საია-მ 2025 წლის 17 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელიც სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა და მიანიჭა შესაბამისი ნომერი (no. 36304/25). ეს მზია ამაღლობელის რიგით მეორე საქმეა სტრასბურგის სასამართლოში.
2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ იქნა უკანონოდ დაკავებული სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. ამ საქმეზე წარმოება ეროვნულ დონეზე კვლავ გრძელდება.